“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში ეხმაურება მისი და პარტიის მხარდამჭერების დიალოგის ვიდეოჩანაწერს, რომელიც ტელეკომპანია “იმედმა” 5 თებერვალს გაავრცელა.
გავრცელებულ ჩანაწერში ნიკა მელია სხვადასხვა თემაზე ლაპარაკობს, მათ შორის, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის საკითხზე.
„ბოდიშს ვიხდი უხარისხო ჩანაწერისთვის, მაგრამ ზუსტად იმავეს ახსნას ვცდილობ ყველა შეხვედრაზე, შესაბამისად ჩანაწერის უხარისხობამ რომ არ დაგაბნიოთ, მოკლედ ვიტყვი, დიახ, მე ვიყავი მიშას ჩამოსვლის წინააღმდეგი და ეს მოსაზრება არა მხოლოდ პირად საუბრებში არამედ საჯაროდაც არაერთხელ დამიფიქსირებია. დიახ, მე, ისევე როგორც მიშა, არ ვთვლი, რომ მიშას თავისუფლება არის ერთადერთი იდეა, რომელმაც ხალხი გარეთ უნდა გამოიყვანოს. იდეა, რომელმაც ხალხი უნდა გამოიყვანოს - შეკვეთა რომელიც მოგვცეს და მივიღეთ - არის ცვლილება რომელსაც უნდა მივაღწიოთ, ეს არის უკეთესი საქართველო, იმაზე უკეთესი საქართველო ვიდრე გვქონდა 2003-2012 წლებში და იმაზე ბეეევრად უკეთესი საქართველო, ვიდრე გვაქვს 2012 წლიდან დღემდე”.
მელია წერს, რომ ოპოზიციის გამარჯვებისთვის უკეთესი მუშაობაა საჭირო. ენმ-ის თავმჯდომარის თქმით, იცის, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს დიდი მხარდაჭერა, „თუმცა არასაკმარისი”. მისი სიტყვებით, ბევრად მეტია იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც ცვლილება სურთ.
“იმედის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ჩანაწერი 5 თებერვალს გავიდა. ტელეკომპანია ირწმუნება, რომ ვიდეო, რომელიც მას “მოქალაქემ მიაწოდა”, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოშია გადაღებული.
ჩანაწერი, სავარაუდოდ, ფარულად არის გაკეთებული. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ენმ-ის თავმჯდომარე ეხება, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაა. ჩანაწერში ისმის, რომ მელია მის ჩამოსვლას არ ემხრობა:
„ჩემი პარტნიორული, მეგობრული, კოლეგიალური გაფრთხილება იყო მიშასთვის, ვიცოდი ამერიკელების განწყობა და ევროპელების, ვეუბნებოდი, ხმას არ ამოიღებენ-მეთქი, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, ვიცოდი, რომ უცხოეთი მხარს არ დაუჭერდა”.
ჩანაწერის თანახმადვე, მელია პარტიის ერთ-ერთ მხარდამჭერს მიმართავს:
„ქალბატონო, თქვენს მეზობელს რას ეუბნებით? თქვენს მეზობელს თუ ეუბნებით, რომ შენი და ჩვენი მთავარი იდეა არის “თავისუფლება მიშას”, არ გამოვა”.
ჩანაწერში ასევე ისმის ასეთი ფრაზები:“50 პროცენტი, დღეს რომ ხელისუფლებაში არის ოცნება, არის ჩვენი ბრალი, ჩვენი უსუსურობაც...ჩვენ პირდაპირ ფეხბურთის სათამაშოდ გავდივართ ძლიერ მოწინააღმდეგესთან ისე, რომ არ ვვარჯიშობთ”.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. დაპატიმრების დღიდან სააკაშვილს გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.
2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებითა და 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივად დაშლის გამო. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა.