„ალტ-ინფოს“ - სატელევიზიო არხის - ყოფილმა წამყვანებმა, რომელთა პასუხისმგებლობის საკითხი გამოძიებას 5 ივლისის ძალადობის ღიად წაქეზებისა და ორგანიზების გამო არც კი დაუყენებია, ჯერ კონსერვატიული პარტია დააარსეს, შემდეგ რუს დეპუტატებს თბილისიდან ვირტუალურად დაელაპარაკნენ, ხოლო ახლა მოსკოვში აპირებენ ჩასვლასა და პირადად შეხვედრას. მათი საბოლოო და საჯარო მიზანი საქართველოს რუსეთთან სამხედრო-პოლიტიკური ინტეგრაციაა.
პარალელურად, კრემლის მხარდამჭერები რუსეთში ბევრს ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს რუსეთთან ყოფნის გარდა სხვა აღარაფერი დარჩენიათ და პუტინი ახალი „საბჭოთა კავშირის“ შექმნასაც შეძლებს.
რუსეთის პროპაგანდა ახალ ძალებს იკრებს და სოციალური ქსელების მონიტორინგი აჩვენებს, რომ საქართველოში ძირითადად დასავლეთის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. კრემლის პროპაგანდის ეს სტრატეგია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც არის ასახული.
- რა სურთ და რატომ გააქტიურდნენ პრორუსული ძალები საქართველოში?
- რას ემსახურება რუსეთის უძლეველობის ხატის შექმნა და აქვს თუ არა მოსკოვს შესაბამისი რესურსი?
"საშველად" რუსეთისკენ
„კონსერვატიული პარტიის“ ლოგიკა ასეთია: უკრაინის შემდეგ, რუსეთი საქართველოს შეუტევს და სანამ დროა, საქართველომ საშველად ისევ რუსეთს უნდა მიმართოს. მათი გეგმის თანახმად, სავსებით შესაძლებელია, რომ რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიც დაუბრუნოს, თუკი საქართველო რუსეთის ორბიტაზე გადაბარგდება.
„თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, ამის სანაცვლოდ რუსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობებზე ჩვენ თანახმა ვიქნებით და მათ შორის სამხედრო-უსაფრთხოების კუთხით. ანუ ეს არის ჩვენი ფასი - რისი შეთავაზებაც ჩვენ გვინდა“, - თქვა ზურაბ მახარაძემ 21 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე და იქვე ისიც დასძინა, რომ უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარება მათ ხალხისთვის თავიანთი გეგმის ახსნას გაუადვილებს.
ასევე ნახეთ ჟენევის შეხვედრა: აშშ და რუსეთი ერთმანეთისგან დაშორებული არიან უკრაინის კრიზისის მოგვარების საკითხში„კონსერვატიული მოძრაობის“ გენერალური მდივანი, გიორგი ქარდავა ამბობს, რომ მოსკოვში უახლოეს ხანებში ჩავლენ და „მაღალი დონის შეხვედრას“ გამართავენ რუსეთის როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებასთან; და ვიდრე საბოლოო მიზნისთვის „ხალხის ლეგიტიმაცია“ ექნებათ, ლაპარაკს ჯერ ეკონომიკური და სოციალური საკითხებით დაიწყებენ.
ასეთ საკითხებად სახელდება: ორმხრივი ურთიერთობები; რეგიონში არსებული უკიდურესად დაძაბული მდგომარეობა და გამოსავლის ძებნა; „3+3“ ფორმატის შესახებ კომუნიკაცია; ავიამიმოსვლის აღდგენა; სავაჭრო ურთიერთობების გამარტივება; საოკუპაციო ხაზთან ბორდერიზაციის და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხები.
ასევე ნახეთ ლავროვი საქართველოს რუსეთის მიერ კავკასიაში მხარდაჭერილ „3+3“-ის ფორმატში ჩართვისკენ მოუწოდებსამ ჩამონათვალში რუსეთისთვის დეკლარირებულად აღიარებული ან მისაღებია მხოლოდ ერთი საკითხი - „3+3“-ის ფორმატში საქართველოს ხილვა. ამაზე საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პასუხია არა, თუმცა ამ თემაზე საზოგადოებაში პერიოდულად შეკითხვებიც ჩნდება.
რაც შეეხება, მაგალითად, ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ შეწყვეტილი ავიამიმოსვლის აღდგენას, ამის სანაცვლოდ რუსეთი, უკვე წლებია, საქართველოსგან მეტ კეთილგანწყობასა და მორჩილებას ითხოვს. 21 იანვარს, ამ თემაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ, იგივე გაიმეორა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული პასუხი ასე ჟღერს:
„არაერთხელ აღვნიშნეთ [აკრძალვის] გაუქმების პირობები, ის კარგადაა ცნობილი საქართველოს მხარისთვის. საუბარია საქართველოში ვითარების სტაბილიზაციაზე, რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტასა და ჩვენი მოქალაქეების მიმართ საფრთხის გაქრობაზე. არ შეგვიძლია სანიტარულ- ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის უგულებელყოფაც. რუსეთი იძულებული იყო შემოეღო ხსენებული შეზღუდვები ქართველი რადიკალების ცნობილ პროვოკაციაზე რეაგირებისთვის“.
ასევე ნახეთ ენტონი ბლინკენი: რუსეთი საქართველოში შეიჭრა 2008 წელს, რადგან მოსკოვს მეზობელი სახელმწიფოების მარიონეტებად ქცევა სწადიამანამდე, „ალტ-ინფოს“ ყოფილმა წამყვანებმა, რუსეთთან ყოფნის მსურველ კიდევ არაერთ პირთან ერთად, ონლაინშეხვედრა გამართეს რუსეთის დუმის დეპუტატებთან: კაზბეკ ტაისაევთან („კომუნისტური პარტია“) და არტიომ ტუროვთან („ერთიანი რუსეთი“). ორივე დსთ-ისა და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტიდან არიან.
„კონსერვატორები“ მონდომებით ცდილობდნენ აეხსნათ რუსი დეპუტატებისთვის, თუ როგორ უნდა მოიპოვოს რუსეთმა ქართველების კეთილგანწყობა - მათი სულიერებისა და იდენტობის დაცვით და რომ ასევე - აუცილებელია საზოგადოებაში არსებული შიშის დაფანტვაც, რომ დასავლეთისგან დაშორებულ საქართველოს რუსეთი მაშინვე არ დაიპყრობს.
„კონსერვატორები“ ასწავლიან რუსებს, რომ საქართველოს დახმარებით, მათი ქვეყანა შესაძლოა მიზიდულობის ცენტრადაც იქცეს.
„თუკი საქართველოს მაგალითზე რუსეთი დაამტკიცებს, რომ მისგან მხოლოდ მტრობა კი არ არის ძალიან სახიფათო, არამედ რუსეთთან მეგობრობასაც შეუძლია დაგროვილი პრობლემების გადაწყვეტა, ეს შეიძლება იქცეს გარდამტეხ მომენტად...
ერთპოლუსიანი მსოფლიოს მრავალპოლუსიანად გადაწყობის დროს წარმოიშობა ძალის ცენტრები... ეს არის მიზიდულობის ცენტრი და თუკი საქართველოს მაგალითზე რუსეთი აჩვენებს, რომ ის წარმოადგენს მიზიდულობის ცენტრს ისეთი ქვეყნისთვისაც კი, რომელთანაც ჰქონდა ომი, რომელიც ასოცირდებოდა ამერიკის გლობალიზმისა და ლიბერალიზმის მთავარ პლაცდარმად... ამით რუსეთი საბოლოოდ გააფორმებს საკუთარ თავს მიზიდულობის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად“, - უთხრა რუს დეპუტატებს მახარაძემ.
დუმის დეპუტატების მხრიდან იყო დიალოგის დაპირება, „სიყვარულის ახსნა“, „დიდი საერთო სამშობლოს“ - საბჭოთა კავშირის ტკბილად გახსენება და იმის ხაზგასმაც, რომ კავკასიაში მშვიდობა ვერ დამყარდება რუსეთისა და საქართველოს გარეშე.
„კონსერვატორებმა“ ამაზე ილაპარაკეს და არტიომ ტუროვმაც თქვა, რომ საქართველომ თავის თავზე იწვნია, თუ როგორ ხელყოფს ევროპა „ტრადიციულ ფასეულობებს“, ხოლო რუსეთი ყველგან იცავს მათ.
ასევე ნახეთ „არ ღირს ოკუპაციის დემონიზება“ - რისთვის იბრძვის "ალტ-ინფო"პოლიტიკური პარტიებიდან კრემლთან სასაუბროდ საქართველოდან სხვაც ბევრი ჩასულა და აქაც ბევრი უნახავს, მაგრამ რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი, დიპლომატი გიორგი ბადრიძე მსგავსს ვერაფერს იხსენებს.
ანალიტიკოსის შეფასებით, მათ შორის - 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროსაც, პრორუსული ძალები ხელისუფლებამ წაახალისა.
„პრორუსული ჯგუფები ჩვენ გვყავდა ყველა ხელისუფლების პირობებში, მაგრამ ეს არის პირველი ხელისუფლება, რომლის დროსაც პრორუსულმა ჯგუფებმა ყოველგვარი მორიდების გარეშე გადაწყვიტეს, რომ შესაძლებელია კრემლის ინტერესებით ყოველგვარი შენიღბვის გარეშე მოქმედება. პრორუსული ძალები საქართველოში ასე თავხედურად თავს არასოდეს წარმოაჩენდნენ... ხელისუფლებასთან ერთგვარ ალიანსში არიან ეს ჯგუფები. მათ ის იყენებს ოპოზიციის წინააღმდეგაც და სათანადოდ არ სჯის არაადამიანური მოქმედებების გამო“, - უთხრა ბადრიძემ რადიო თავისუფლებას.
რა (არ) შეუძლია რუსეთს?
პრორუსული ძალები საქართველოში რუსეთის უძლეველობის ხატს ქმნიან და ცდილობენ დაამტკიცონ, რომ საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ რუსეთს შეუძლია.
ასევე ნახეთ რადოსლავ სიკორსკი: „არ ვაპირებთ, რუსეთის ვასალები გავხდეთ“ექსპერტებისთვის კი, სხვა ქვეყნების გახსენებაც კმარა იმის დასადასტურებლად, რომ რუსეთს მხოლოდ წართმევა ეხერხება და მოკავშირეებზეც მხოლოდ მაშინ ფიქრობს, როცა ეს თავად მისთვის არის ხელსაყრელი.
მაგალითებად სახელდება მოლდოვა, ბელარუსი, სომხეთი თუ ყაზახეთი, სადაც რუსეთის სამხედრო ალიანსმა (ОДКБ) სულ ახლახან დაამყარა „სათავისო წესრიგი“. ხოლო იგივე ОДКБ მანამდე არაფრით დაეხმარა, მაგალითად, სომხეთსა და ყირგიზეთს.
ასევე ნახეთ "ყაზახეთის აღება" - როგორ შევიდა და რა ამოძრავებს რუსეთს?საქართველოს მაგალითზე კი, ექსპერტებისთვის შევარდნაძის ეპოქის გახსენებაც საკმარისია.
„მმართველობის პირველ ნაწილში შევარდნაძე ატარებდა კრემლისთვის სასურველ პოლიტიკას და კრემლს დაუთმო ის ყველაფერი, რის გამოც კრემლს მოუვიდა კონფლიქტი გამსახურდიასთან. რუსეთისგან გამოგზავნილი გენერლებიც კი მიიღო მმართველობაში მინისტრებად... დასავლეთისკენ შებრუნება შევარდნაძემ სწორედ იმის გამო დაიწყო, რომ რუსეთთან დაკავშირებულმა იმედებმა კატასტროფულად არ გაამართლა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი ბადრიძე.
- საქართველო 1994 წლიდან რუსეთთან ერთად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) შემადგენლობაშიც იყო, თითქმის 15 წლის განმავლობაში;
- 1994 წელს საქართველო ასევე შეუერთდა რუსეთის კონტროლქვეშ არსებულ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებას [ДКБ – ОДКБ-ს წინამორბედი];
- 1995 წელს რუსეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს საქართველოს ტერიტორიაზე ოთხი რუსული სამხედრო ბაზის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ შეთანხმებას.
ამ და სხვა დათმობებს წინ უძღოდა კონფლიქტი აფხაზეთში და სოხუმის დაცემა. რუსეთმა არ შეასრულა არცერთი დაპირება, მათ შორის, არც ფინანსურად დაეხმარა საქართველოს და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების იმედებიც თანდათან სულ უფრო მეტი ტერიტორიის მითვისებით გაცრუვდა.
გიორგი ბადრიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საბოლოოდ კრახით დასრულდება ე.წ. „საბჭოთა კავშირის აღდგენის“ გეგმა, რაზეც სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ კრემლის იდეების გამტარებელი პოლიტიკოსები თუ ანალიტიკოსები რუსეთში.
„ისტორიული რუსეთისა და იმპერიული სიდიადის აღდგენის პროექტით რუსეთი კვებავს თავის მოქალაქეებს, რომ მათ იფიქრონ ამაზე და არა სიდუხჭირეზე, შიმშილზე, ხელისუფლების კორუფციაზე და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე...
რუსეთი უკრაინის ხანგრძლივ ოკუპაციასაც ვერ შეძლებს. სამხედრო ოპერაციაც რომ დაიწყოს ხვალ და მივიდეს დნეპრამდე, რუსეთს არ ეყოფა რესურსი იმისთვის, რომ აწარმოოს ხანგრძლივი საოკუპაციო ოპერაციები... დღევანდელი რუსეთი საბჭოთა კავშირზე მნიშვნელოვნად სუსტი ქვეყანაა. მისი მთლიანი შიდა პროდუქტი გლობალური შიდა პროდუქტის 2%-იც არ არის“, - ამბობს ბადრიძე.
პროპაგანდა ძლიერდება
ISFED-ის მიერ სოციალური ქსელების მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა, რომ დეზინფორმაციის გამავრცელებელი პრორუსული ქსელი მეტ ძალას იკრებს ძირითადად ანტიდასავლური გზავნილებით, რაც ერთ-ერთ ხერხად არის დასახელებული ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ასევე ნახეთ აშშ-ში გამოქვეყნდა რუსეთის 5 ყველაზე აქტიური „დეზინფორმაციული ნარატივი“„რუსეთი ყველა ქვეყანაში იყენებს პროპაგანდის ისეთ ნარატივს, რომელიც კონკრეტულ ქვეყანაში კარგად მუშაობს. ალბათ იმის გამო, რომ საქართველოსთან ღია აგრესია ჰქონდა და ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, ჩვენთან ის უფრო იყენებს არა ღიად პრორუსულ, არამედ ანტიდასავლურ მესიჯებს, რაც, ცხადია, რუსეთის ინტერესს ემსახურება... ამ ბოლო დროს კიდევ უფრო ძლიერდება ნარატივი, რომ - დასავლეთი საქართველოს შიდა საქმეებში ერევა... აქცენტებია ასევე თვითმყოფადობის თუ ეკლესიის ხელყოფაზე, რომ თითქოს დასავლეთი აფინანსებს ორგანიზაციებს, რომლებიც ეკლესიას ებრძვიან“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე.
ის შიშობს, რომ პრორუსულ პროპაგანდას შეუძლია სულ უფრო მეტი ადამიანის მოტყუება და არის საფრთხე, რომ ამ პროცესმა შეცვალოს სურათი საქართველოს პროდასავლური საგარეო კურსის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის კუთხითაც.
ასევე ნახეთ ნატოს კარი და შესაძლებლობების ფანჯარა - რას სთავაზობენ პარტნიორები საქართველოს?ექსპერტები, რომლებსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ხელისუფლების პასუხისმგებლობად მიიჩნევენ, რომ, დეზინფორმაციის საპირისპიროდ, ეფექტიანად აუხსნას ხალხს - რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირისა და აშშ-ის დახმარება.