Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გაფიცულ სოციალურ აგენტებს შეხვდა


ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია გაფიცული სოციალური აგენტების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გაიზრდება დასაქმებული ადამიანების ხელფასი.

კერძოდ, სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 150 ლარით, 250 ლარიდან 400 ლარამდე გაიზარდა. ამდენივე ლარით გაიზარდა უფროსი სოციალური აგენტის ხელფასი, 550-დან 700 ლარამდე. პრესსამსახურის ინფორმაციით, ოჯახებში ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ. ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის თანამშრომლების ხელფასი 40%-დან 60%-მდე გაიზარდება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს და იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს დასაქმებულთა წინაშე დგას. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში აქტიურად გაგრძელდეს სამომავლო საქმიანობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზაციული განვითარება, როგორც დასაქმებულთა, ასევე ბენეფიციართა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემდგომი განვითარების და გაძლიერების გეგმებზე მუშაობა მოლაპარაკების რეჟიმში წარიმართება", - წერია უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სოციალური აგენტები ხელფასების 100 პროცენტით მატებას მოითხოვდნენ - ამ მოთხოვნის მიხედვით, ფიქსირებული ანაზღაურება არა 400, არამედ 500 ლარი უნდა გამხდარიყო. უფროსი სოციალური აგენტის კი არა 700, არამედ 1100 ლარი.

გარდა ამისა, მათი მოთხოვნა იყო სატრანსპორტო დანახარჯების ანაზღაურება, რეგიონებსა და თბილისში დასაქმებული სოციალური აგენტებისთვის ანაზღაურების გათანაბრება, ანაზღაურებადი დეკრეტულ შვებულება და პროფკავშირთან კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა მედიას უთხრეს, რომ ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებულ შეთავაზებას სხვა დასაქმებულებს გააცნობენ.

"გარკვეულ პუნქტებზე შეთანხმება შედგა... ჯერ არ არის გარკვეული ხელფასის რამდენპროცენტიანი მატება იქნება. შევთანხმდით, რომ დღეს და ხვალ ამ საკითხზე შევჯერდებით... დეკრეტულ შვებულებაზე, 15-დღიან სამუშაო რეჟიმზე - რამდენიმე პუნქტის დაკმაყოფილება მოხდა... დანარჩენზე შეთანხმება გრძელდება", - უთხრა მედიას მიხეილ ანთაძემ, საინიციატივო ჯგუფის წევრმა.

XS
SM
MD
LG