თვითმხილველები იტყობინებიან ყაზახეთის უდიდესი ქალაქიდან, ალმათიდან, რომ მთავარ მოედანზე 6 იანვარს ისმოდა აფეთქების და სროლის ხმა.
დაძაბულობა მკვეთრად გაიზარდა მას მერე, რაც ქალაქში რუსეთის მეთაურობით მოქმედი სამხედრო ალიანსის ჯარები შევიდნენ, სისხლიანი ამბოხების ჩასახშობად და ობიექტების დასაცავად.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ჯარები ყაზახეთში მას მერე იქნა გადასროლილი, რაც თხევადი აირის ფასების ზრდის გამო დაწყებული საპროტესტო გამოსვლები სისხლიან შეტაკებებში გადაიზარდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის.
6 იანვარს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პოლიციამ მოკლა „ათეულობით“ და დააკავა ორი ათასი დემონსტრანტი გასული დღის განმავლობაში სასტიკი შეტაკებების დროს.
პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოყაევმა „ვითარების სტაბილიზების მიზნით“ მიმართა სამხედრო ალიანსს სახელწოდებით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, რომელსაც რუსეთი მეთაურობს და რომელშიც რამდენიმე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა შედის.
ყაზახეთის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, 12 პოლიციელი დაიღუპა და 353 დაშავდა ალმათის ქუჩებში შეტაკებისას.
6 იანვარს ვითარება გაურკვეველია, რადგან მთავრობამ გამორთო ინტერნეტი და კავშირის სხვა საშუალებები. Reuters-ი იტყობინება, რომ ალმათიში ქალაქის მთავარ მოედანზე შევიდნენ სამხედროები და ჯავშანტრანსპორტიორები და მათი ხალხის შეკრებილ ჯგუფთან მიახლოებისას ისმოდა სროლის ხმა.
ტოყაევმა უცხოეთში გამოწვრთნილი „ტერორისტული“ ჯგუფები დაადანაშაულა, მაგრამ არავითარი დამამტკიცებელი საბუთი არ მოუტანია ყაზახეთში არეულობასთან უცხოეთის კავშირის შესახებ.
ნავთობით მდიდარ ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ შეშფოთება გამოიწვია მსოფლიოში. მთავრობები ვაშინგტონიდან, ასევე მოსკოვიდან, ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები თავშეკავებულობისკენ მოუწოდებენ ორივე მხარეს.