Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში გრძელდება შეტაკებები, ჯარმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა


ყაზახეთის უდიდეს ქალაქ ალმათიში გრძელდება შეტაკებები და სროლა. პოლიცია, რომელსაც ზურგს უმაგრებს რუსეთის მეთაურობით მოქმედი სამხედრო ალიანსის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ჯარი, ცდილობს ჩაახშოს ყაზახეთის დამოუკიდებლობის დროიდან ყველაზე მასობრივი სისხლიანი საპროტესტო გამოსვლები.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტები ალმათიდან იტყობინებიან, რომ უშიშროების ძალები, მათ შორის ჯავშანტრანსპორტიორებიდან, 6 იანვარს ცეცხლს უშენდნენ დემონსტრანტებს რესპუბლიკის მოედანზე.

დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელი ჯგუფის წარმომადგენლის აიგერიმ ტულეიჟანოვას თქმით, მოედანზე მყოფთა უმრავლესობა იყო შეუიარაღებელი ახალგაზრდობა.

უფრო ადრე თვითმხილველები იტყობინებოდნენ, რომ მოედნის მახლობლად ისმოდა აფეთქების და სროლის ხმა.

დაძაბულობა მკვეთრად გაიზარდა მას მერე, რაც ქალაქში სამხედრო ალიანსის ჯარები შევიდნენ, სისხლიანი ამბოხების ჩასახშობად და ობიექტების დასაცავად.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ჯარები ყაზახეთში მას მერე იქნა გადასროლილი, რაც თხევადი აირის ფასების ზრდის გამო დაწყებული საპროტესტო გამოსვლები სისხლიან შეტაკებებში გადაიზარდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის.

6 იანვარს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პოლიციამ მოკლა „ათეულობით“ და დააკავა ორი ათასი დემონსტრანტი, გასული დღის განმავლობაში სასტიკი შეტაკებების დროს.

პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოყაევმა „ვითარების სტაბილიზების მიზნით“ მიმართა სამხედრო ალიანსს სახელწოდებით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, რომელსაც რუსეთი მეთაურობს და რომელშიც რამდენიმე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა შედის.

ყაზახეთის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, 12 პოლიციელი დაიღუპა და 353 დაშავდა ალმათის ქუჩებში შეტაკებისას.

6 იანვარს ვითარების შესახებ ინფორმაციის მოპოვება გართულდა, რადგან მთავრობამ გამორთო ინტერნეტი და კავშირის სხვა საშუალებები.

ტოყაევმა უცხოეთში გამოწვრთნილი „ტერორისტული“ ჯგუფები დაადანაშაულა, მაგრამ არავითარი დამამტკიცებელი საბუთი არ მოუტანია ყაზახეთში არეულობასთან უცხოეთის კავშირის შესახებ.

ნავთობით მდიდარ ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ შეშფოთება გამოიწვია მსოფლიოში. მთავრობები ვაშინგტონიდან, ასევე მოსკოვიდან, ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები თავშეკავებულობისკენ მოუწოდებენ ორივე მხარეს.

6 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ყახაზეთში არეულობის "მშვიდობიანად მოგვარებისკენ" გამოთქვა მოწოდება, ხოლო ევროკავშპრის უმაღლესი რანგის დიპლომატმა, ჟოზეფ ბორელმა "სერიოზული შეშფოთება, გამოხატა ვითარების გამო და მოითხოვა ადამიანის უფლებების დაცვა, გაფრთხილება გამოთქვა უცხოეთის სამხედრო ჩარევის თაობაზე.

XS
SM
MD
LG