Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოლოკოსტის დასაბამთან (7). შოა და ფეგელაინის შავი მხედრები


1933 წელს 26 წლის ჰერმან ფეგელაინი ნაცისტურ პარტიაში გაწევრიანდება. მამამისი იოჰანი, მიუნხენის მახლობლად მდებარე ფერმისა და საცხენოსნო სკოლის მფლობელი, დოღის მოყვარულ ჰაინრიხ ჰიმლერთან მეგობრობდა. ჰიმლერი მალე ფეგელაინების ფერმაში დააარსებს SS-ის საცხენოსნო სკოლას. სპორტული თვისებებით და ქარიზმით დაჯილდოებული ჰერმან ფეგელაინი სწრაფად გახდება SS-ის ნომერი პირველი მხედარი. მალე ჰიმლერი შექმნის SS-ის პირველ კავალერისტთა პოლკს და მას ფეგელაინს ჩააბარებს. ფეგელაინის პოლკი, ინტეგრირებული Waffen-SS-ში, 1939 წელს მონაწილეობას მიიღებს პოლონურ კამპანიაში და თავს გამოიჩენს პოლონეთის ელიტისა თუ ებრაული თემის ათასი წარმომადგენლის დახვრეტაში ვარშავის მახლობლად, ტყეში.

შედეგით კმაყოფილი ჰიმლერი საშუალებას მისცემს ფეგელაინს, შექმნას მეორე პოლკი. ორი პოლკი, მალევე ბრიგადად ჩამოყალიბებული, 1941 წლის 24 ივნისს საბჭოთა კავშირში შეიჭრება.

1941 წლის 5 ივლისს, როდესაც ჰიმლერი ფეგელაინის ქვედანაყოფის შესამოწმებლად მივა, რაიხსფიურერი გააფრთხილებს თავის მხედრებს „რთულ დღეებსა და მძიმე მისიებზე“, რომლებიც მათ ელოდათ. ჰიმლერი ისაუბრებს ოპერაციაზე, რომელიც მიზნად ისახავდა პრიპეტის ჭაობების „გასუფთავებას“, სადაც, ჰიმლერის მტკიცებით, ებრაელობა მოსახლეობის 80%-ს შეადგენდა (ჰიმლერს, სინამდვილეში, ოდნავი წარმოდგენაც არ ჰქონდა ბელორუსიასა და უკრაინას შორის მდებარე ამ ტერიტორიის ეთნიკურ შემადგენლობაზე, სადაც პატარა სოფლებში გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ უკრაინელები, ბელორუსები, პოლონელები, რუთენები და ებრაელები). სიტყვის ბოლოს ჰიმლერი ხაზს გაუსვამს, რომ ნებისმიერ მხედარს, რომელიც თავს ვერ გაართმევდა ამ ძნელ მისიას, მოუწევდა ფეგელაინის ელიტური ბრიგადის დატოვება.

ჰიმლერი ერთადერთი არ იყო, ვინც პრიპეტის ჭაობებს მოჯადოებულ ადგილად მიიჩნევდა. კამპანიის პირველივე დღიდან ვერმახტის გენერალი მაქს ფონ შენკენდორფი, არმიათა ჯგუფ „ცენტრის“ ზურგის მეთაური, SS-ისგან პრიპეტის ჭაობების „გაწმენდას“ მოითხოვს. ჰიმლერისთვის, ისევე როგორც ფონ შენკენდორფისთვის, ფეგელაინის ცხენოსნები შეძლებდნენ იქ შესვლას, სადაც აინზაცჯგუფების სატვირთო მანქანებისთვის გზა ფიზიკურად გაუვალი იყო. ჰიმლერის ბრძანება ჭაობის ტერიტორიის „ბოროტმოქმედთა და პარტიზანთაგან გაწმენდის შესახებ“ კარგად გვიჩვენებს, თუ რამდენად იყო პრიპეტი ნაცისტური ფობიების პროექციის ადგილი: „თუ მოსახლეობა, ეროვნული თვალსაზრისით, არის მტრულად განწყობილი, რასობრივად ქვეადამიანია, ან, როგორც ეს ხშირად ხდება ჭაობიან ადგილებში, ბოროტმოქმედებით არის დასახლებული, ყველა მათგანი და ასევე მათი მხარდამჭერი და მათ დახმარებაში ეჭვმიტანილი უნდა დაიხვრიტოს. ქალები და ბავშვები გაძევებულ უნდა იქნენ (…). სოფლები უნდა დაიწვას“.

„ბოროტმოქმედებში“ და „პარტიზანებში“ უპირველეს ყოვლისა იგულისხმებოდა ებრაელი სამოქალაქო მამრობითი მოსახლეობა, რაც ნაცისტებისთვის, აპრიორულად სამხედრო საფრთხეს წარმოადგენდა.

28 ივლისს ფეგელაინის ორი საკავალერიო პოლკი ჩრდილოეთიდან მიადგება პრიპეტის ჭაობებს. სამ დღეში ფეგელაინის ცხენოსნები დახვრეტენ დაახლოებით 1000 მამაკაცს: ებრაელებს, კომუნისტებსა და წითელი არმიის გზააბნეულ სამხედროებს.

1 აგვისტოს ჰიმლერი ფეგელაინს დეპეშას გაუგზავნის. დეპეშაში მოკლულთა რიცხვს ჰიმლერი „უმნიშვნელოს“ უწოდებს და ფეგელაინს „რადიკალური ქმედებებისკენ“ მოუწოდებს: „აუცილებელია, - დაწერს რაიხსფიურერი, „თოთხმეტი წელზე უფროსი ყველა ებრაელი მამაკაცის მოკვლა და ქალებისა და ბავშვების ჭაობებში გარეკვა“. ჰიმლერის ინსტრუქციას გაიმეორებს მომდევნო დღეს რადიოგრამა: „რაიხსფიურერის ბრძანება - ყველა ებრაელი მამაკაცი უნდა დაიხვრიტოს, ხოლო ებრაელი ქალები ჭაობებში გაიხიზნოს“.

სიტყვა-სიტყვით, პირდაპირი გაგებით, ჰიმლერის ბრძანება არ მოითხოვდა ქალებისა და ბავშვების მკვლელობას, თუმცა, ცხადია, რომ ის ამ მიმართულებით უბიძგებს ფეგელაინის მხედრებს. ბრძანების გამიზნული ბუნდოვანება მალევე წარმოშობს პრაქტიკულ პრობლემას, რომელსაც მე-2 საკავალერიო პოლკის მეთაური ფრანც მაგილი გაუსვამს ხაზს: „ჭაობებში ქალებისა და ბავშვების განდევნის ფაქტს არ მოჰყოლია მოსალოდნელი წარმატება, რადგან ჭაობები მათ დასახრჩობად საკმარისად ღრმა არ აღმოჩნდა“. ფრანც მაგილი არჩევს, „ვერ გაიგოს“ ჰიმლერის მინიშნება და ერთი თვის განმავლობაში გააგრძელებს მხოლოდ მამაკაცების დახვრეტას. თავის მხრივ, მისი კოლეგა გუსტავ ლომბარდი, 1-ელი პოლკის მეთაური, მორიგ ტაბუს გადალახავს: ფეგელაინის კურთხევით 2 აგვისტოდან, განურჩევლად ასაკისა და სქესისა, მთლიანად გაანადგურებს ხომსკის, მოტოლისა და ტელეხანის ებრაულ თემებს. აგვისტოს დასაწყისის ხოცვა-ჟლეტის ეს სერია მიუთითებს, რომ ებრაელების განადგურება - ჯერ მხოლოდ ლოკალურად - ახალ საფეხურს მიაღწევს.

„გაწმენდს“ რა აგვისტოში 8000 კმ2-ს (ასამდე სოფელსა და ქალაქ პინსკს) 21 600 – 27 000 ებრაელისგან, ფეგელაინი გამოჩენილი ინიციატივისთვის ჰიმლერის ხოტბა-დიდებას დაიმსახურებს.

განსხვავებით სტალინიზმის რეპრესიული მანქანისა (სადაც პირადად სტალინი წყვეტდა ყოველი მსხვერპლის ბედს), ნაცისტური რეჟიმი არ მოქმედებდა მოწესრიგებული, წერილობითი და მკაცრი იერარქიის ძველი პრუსიული მეთოდით. ის ითვალისწინებდა როგორც ცენტრიდანულ, ასევე ცენტრისკენულ დინამიკას: ცენტრი არა მარტო იძლეოდა ზოგად დავალებას და პერიფერია იღებდა შესაბამის ზომებს, არამედ ცენტრი ასევე რეაგირებდა პერიფერიის ინიციატივებზე, მისი შესაბამისი წახალისებით ან შეზღუდვით. ძალიან მალე, ჯერ ბელორუსიაში, შემდეგ კი უკრაინასა და ბალტიის ქვეყნებში მოქმედი აინზაცჯგუფები გადმოიტანენ ფეგელაინის modus operandi-ს თავთავიანთ არეალებში. როგორც ლომბარდი და ფეგელაინი, ისინიც ასევე ფართო ინტერპრეტაციას გაუკეთებენ ბრძანებას, რომელიც მათგან ითხოვდა „შეიარაღებული ბანდების, სნაიპერების, ებრაელებისა და ბოლშევიკური რეჟიმის ხელშემწყობი პირების“ განადგურებას. ექვს თვეში Kommandostab Reichsführer-SS და მისი ორი ბრიგადა მოკლავენ 85 000 მშვიდობიან მოქალაქეს, ძირითადად ებრაელებს და 25 000 სამხედრო ტყვეს.

რაც შეეხება ჰერმან ფეგელაინს, ომის დასასრულს SS-ის ეს „პლეიბოი“ მოახერხებს ევა ბრაუნის დაზე დაქორწინებას და, ამგვარად, ჰიტლერის ვიწრო წრეში შეღწევას. ჰიტლერის ბრძანებით, მას მისივე კოლეგები SS-დან დახვრეტენ 1945 წლის 29 აპრილს. ჰიტლერის კანონიერ ქვისლად გახდომამდე მას სულ რამდენიმე საათი დააკლდება...

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG