ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაფიცულ სოციალური აგენტებს გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია. მისი განცხადებით, ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, სოციალური მომსახურების სააგენტოს 67-ვე ტერიტორიულ ერთეულში სოციალური სერვისების მიწოდება შეუფერხებლად მიმდინარეობს.
მან ილაპარაკა სოციალური აგენტების მოთხოვნებზე სამინისტროს რეაგირების შესახებ. როგორც ბარკალაია აღნიშნავს, უკვე რამდენიმე თვეა აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ამ საკითხზე. მისი თქმით, წინა კვირაში მიღებული გადაწყვეტილებით, სოციალურ აგენტებს შრომის ანაზღაურება თებერვლიდან გაეზრდებათ.
„სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს - 730 პირს (დაბალი და საშუალო რგოლის თანამშრომლები, სპეციალისტები, უფროსი და მთავარი სპეციალისტები) ხელფასი 40%-დან 60%-მდე ეზრდებათ.
რაც შეეხება სოციალურ აგენტებს, ისინი პროგრამის ფარგლებში დასაქმებული თანამშრომლები არიან, რომლებიც კონკრეტულ მიზანს ემსახურებიან - აფასებენ სოციალურად დაუცველ ოჯახებს მათი მოწყვლადობის დადგენის მიზნით, ეს არის სოციალური აგენტების ფუნქცია.
მათი ხელფასი ორ ნაწილადაა დაყოფილი - ერთია ფიქსირებული და მეორე გამომუშავებით ანაზღაურება. სოციალური აგენტისთვის ფიქსირებული ნაწილი 250 ლარია, უფროსი სოციალური აგენტისთვის კი - 550 ლარი. ასევე გამომუშავებით ანაზღაურება თითოეულ დეკლარაციაზე 6 ლარია. მოგეხსენებათ, რომ პანდემიის პერიოდში მორატორიუმია გამოცხადებული, შესაბამისად, სოციალური აგენტები მხოლოდ ფიქსირებულ ხელფასს იღებენ, რადგან ისინი ამ პერიოდის განმავლობაში არ მუშაობენ და მათი საჭიროება არ არის.
მატება ორივე კომპონენტს ეხება. ფიქსირებული ანაზღაურება 250-დან 400 ლარამდე და უფროსი სოციალური აგენტისთვის - 550-დან 700 ლარამდე გაიზრდება. რაც შეეხება გამომუშავებას, ერთი დეკლარაციის შევსება 6 ლარიდან 10 ლარამდე გაიზრდება.
სოციალური მომსახურების სააგენტოს განვითარების და გაძლიერების პროცესში ეს არის პირველი ეტაპი, შემდგომი ეტაპი არის ფინანსური და რესურსული გაძლიერება, ასევე აღსანიშნავია, რომ მუშაობა უკვე დაწყებულია შეფასების მეთოდოლოგიაში ცვლილების კუთხითაც.
ამ ეტაპზე, ის ანაზღაურება, რაც შეთავაზებულია, ვფიქრობთ, ადეკვატურია", - თქვა თამილა ბარკალაიამ.
მინისტრის მოადგილეს მიაჩნია, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობის თვითმიზანი არ არის თანამშრომლებთან დაპირისპირების რეჟიმში ყოფნა. ბარკალაიას შეფასებით, დღეს თანამშრომლებსა და მენეჯმენტს შორის მოლაპარაკების რესურსი არსებობს. „ჩვენ ამ რესურსს აუცილებლად გამოვიყენებთ", - დაამატა მან.
სოციალური აგენტებმა, რომლების ხელფასის გაზრდის მოთხოვნით არიან გაფიცულები, 17 იანვარს ჯანდაცვის სამინისტოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაში საქართველოს მასშტაბით დასაქმებული სოციალური აგენტები მონაწილეობენ.