ჰოლოკოსტის დასაბამთან 8. კეფაში ტყვიიდან მხუთავი აირის მანქანებამდე

1941 წლის 14 აგვისტოს ჰიმლერი სპეციალურად ჩავა მინსკში: მეორე დილით მას დაგეგმილი ჰქონდა „პარტიზანებისა და ებრაელების“ დახვრეტის პროცედურის ინსპექტირება. რაიხსფიურერს თან ახლდნენ Einsatzgruppe B-ს მეთაური არტურ ნებე და ერიხ ფონ დემ ბახ-ზელევსკი, ჰიმლერის მარჯვენა ხელი ბელორუსიაში. ჰიმლერისათვის ეს იყო ძალზე მნიშვნელოვანი პროფესიონალური მისია - საჭირო იყო გაერკვია მეთოდის ეფექტიანობა და მომავალში მისი მასობრივად გამოყენების მიზანშეწონილობა. 15 აგვისტოს, მინსკის გარეუბანში, პოლიციის დანაყოფების და აინზაცკომანდოს რვა-ათ კაციანი რაზმები, რიგრიგობით დახვრეტენ ებრაელებს, მათ შორის ქალებს. ეს ხოცვა-ჟლეტა ფირზეც კი იქნება გადაღებული (ჰიმლერის სამსახურებრივი უბის კალენდრიდან ცნობილია, რომ 19 ნოემბერს რაიხსფიურერი ნახავს „მინსკის ფილმს“). ჯალათების ერთ-ერთი რაზმის მეთაური ომის შემდეგ იხსენებდა, თუ როგორი ინტერესით აკვირდებოდა ჰიმლერი დახვრეტის პროცედურას, როგორ მიუახლოვდება თხრილს, სადაც გვამები ეყარა, როგორ შეამჩნევს ერთ-ერთ მოკანკალე სხეულს და უბრძანებს იქვე მდგომ ლეიტენანტს „საქმის მოთავებას“.

ხოცვა-ჟლეტის შემდეგ ჰიმლერი სიტყვით მიმართავს დამხვრეტი რაზმების წევრებს: აღიარებს რა, რომ მათთვის „ეს მისია ძალზედ ძნელი“ იყო, რაიხსფიურერი დაამატებს, რომ იგი „იდეოლოგიური ომის“ აუცილებელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა.

თუმდა, ამ ხოცვა-ჟლეტაში უკვე გამობრძმედილ ბახ-ზელევსკის, ცოტა განსხვავებული აზრი ჰქონდა: „თვალებში ჩახედე ამ რაზმის წევრებს! ხედავ, რა ღრმად არიან შეძრულნი! ესენი სიცოცხლის ბოლომდე მოსპობილი არიან. რა სახის მიმდევრებს ვამზადებთ ჩვენ აქ? ან ნევროტიკებს, ან ველურებს!“ - გაუზიარებს თავის ტკივილს რაიხსფიურერს.

ჯალათების ფსიქიკური მდგომარეობის გარდა კიდევ სხვა პრობლემა წამოიჭრება წინა პლანზე: რაიხის უსაფრთხოების სამსახური იტყობინებოდა, რომ გერმანელი ჯარისკაცები მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტის აქციებს წერილებში აღწერდნენ, ფოტოაპარატზე აღბეჭდავდნენ და ოჯახებში აგზავნიდნენ. ამგვარად, ებრაული მოსახლეობის განადგურება პოლიშინელის საიდუმლო ხდებოდა, რაც ნაცისტი ლიდერებისთვის დაუშვებელი იყო.

ამასთან, ჰიმლერი ხვდებოდა, რომ „ებრაელობის საბოლოო პრობლემის“ გადასაწყვეტად საჭირო იყო უფრო ეფექტიანი და თან უფრო საიდუმლო გზის მონახვა. ბახ-ზელევსკი ჰიმლერს შესთავაზებს ევთანაზიის პროგრამის გაცოცხლებას (რომლის საშუალებითაც 70 000-მდე ფიზიკურად და გონებრივად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იქნა ლიკვიდირებული გერმანიაში). არტურ ნებე ალტერნატიული წინადადებით გამოვა: ებრაელები ყუმბარებით ან დინამიტით დაეხოცათ.

ჰიმლერი ჩათვლის, რომ ორივე მეთოდის გამოცდა იყო საჭირო. ამ მიზნით, იმავე დღეს რაიხსფიურერი მოინახულებს მინსკის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს, სადაც გადაწყდება ორივე მეთოდის აპრობირება. მალე ბახ-ზელევსკი და არტურ ნებე ექსპერიმენტს ჩაატარებენ: პაციენტების ნაწილი მხუთავი გაზით, ნაწილი კი ყუმბარებით იქნება განადგურებული. ვინაიდან ფეთქებადი ნივთიერებით განადგურება შემზარავ სურათს დატოვებს ჯალათების წინაშე (მიმოფანტული სხეულის კიდურები და ა.შ.), იგი არაეფექტიანად ჩაითვლება.

ჰიმლერის მინსკში ვიზიტიდან ერთი თვის თავზე, ბელორუსიის დედაქალაქში ჩავა ევთანაზიის ერთ-ერთი მთავარი სპეციალისტი, რომელიც ბახ-ზელევსკის და არტურ ნებეს დაეხმარება პრიმიტიულ ტექნოლოგიურ პროცესში, რომლის საშუალებითაც დალუქულ სივრცეში ნახშირბადის მონოოქსიდს უშვებდნენ და ამგვარად გუდავდნენ ხალხს. მობილურობის გაზრდის მიზნით, ნაცისტები ასევე დაიწყებენ სატვირთოების გადაკეთებას მხუთავ აირიან სიკვდილის მანქანებად. პარალელურად, აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში დაიწყებენ Zyklon B-ს ეფექტიანობის გამოცდას საბჭოთა ტყვეებზე.

შოას გზაზე დამდგარ ამ „ტექნოლოგიურ პროგრესს“ თან სდევდა შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებები. სექტემბრის შუა რიცხვებში წითელი არმიის არნახული მარცხი კიევში (ყველაზე დიდი 22 ივნისის შემდეგ) ცვლილებას შეიტანს ჰიტლერის ანტიებრაულ პოლიტიკაში. ჯერ კიდევ 1941 წლის აგვისტოში ჰიტლერი ამტკიცებდა, რომ მესამე რაიხიდან ებრაელების აღმოსავლეთით (პოლონეთი-ბალტიისპირეთი-სსრკ) დეპორტაცია მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი. მაგრამ გერმანელების არნახული გამარჯვება კიევში - 43 განადგურებული დივიზია, 650 000 დატყვევებული წითელარმიელი - ჰიტლერის გეგმებს კარდინალურად შეცვლის. ჰიმლერი და ჰიტლერი გადაწყვეტენ, დასავლეთიდან აღმოსავლეთით ებრაელების გადასახლება დაიწყონ „ხელთარსებული ტრანსპორტისა და ბანაკების შესაბამისად“. ეს ნიშნავდა, რომ საბჭოთა და პოლონელი ებრაელების შემდეგ უკვე რაიხის ებრაელების ჯერი დგებოდა...

ასევე ნახეთ ჰოლოკოსტის დასაბამთან (1). ხსოვნა vs ისტორია
ასევე ნახეთ ჰოლოკოსტის დასაბამთან (2). ჰიტლერი და „ებრაული საკითხი“
ასევე ნახეთ ჰოლოკოსტის დასაბამთან (3). შოა და „ბარბაროსას ბრძანება“
ასევე ნახეთ ჰოლოკოსტის დასაბამთან (4). შოა და ვერმახტი
ასევე ნახეთ ჰოლოკოსტის დასაბამთან (5). შოა და ნკვდ-ს ტერორი
ასევე ნახეთ ჰოლოკოსტის დასაბამთან (6). შოა და აინზაცჯგუფები
ასევე ნახეთ ჰოლოკოსტის დასაბამთან (7). შოა და ფეგელაინის შავი მხედრები