Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენტონი ბლინკენი: რუსეთი საქართველოში შეიჭრა 2008 წელს, რადგან მოსკოვს მეზობელი სახელმწიფოების მარიონეტებად ქცევა სწადია


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ამჟამინდელი აგრესიული ქმედებები გაგრძელებაა მოსკოვის იმ პოლიტიკისა, რომელიც სათავეს 1990-იანი წლებიდან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ იღებს და რომელიც, ბლინკენის აზრით, არც უკრაინაში შეჭრით არ დასრულდება.


„ეს არ დაწყებულა უკრაინით. 1990-1991 წლებში ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო. ერთ-ერთი მათგანია საქართველო. რუსეთი იქ 2008 წელს შეიჭრა. ცამეტი წლის შემდგომ, დაახლოებით 300 000 ქართველი ჯერაც დევნილია საკუთარი სახლებიდან. მეორეა მოლდოვა. ამ ქვეყნის ნების წინააღმდეგ, რუსეთს თავისი ჯარი და სამხედრო შეიარაღება ჰყავს იქ განთავსებული. და თუ რუსეთის შეიჭრება და უკრაინის ოკუპაციას მოახდენს, ვინ იქნება შემდეგი? აშკარაა, რომ რუსეთის ძალისხმევა, რომელიც მეზობელი სახელმწიფოების მარიონეტებად გადაქცევისა და დემოკრატიული თვითგამოხატვის ნებისმიერი ნაპერწკლის ჩახშობისკენ არის მიმართული, კვლავ გაძლიერდება. როგორც კი სუვერენიტეტისა და თვითგამოხატვის პრინციპები უკუგდებული იქნება, ჩვენ დავბრუნდებით სამყაროში, რომელშიც ჯერ განადგურდება და შემდეგ გაქრება ის წესები, რომლებსაც ჩვენ ათწლეულობის განმავლობაში ერთად ვქმნიდით“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა 20 იანვარს ბერლინის მეცნიერებათა აკადემიაში სიტყვით გამოსვლის დროს.


თავის სიტყვაში ბლინკენმა საქართველო ახსენა მაშინაც, როდესაც ნატოს გაფართოების მიმართ რუსეთის პრეტენზიებზე გაამახვილა ყურადღება.

"რუსეთი აცხადებს, რომ პრობლემას ნატო წარმოადგენს, მაგრამ ერთი შეხედვით ეს აბსურდია. ნატო არ შეჭრილა საქართველოში, ნატო არ შეჭრილა უკრაინაში, რუსეთი კი - შეიჭრა. ნატო არის თავდაცვითი ალიანსი, რომელსაც არ აქვს აგრესიული ზრახვა რუსეთის წინააღმდეგ. პირიქით, რუსეთთან თანამშრომლობისკენ მიმართული ნატოს ძალისხმევა, რომელიც წლებს ითვლის, რუსეთის მიერ იქნა უარყოფილი “, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 20 იანვარს ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ბერლინში, სადაც იგი თავის გერმანელ კოლეგას შეხვდა.

აშშ-ი და მისი ევროპელი მოკავშირეები ერთიანი ფრონტით მოქმედებენ უკრაინისადმი დახმარებისა და რუსეთზე ზეწოლის საკითხში, რათა აიძულონ რუსეთი ური თქვას მეზობელი ქვეყნისადმი აგრესიის შემდგომ ესკალაციაზე. ამის შესახებ 20 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა ბერლინში მის გერმანელ კოლეგა, ანალენა ბერბოკთან შეხვედრის შემდეგ.

ენტონი ბლინკენი ევროპის ქვეყნებს ეწვია 19 იანვარს უკრაინის გამო რუსეთთან მზარდი დაძაბულობის განმუხტვის მიზნით მოლაპარაკების გასამართად.


21 იანვრისთვის დაგეგმილია ბლინკენის ჟენევაში ჩასვლა, სადაც ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება.

XS
SM
MD
LG