Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ყაზახეთის აღება" - როგორ შევიდა და რა ამოძრავებს რუსეთს?


შეტაკებები ალმათიში, 6 იანვარი
შეტაკებები ალმათიში, 6 იანვარი

ათობით მოკლული, ასობით დაჭრილი და ათასობით დაკავებული - ასეთია ბოლო ორ დღეში ყაზახეთიდან გავრცელებული ცნობები. 6 იანვარს ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა ქალაქ ალმათიში. ვრცელდება ცნობები, რომ თვითმხილველებმა ქალაქის მთავარ მოედანზე დაჭრილი და მოკლული არაერთი ადამიანი ნახეს.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა როლს ასრულებენ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამხედრო დანაყოფები ამბოხებული ხალხის წინააღმდეგ, მაგრამ ფაქტია, რომ ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ისინი 6 იანვარს ყაზახეთში შევიდნენ. რუსეთი ირწმუნება, რომ ყაზახეთის უსაფრთხოებას გარე ძალები უტევენ და ე.წ. სამშვიდობოების შეყვანაც სწორედ ამიტომ გახდა საჭირო.

  • რა გეგმა აქვს რუსეთს ყაზახეთში და რა შეიძლება მოითხოვოს მოქმედი პრეზიდენტის დახმარების სანაცვლოდ?
  • რა იქნება რუსეთისთვის საბედისწერო შეცდომა და რამდენად შესწევს მას ძალა პოზიციების გასამყარებლად?
  • რა გამოსავალი არსებობს შექმნილი სიტუაციიდან?

რუსეთი ყაზახეთშია

ОДКБ ყაზახეთში ამ ორგანიზაციის სხვა წევრების - რუსეთის, სომხეთის, ბელარუსის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებით შევიდა; თუმცა ანალიტიკოსების უმეტესობისთვის ეს ყაზახეთში რუსეთის შესვლას ნიშნავს და არც იმას გამორიცხავენ, რომ მზარდი პროტესტით შეშინებულ ყაზახეთის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევს დასახმარებლად მოწვევის იდეაც სწორედ მოსკოვიდან უკარნახეს.

ექსპერტებს საეჭვოდ ეჩვენებათ გაურკვეველი მოძალადე ჯგუფების თარეში ალმათიში, მაშინ როდესაც პროტესტი თავიდანვე მშვიდობიანი მოწოდებებით გამოირჩეოდა. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ „შეგზავნილი ჯგუფების საშუალებით“ შეიქმნა ხელოვნური ნიადაგი პროცესებში რუსეთის ჩასარევად.

რუსეთის დუმის დსთ-ის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ ზატულინი ტელეკომპანია „დოჟდს“ ეუბნება, რომ ОДКБ-ს 3600-წევრიანი სამხედრო კონტინგენტი „ყაზახეთის აღებას“ ვერ მოახერხებს და რომ „სამშვიდობოების“ მისია მხოლოდ მშვიდობიანი მხარდაჭერით შემოიფარგლება.

ზატულინი ამბობს:

  • „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მშვიდობისმყოფელები მოვლენებში პირდაპირ მონაწილეობას არ მიიღებენ. ისინი სჭირდება, მათ შორის - ყაზახეთის მოქმედ პრეზიდენტს, რომ თქვას - ჩემთან ერთად არის ОДКБ და მიიღეთ ეს მხედველობაში, თუკი თქვენ კიდევ მოგინდებათ ვითარების არევა... აი, რატომ არიან ისინი [მშვიდობისმყოფელები] იქ და სხვა არაფრისთვის“;
  • „რუსეთის მონაწილეობა ამ ოპერაციაში განპირობებულია მხოლოდ იმით, რომ ჩვენ გვინდა წყნარი ყაზახეთი ჩვენს საზღვრებთან. რამდენიმეათასკილომეტრიანი საზღვარი გვაკავშირებს ჩვენ ერთმანეთთან“.

რა მიზანი აქვს ОДКБ-ს ?

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, რომელიც ორგანიზაციის კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელია, ოთხშაბათს განაცხადა, რომ სამშვიდობო ძალები ყაზახეთში „ვითარების სტაბილიზაციისა და ნორმალიზაციისთვის“ იგზავნება.

რუსეთის მედია ვარაუდობს, რომ „ისინი [ОДКБ-ს სამხედროები] დაიცავენ სახელმწიფო ობიექტებს, მაგალითად - აეროპორტებსა და სადგურებს“ და ასევე, „მათი ნახვა შესაძლებელი იქნება საკონტროლო გამშვებ პუნქტებსა და სახელმწიფო დაწესებულებების დაცვის ხაზზე“.

მაგრამ, ცხადია, რომ თუნდაც მხოლოდ ის მისია, რომელსაც ОДКБ ღიად აცხადებს, წინააღმდეგობის გაწევასა და ძალის გამოყენებასაც მოიცავს. მით უფრო, რომ პროტესტის მონაწილეებს 5 იანვარს აეროპორტები და ადმინისტრაციული შენობები ჰქონდათ დაკავებული.

"გარე ჩარევა" - რუსეთის წინააღმდეგ?

გასათვალისწინებელია, რომ ყაზახეთის პრეზიდენტმა ОДКБ-ს ძალა ტერორისტებად შერაცხული მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიძახა და ისიც დააყოლა, რომ ქუჩის აქციების ორგანიზატორებმა „სპეციალური მომზადება გაიარეს უცხოეთში“.

გარე ჩარევაზე ლაპარაკობს ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც.

„რუსეთმა მხარი დაუჭირა გადაუდებელი ზომების მიღებას ყაზახეთში მზარდ ძალადობასთან დაკავშირებით. ჩვენს მეგობარ ქვეყანაში ბოლო მოვლენებს განვიხილავთ, როგორც გარედან ინსპირირებულ მცდელობას, ძალადობრივი გზით გამოუთხაროს ძირი სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და მთლიანობას“, - ვკითხულობთ განცხადების ტექსტში.

ზატულინი კი აკონკრეტებს, რომ პროცესებში ანტირუსული განწყობები მძლავრობს.

„ყაზახეთში 3.5 მილიონი რუსი ცხოვრობს. რუსები ამ მოვლენებში არ იყვნენ გარეული. ისინი შორს იყვნენ ყოველგვარი შეთქმულებისგან... ვინც გარეული იყო, ეს ის ახალგაზრდა ხალხია, რომლებსაც ძალიან უყვართ ინტერნეტი და იმაზე მსჯელობა, რომ რუსეთი უნდა წავიდეს ყაზახეთიდან, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი იქ არ იყო... რომლებიც ამბობენ, რომ ყაზახეთი მხოლოდ მათია... ეს სახიფათოა ყაზახეთისთვის“.

რას ითხოვს რუსეთი დახმარების სანაცვლოდ?

კრემლის მედიის, Russia Today-ის მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი „ძალიან სასაცილო დამოუკიდებლობას“ უწოდებს ყაზახეთის დამოუკიდებლობას მაშინ, როცა ქვეყანა თავს ვერ იცავს და „იძულებულია პირდაპირი სამხედრო ჩარევა სთხოვოს მათ [რუსეთს], ვისგანაც ის თავს დამოუკიდებლად თვლის“.

სიმონიანმა ტვიტერზე 6 პუნქტიც ჩამოწერა, რომელთა შესრულებაც რუსეთმა ყაზახეთს ამ დახმარების სანაცვლოდ უნდა მოსთხოვოს:

1. ყირიმი აღიაროს;
2. კირილიცა დააბრუნოს;
3. რუსული გახდეს მეორე სახელმწიფო ენა, როგორც ყირგიზეთში;
4. რუსულ სკოლებს თავი დაანებოს და უფროსს არ მოატყუოს;
5. გაყაროს ანტირუსული არაკომერციული ორგანიზაციები;
6. მჭიდრო, ძმური საგარეო პოლიტიკა, „ნაციკებთან“ თამაშის გამორიცხვით.

ჩანს, რომ ყაზახეთში რუსეთი დასავლეთთან კონკურენციას ცდილობს და თანაც ეს წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემაა.

კონსტანტინ ზატულინმა „დოჟდის“ ეთერში ნურსულთან ნაზარბაევს იმ რეჟიმის შემქმნელი უწოდა, რომელიც „მწვანე შუქს უნთებდა დასავლურ ინვესტიციებს“.

ზატულინმა თქვა:

  • „რეჟიმი, თავისი სამშობიარო ტრავმებით, სწორედ ნაზარბაევის დროს შეიქმნა... ხელისუფლების სისტემაც მის დროს ჩამოყალიბდა და სხვათა შორის - ამ რეჟიმისთვის დამახასიათებელი ის არის, რომ ის ყოველთვის გაურბოდა და ყველანაირად იშორებდა თავიდან იმას, რომ რუსეთს ჰქონოდა რაიმე სახის ზეგავლენა ყაზახეთის შიდა მოვლენებზე“;
  • „დამოუკიდებლობის პირველივე პერიოდიდან ყაზახეთში მწვანე შუქს ყოველთვის დასავლურ ინვესტიციებს უნთებდნენ... მას ამ მხრივ მდიდარი შესაძლებლობები აქვს მომპოვებელ მრეწველობაში და ასე შემდეგ, მაგრამ მიესალმებოდნენ მხოლოდ დასავლურ ინვესტიციებს და არა რუსულს“;
  • „მათ ჰქონდათ შიში, რომ რუსეთი გამოიყენებდა რუს და რუსულენოვან მოსახლეობას პოზიციების გასამყარებლად, შექმნიდა თავის მეხუთე კოლონას ყაზახეთის რუსეთთან შესაერთებლად“.

სიმონიანისგან განსხვავებით, ზატულინს კირილიცა არ უხსენებია. მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის გულისწყრომა ასევე გამოიწვია ნაზარბაევის მიერ 2018 წლის 20 თებერვალს მიღებულმა გადაწყვეტილებამ ყაზახური ენის დამწერლობაში კირილიცის ლათინური გრაფიკის ახალი ვერსიით ჩანაცვლების შესახებ.

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ალექსანდრ მალაშენკომ ტელეკომპანია „დოჟდს“ უთხრა, რომ პირდაპირი სამხედრო ჩარევა საბედისწერო იქნება რუსეთისთვის და რომ ყაზახები არ ჰგვანან ბელარუსებს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ყაზახები უკან არ დაიხევენ და პროცესები შესაძლოა ციმბირსაც გადაედოს.

„მოსკოვს მოუწევს დაჯდეს და დაიცადოს და, რაც მთავარია, არავინ შეაშინოს... ჩრდილოეთი ყაზახეთი და ჩვენი სამხრეთი ციმბირი... ღმერთმა დაიფაროს, იქ რაღაც მოხდეს... მოსკოვი უნდა დაფიქრდეს იმაზეც - რატომ ვერ გათვალეს რუსმა ანალიტიკოსებმა და პოლიტიკოსებმა ის, რაც ახლა ყაზახეთში ხდება... რუსეთს ასეთი არჩევანი აქვს ახლა: ის ან უნდა დაელაპარაკოს მათ, ვინც აგებს და მიდის, ანდა მან უნდა იფიქროს - ვინ მოვა და როგორ მოიქცევა ეს შედარებით ახალი ხალხი - ეს არის ახლა მთავარი“.

თუმცა „ახალ ხალხს“, ვინც შესაძლოა ყაზახეთის ხელისუფლებას ჩაუდგეს სათავეში, ანალიტიკოსები ჯერ ისევ ვერ ხედავენ. მათთვის ჯერჯერობით გაუგებარია, რას ნიშნავს ხელისუფლების ის მოდელი, რომელსაც დემონსტრანტები მოითხოვენ.

რუსეთის კვლევის ცენტრის დამფუძნებელს დავით დარჩიაშვილს ვითარების დამშვიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოუდგენია, თუკი ყაზახეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი რუსეთის არმიას უკან გაისტუმრებს და ხალხთან შუამავლობისთვის მეტ-ნაკლებად ავტორიტეტიან ოპოზიციონერებს მიმართავს.

ვინ არიან ეს ლიდერები?

დარჩიაშვილი იზიარებს ანალიტიკოსების ერთი ნაწილის მოსაზრებას, რომ ასეთი შეიძლება იყოს ყაზახეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, აკეჟამ კაჟეგელდინი, რომელიც 20 წლის წინ, ნაზარბაევმა ქვეყნიდან მხოლოდ იმიტომ გააძევა, რომ პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დაყენება მოინდომა.

ცენტრალური აზიის ქვეყნების ექსპერტი, არკადი დუბნოვი ფიქრობს, რომ აკეჟამ კაჟეგელდინის გარდა, მომიტინგეებმა შესაძლოა ასევე ნაზარბაევის მიერ დევნილ კიდევ ერთ ყოფილ პრემიერს, იმანგალი ტასმაგამბეტოვსაც მოუსმინონ.

თუმცა ასეთი პერსპექტივა ჯერ არ ჩანს, ხოლო ყაზახეთში ვითარება სულ უფრო იძაბება. პროცესები განსაკუთრებით გამწვავდა სწორედ რუსეთის არმიის ქვეყანაში გამოჩენის შემდეგ.

დავით დარჩიაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ე.წ. სამშვიდობოების შეყვანა საბოლოო ჯამში რუსეთსაც დააზარალებს, რადგან, მათ შორის - უკრაინის ფაქტორის გათვალისწინებით, პრობლემა მოსკოვს ისედაც ბევრი აქვს.

„რუსეთისთვის სისტემური პრობლემა ის არის, რომ მთელი მისი პერიმეტრი, ფიგურალურად, ცეცხლის ალშია გახვეული და ყაზახეთში შესვლა თავის ტკივილის მეტს არაფერს უმატებს... თანაც, ობიექტურ ანალიტიკოსებს რუსეთშიც ასე მიაჩნიათ, რომ გამორიცხულია ყაზახეთში პრორუსული სისტემის ხანგრძლივვადიანი მშენებლობა... თუკი სამხედრო ძალებით ჯიქურ იმოქმედებენ, ეს ისეთივე რეაქციას გამოიწვევს, როგორიც უკრაინაში გამოიწვია“, - ამბობს დარჩიაშვილი.

საპროტესტო გამოსვლები ყაზახეთის ქალაქებში 2 იანვარს, თხევად გაზზე გაზრდილი ფასების გამო დაიწყო და მალევე გადაიზარდა მასობრივ არეულობაში.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG