Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში გამოქვეყნდა რუსეთის 5 ყველაზე აქტიური „დეზინფორმაციული ნარატივი“


უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარების კონტექსტში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა რუსეთის მიერ ყველაზე აქტიურად გამოყენებული ხუთი „დეზინფორმაციული ნარატივი“, რომლითაც კრემლი თავისი პოლიტიკური მიზნების გამართლებას ცდილობს და საშუალებად იყენებს მასმედიას და სოციალურ ქსელებს.

პირველ ადგილზეა რუსეთის მიერ თავის წარმოჩენა უდანაშაულო მსხვერპლად და აგრესიის გასაღება აშშ-ის და მისი დემოკრატიული მოკავშირეების ქმედებებზე იძულებით პასუხად. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ამ სიყალბის გასამყარებლად რუსეთი იყენებს მის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ იარლიყს - რუსოფობიას.

2014 წელს, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის მთავრობა და მის მიერ კონტროლირებული საინფორმაციო საშუალებები რუსოფობიაში ადანაშაულებდნენ ყველას, ვინც რუსეთის ქმედებებში ეჭვი შეიტანა და ირწმუნებოდნენ, რომ დამოუკიდებელ ქვეყანაში შეჭრაზე საერთაშორისო თანამეგობრობის უარყოფითი რეაქცია გამოწვეული იყო მხოლოდ რუსეთისადმი სიძულვილით. სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მთავრობა „რუსოფობიას“ მტკიცებულებად იყენებს ყოველთვის, როცა მსხვერპლად თავის წარმოჩენა სურს, მაშინ, როდესაც სინამდვილეში აგრესორია.

მეორე „დეზინფორმაციულ ნარატივად“ დასახელებულია რუსეთის მიერ ისტორიის დამახინჯების მცდელობა, როცა ისტორია არ შეესაბამება კრემლის პოლიტიკურ მიზნებს. ერთ-ერთ მაგალითად მოყვანილია ის ფაქტი, რომ საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ გერმანიას შორის 1939 წელს გაფორმებული თავდაუსხმელობის პაქტი, რომელმაც ხელი შეუწყო მეორე მსოფლიო ომის დაწყებას, პუტინის რეჟიმისთვის პოლიტიკურად არახელსაყრელი აღმოჩნდა, ამიტომ 2020 წელს, პუტინმა წარმოადგინა მეორე მსოფლიო ომის დაწყების დამახინჯებული ვერსია და პასუხისმგებლობა სხვა ქვეყნებს დააკისრა. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, რუსეთი ასეთივე ფორმულას იყენებს სხვა ისტორიული ფაქტების მიმართაც.

„დეზინფორმაციულ ნარატივად“ დასახელებულია რუსეთის ცრუ მტკიცებები იმის შესახებ, რომ დასავლური ცივილიზაცია ინგრევა და დასავლეთმა უარი თქვა „ტრადიციულ ფასეულობებზე“. ასევე, ის, რომ საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში, ყირგიზეთში, ახლო აღმოსავლეთსა თუ აფრიკაში საკუთარი უფლებებისა და დემოკრატიული რეფორმებისთვის დაწყებული სახალხო მოძრაობები აშშ-ის სპონსორობით მომხდარი „ფერადი რევოლუციები“ იყო.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის მთავრობის მეხუთე, ყველაზე აქტიურ “დეზინფორმაციული ნარატივად“ მიიჩნევს რეალობის ისე წარმოჩენას, როგორც ეს თავად სურს. ამ მიზნით, კრემლი ხშირად ცდილობს შექმნას ყალბი რეალობა და მის მიერ კონტროლირებულ მედიას და სოციალურ ქსელებს იყენებს ცრუ და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის გავრცელებისა და მანიპულაციისთვის, რათა ყურადღება გადაიტანოს ამა, თუ იმ მოვლენაში რუსეთის რეალური მონაწილეობიდან. ერთ-ერთ ასეთ მოვლენად დასახელებულია 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რომელიც დღემდე გრძელდება.

XS
SM
MD
LG