გაფიცული სოციალური აგენტების მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქციას მართავენ, ისინი ჯანდაცვის მინისტრთან ზურაბ აზარაშვილთან შეხვედრას, ხელფასის 100%-იან მატებას, სატრანსპორტო დანახარჯების ანაზღაურებას, რეგიონებსა და თბილისში დასაქმებული სოციალური აგენტებისთვის ანაზღაურების გათანაბრებას, ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას და პროფკავშირთან კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას მოითხოვენ.
თბილისის პარალელურად სოცაგენტების საპროტესტო აქცია, იგივე მოთხოვნებით იმართება ბათუმშიც, ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსთან. თბილისში აქციას უერთდებიან აღმოსავლეთ საქართველოდან ჩამოსული გაფიცული სოციალური აგენტებიც.
„ჯანდაცვის სამინისტრო ჩვენს პრობლემებს არ წვეტს სათანადოდ და არ გვეხმაურება, გვინდა ხმა მივაწვდინოთ პრემიერს, რომ საჭირო დონეზე ორმხრივი კომუნიკაცია მოხდეს, რომ ჩვენი პრობლემები გადაიჭრას. 2007 წელს რომ დაუწესდა ხელფასი მაქსიმალური 560 ლარი სოციალურ აგენტს ამ ხელფასის გაორმაგებას ვითხოვთ, რადგან 2007 წლიდან 100%-იანი ინფლაციაა და ეს პრობლემა უნდა აღიაროს ჯანდაცვის სამინისტრომ და უნდა მოგვიგვაროს ეს პრობლემა არა 40 და 60%-იანი ზრდით, არამედ რეალურად. ის რაც მოამატეს ეს არის ხურდა ფული იმასთან შედარებით რაც ჩვენ ყოველდღიული არსებობისთვის გვჭირდება. ვთხოვთ პრემიერ- მინისტრს ჯანდაცვის მინისტრს შეგვხვდნენ და პრობლემა მხოლოდ ჩვენს საკეთილდღეოდ კი არა, ბენეფიციარების საკეთილდღეოდაც გადაწყვიტონ. ჩვენ არ ვითხოვთ ფუფუნებას, ჩვენ ვითხოვთ ჩვენს საბაზისო უფლებას“, - უთხრა სოციალურმა აგენტმა თეა ნარიმანაშვილმა რადიო თავისუფლებას მთავრობის კანცელარიასთან.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურ აგენტებს არც კი ხვდება და ისე იქცევა თითქოს პროტესტი არც არსებობდეს.
"სოლიდარობის ქსელის" იურისტის დავით ომსარაშვილის თქმით, სააგენტო ასე მუშაობას ვერ გააგრძელებს სანამ 400 თანამშრომელია გაფიცული, „სამინისტროს მოუწევს პრობლემების აღიარება. როდემდე აპირებენ ასე თავის ჩარგავს თითქოს არაფერი არ ხდება“,- ამბობს ის.
1 თებერვლიდან სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე იზრდება.
მათი ხელფასი 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი - 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.
სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის თანამშრომლებს ხელფასი 40%-დან 60%-მდე ეზრდებათ. ცვლილების შესახებ დოკუმენტი გასაცნობათ თანამშრომლებს უკვე დაეგზავნათ.
გარზდილი თანამდებობრივი სარგო სოციალური მომსახურების სააგენტოში დაასაქმებულ სულ 998 პირს შეეხება.