„სოლიდარობის ქსელმა“ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სოციალური აგენტების გაფიცვა მოლაპარაკებით დასრულდა - სოციალურ აგენტებს ხელფასი 40-60 პროცენტით გაეზრდებათ, ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტით, გაუმჯობესდება დანამატის წესი და აგენტებს სრულად აუნაზღაურდებათ დეკრეტული შვებულება.
1 თებერვლიდან სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე იზრდება.
მათი ხელფასი 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი - 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.
გაზრდილი თანამდებობრივი სარგო სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულ სულ 998 პირს შეეხება.