1941 წლის 30 მარტს, დილის 10:30 საათზე, გენერალთა დიდი ჯგუფი, მათ შორის ათამდე ფელდმარშალი, ვილჰელმშტრასედან შევა რაიხის კანცელარიის ცენტრალურ ეზოში. 1939 წლის 22 აგვისტოს მერე (შეკრება პოლონეთის კამპანიისთვის) ამდენი უმაღლესი რანგის ოფიცერი არასდროს ყოფილა დაბარებული ფიურერთან. მიწვეულებს ესმოდათ, რომ მათთვის მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდებოდა. შევლენ რა რაიხის კანცელარიაში მთავარი შესასვლელიდან, რომელსაც არნო ბრეკერის ორი ქანდაკება - ვერმახტი და ნაცისტური პარტია - „იცავდა“, გენერლების ჯგუფი გადაკვეთს 146 მეტრის სიგრძის მარმარილოს გალერეას და დიდ მისაღებ დარბაზში განთავსდება.
აქ იყო შეკრებილი ექვსწლიან ომში (პირველი მსოფლიო ომის ჩათვლით) გამობრძმედილი ვერმახტის ელიტა: ასამდე კაცი, განლაგებული მაგიდის გარშემო წოდებისა და ღირსების მიხედვით. დილის 11 საათზე დარბაზის კარი გაიღება და გამოჩნდება ფიურერი. გამოჩენისთანავე, ჰიტლერი წარმოთქვამს სიტყვას, რომელიც პაუზის გარეშე ორსაათნახევარი გაგრძელდება. შუადღის დაახლოებით 13:30-ზე, სიტყვის დამთავრებისას, ჰიტლერი ისე დატოვებს დარბაზს, რომ გენერლებს არც კი ექნებათ შესაძლებლობა კითხვები დასვან ან საკუთარი შენიშვნები გამოხატონ.
ჩვენ საკმაოდ ზუსტად ვიცით ჰიტლერის სიტყვის შინაარსი სამი მოწმის - ფრანც ჰალდერის, ფელდმარშალ ფონ ბოკის და გენერალ ჰოთის - ჩანაწერებიდან. აი, მცირე ამონარიდი ჰალდერისა და ჰოთის ტექსტებიდან:
ჰალდერი: „კოლონიური ამოცანები! სამყაროს ორ ხედვას შორის ბრძოლა. (...) ეს იქნება განადგურების ომი. თუ ასე არ დავინახეთ, მიუხედავად მტრის დამარცხებისა, ოცდაათი წლის შემდეგ ისევ კომუნისტი აღმოცენდება ჩვენ პირისპირ. (...) ბოლშევიკი კომისრებისა და კომუნისტური ინტელიგენციის განადგურება. ახალი სახელმწიფოები (რუსეთის განადგურების შემდეგ) სოციალისტური იქნებიან, მაგრამ საკუთარი ინტელიგენციის გარეშე. თავიდან უნდა იქნეს აცილებული ახალი ინტელიგენციის ჩამოყალიბება. საკმარისია პრიმიტიული სოციალისტური ფენა. [...] სამხედრო ტრიბუნალი მიუღებელია. მეთაურებმა უნდა იცოდნენ, თუ რა დგას სასწორზე, მათ უნდა წარმართონ ეს ბრძოლა. ჯარებმა უნდა დაიცვან თავი იმავე მეთოდებით, როგორც მათი მოწინააღმდეგე კომისრები და გპუ-ს ბოროტმოქმედები იცავენ. (...) ბრძოლა ძალიან განსხვავებული იქნება იმისგან, რაც იყო დასავლეთში. აღმოსავლეთში დღევანდელი სიმკაცრე ხვალინდელი წყალობაა. მეთაურებმა უნდა გვერდზე გადადონ სინდისის ქეჯნა...“
ჰოთი: „არავითარი სამხედრო ტრიბუნალი, ჯარებმა ისინი ადგილზე უნდა გაანადგურონ. ზურგში არ გააგზავნოთ [კომისრები და ებრაელი სამხედროები]“.
ჰოთის ჩანაწერების მიხედვით, სამხედრო ტრიბუნალებთან დაკავშირებით ჰიტლერი გაიხსენებს პოლონეთთან ომის დროს მაიორ ჰერმან მიულერ-იონის (პოლკის ორკესტრის დირიჟორი), ინციდნეტს. რა მოხდა ასეთი ამ პატარა მაიორის გარშემო, რომ ფიურერი მისი საქმის ფელდმარშლების წინაშე ხსენებას ჩათვლის საჭიროდ? 1939 წლის 19 სექტემბერს ბლონიში, ვარშავის მახლობლად, SS Leibstandarte-ს პოლკის მუსიკოსი ჰერმან მიულერ-იონი საკუთარი ინიციატივით, უმიზეზოდ, დახვრეტს 50 ებრაელ მშვიდობიან მოქალაქეს. 29-ე მოტორიზებული დივიზიის მეთაურის მიერ დაპატიმრებული მკვლელი გააპროტესტებს დაპატიმრებას და უდანაშაულო ებრაელების მკვლელობას SS-ის შეფ ჰიმლერის ბრძანებებით გაამართლებს. როგორც კორპუსის მეთაური ჰოთი, ისე მე-10 არმიის სარდალი რაიხენაუ, შეახსენებენ სამხედრო ტრიბუნალს, რომ SS-ის ნაწილები არმიის უფლებამოსილებას ექვემდებარებიან, რომ უნდა დაემორჩილონ სამხედრო სამართლის კოდექსს და ვერავითარი აპელაცია SS-ის შეფზე მკვლელს ვერ გაათავისუფლებდა პასუხისგებიდან. ბერლინის ციხეში გადაყვანილი მიულერ-იონი დახმარებას Leibstandarte-ს მეთაურ და ჰიტლერის ძველ თანამებრძოლ ზეპ დიტრიხს სთხოვს. საბოლოოდ (ეჭვგარეშეა, ფიურერის შუამავლობით) ვერმახტის მხედართმთავრობა მიულერ-იონს მოუხსნის ყველა ბრალდებას და შეწყვეტს მის წინაააღმდეგ სამართალწარმოებას. ჰერმან მიულერ-იონი ციხიდან განთავისუფლებულ იქნება.
1941 წლის 30 მარტს რაიხის კანცელარიის სხდომაზე მიულერ-იონის ინციდენტის შეხსენებით ყველა ოფიცერი მშვენივრად გაიგებს ჰიტლერის გზავნილს: სსრკ-ში აღარ იქნება SS-ის ვერმახტზე დაქვემდებარება, აღარ იქნება სამხედრო სასამართლოები, აღარ იქნება არც წესები და არც კანონები - 50, 500 ან 5000 ებრაელის დახვრეტა აღარავის აქცევს დამნაშავედ.
ჰიტლერის ეს რიტორიკა პრაქტიკულ განსახიერებას ნახავს სამხედრო ტრიბუნალების შესახებ ბრძანებაში, რომელსაც მხედართმთავრობა ფიურერის სახელით გამოსცემს 13 მაისს. ვერმახტისთვის იგი ცნობილი იქნება, როგორც „ბარბაროსას ბრძანება“. ბრძანების პირველ ნაწილში ჩამოთვლილი იყო „კრიმინალური სამოქალაქო პირების წინააღმდეგ გასატარებელი ზომები“, მეორე ნაწილში კი ხაზი იყო გასმული, რომ სამხედრო მოსამსახურე ყველანაირი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებოდა სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის. აი, მცირე ამონარიდი ამ ბრძანებიდან: „საეჭვო ელემენტები (მშვიდობიანი მოსახლეობის - ლ.ო.) დაუყოვნებლივ წარედგინება ოფიცერს. ის გადაწყვეტს იქნენ თუ არა დახვრეტილი. იმ ადგილებში, სადაც ვერმახტზე თავდასხმა მოხდება მუხანათური ან ფარული გზით და როდესაც არ იარსებებს ბოროტმოქმედთა სწრაფი დაპატიმრების პირობები, ბატალიონის მეთაურის დონიდან და მაღლა, პასუხისმგებელი ოფიცერი მიიღებს კოლექტიური პასუხისმგებლობის რეპრესიულ ზომებს. (...) 1. ვერმახტის სამხედრო მოსამსახურის მიერ მტრის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი ფაქტების შემთხვევაში არ არსებობს არანაირი სისხლის სამართლებრივი დევნის ვალდებულება, მაშინაც კი, როდესაც ფაქტებს აქვს სამხედრო დანაშაულის ან გადაცდომის ხასიათი. 2. თუკი ასეთ ფაქტებზე მოგვიწევს მსჯელობა, პროცედურამ უნდა გაითვალისწინოს, რომ 1918 წლის კრახი, გერმანელი ხალხის ტანჯვა და ნაციონალ-სოციალისტური მოძრაობის ბრძოლის დროს დაღუპული უამრავი მსხვერპლი ბოლშევიკური გავლენის შედეგია“.
ზურგის უსაფრთხოებით შეპყრობილი, თავად მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობის ტრადიციის მატარებელი გერმანიის არმია (იხ. სტატია „შოა და ნკვდ-ს ტერორი“), შეისისხლხორცებს რა ნაციონალ-სოციალისტურ გენოციდურ მეთოდებს, გახდება ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური არმია, რაც კი მსოფლიო ისტორიას უნახავს.
ასევე ნახეთ
ჰოლოკოსტის დასაბამთან (1). ხსოვნა vs ისტორიაჰოლოკოსტის დასაბამთან (2). ჰიტლერი და „ებრაული საკითხი“