ორი დაბრუნება - მსგავსება, განსხვავება, დაძაბული წარსული

პეტრო პოროშენკო და მიხეილ სააკაშვილი

უკრაინისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტები, ერთ დროს კარგი მეგობრები და შემდეგ პოლიტიკური მტრები - სააკაშვილი და პოროშენკო - ერთ ბედ ქვეშ აღმოჩნდნენ. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მსგავსად, ციხე უკრაინის მეხუთე პრეზიდენტსაც ემუქრება; თუმცა სასამართლომ მას, ამ ეტაპზე, თავისუფლება არ შეუზღუდა.

19 იანვარს, რუსეთის სასარგებლოდ სამშობლოს ღალატში დადანაშაულებულ პოროშენკოს კიევის პეჩორის სასამართლომ მხოლოდ სამოგზაურო პასპორტი ჩამოართვა და თავისუფლებაზე „პირადი პასუხისმგებლობით“ დატოვა.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამდე, საერთაშორისო პარტნიორები აფრთხილებდნენ კიევს, რომ პოროშენკოს დაკავება პოლიტიკურ დევნად და შერჩევით მართლმსაჯულებად აღიქმებოდა, რაც რუსეთისგან მორიგი თავდასხმის სამიზნე უკრაინაში ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავდა.

"ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კიევში პოროშენკოს დაბრუნების კომენტირებისას ხაზს უსვამდნენ, რომ უკრაინის მეხუთე პრეზიდენტისგან განსხვავებით საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამშობლოში საკუთარი თავისთვის დამაკნინებელი ფორმით, ფარულად შემოიპარა.

  • შესაძლებელია თუ არა პარალელების გავლება ან ორი ყოფილი პრეზიდენტის ამჟამინდელი მდგომარეობის ერთმანეთთან შედარება?
  • რატომ დაიწყო და რამდენად პერსპექტიულია დისკუსიები მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობაში გადაყვანის შესახებ?
  • როგორ გამოიყურება აღმასვლისა და ვარდნის ქრონოლოგია მიხეილ სააკაშვილისა და პეტრო პოროშენკოს ურთიერთობებში?

არა პატიმრობა

უკრაინის პროკურატურის მოთხოვნით პოროშენკოსთვის ან წინასწარი პატიმრობა უნდა შეეფარდებინათ, ანდა მას გირაო- ერთი მილიარდი ჰრივნა (35 მლნ აშშ დოლარი) უნდა გადაეხადა.

სასამართლომ კი, სამშობლოს ღალატში დადანაშაულებულ ყოფილ პრეზიდენტს მხოლოდ„პირადი პასუხისმგებლობა“ მოსთხოვა და თავისუფლება მხოლოდ სამოგზაურო პასპორტების ჩამორთმევის მოთხოვნით შეუზღუდა.

ასევე ნახეთ კიევის სასამართლომ პოროშენკო პირადი პასუხისმგებლობით დატოვა პატიმრობის გარეშე
  • გამოძიების ვერსიით, პოროშენკომ 2014 წელს დაარღვია კანონი, როცა პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას, ქვანახშირს დონბასში ყიდულობდა პრორუსულად განწყობილი სეპარატისტისგან.
  • პოროშენკოს სახელმწიფო ღალატსა და ტერორიზმის დაფინანსებაში ედება ბრალი და დანაშაული 15-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

როდესაც პეჩორის სასამართლო პეტრო პოროშენკოს ბედს წყვეტდა, უკრაინის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს მართავდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არ იყო გამორიცხული პოროშენკოსა და ბლინკენის შეხვედრა.

პეტრო პოროშენკოს კორუმპირებულობაზე უკრაინაში ძალიან ბევრს ლაპარაკობენ და კონკრეტულ კორუფციულ სქემებსაც ხშირად აქვეყნებენ, თუმცა, სამშობლოს ღალატში მისი დადანაშაულება, უკრაინაში თუ მის ფარგლებს გარეთ, ბევრმა მიიჩნია პოლიტიკურ ანგარიშსწორებად ამჟამინდელი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან.

უკრაინას, რომელსაც რუსეთი შესაძლოა წუთი წუთზე დაესხას თავს, საერთაშორისო პარტნიორები აფრთხილებენ, რომ მართლმსაჯულების პოლიტიკურ იარაღად გამოყენება - ქვეყანას კიდევ უფრო დააზარალებს.

მაგალითად, ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ტვიტერზე დაწერა:

„თავისუფალი სამყარო უნდა გაერთიანდეს უკრაინის დასაცავად. თუმცა უკრაინას ასევე სჭირდება შინაგანი ერთიანობა და ძალა. კიევმა მხარი უნდა დაუჭიროს კანონის უზენაესობას, მაგრამ არ უნდა ჰქონდეს ცდუნება, რომ ის გამოიყენოს იარაღად პოლიტიკური ოპონენტების, მაგალითად პოროშენკოს, წინააღმდეგ“.

პოროშენკომ უკრაინა დეკემბრის შუა რიცხვებში დატოვა მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესზე დაბარების უწყება მიიღო; ხოლო ერთი თვის შემდეგ, 17 იანვარს, ის თვითმფრინავით პოლონეთიდან დაბრუნდა უკრაინაში. კიევში ზუსტად იმ დღეს სასამართლო პროცესი იყო დანიშნული.

„დავბრუნდი არა საკუთარი თავის, არამედ უკრაინის დასაცავად“, - თქვა მან.

ასევე ნახეთ კიევში შეტაკება მოხდა ექს-პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მომხრეებსა და პოლიციას შორის

„პოროშენკოს ესმოდა, რომ არდაბრუნება ნიშნავდა მისი, როგორც პოლიტიკოსის მყისიერ დამარხვას... ჩამოვიდა ტრიუმფალურად... მხარდამჭერების ჯგუფი: ჟურნალისტები, დეპუტატები - ყველაფერი დეტალებში გათვალა... პოროშენკო პრეზიდენტი ვეღარასოდეს გახდება, მაგრამ რაც მოხდა, ზელენსკის მორიგ სისულელეზე მეტყველებს. პოროშენკომ ტაქტიკურად მოუგო ზელენსკის... ხალხს რა ამით?! კარგი შოუ. შოუ ნამდვილად ნორმალური გვაჩუქეს“, - განაცხადა „უკრაინა 24“-ში სტუმრობისას ცნობილმა უკრაინელმა ჟურნალისტმა დმიტრი გორდონმა.

ის ფიქრობს, რომ დაბრუნებით პოროშენკომ გაიმარჯვა ზელენსკიზე, რომელმაც წინამორბედის დადანაშაულებისთვის არასწორი დრო შეარჩია და ეს იმიტომ მოხდა, რომ მის გარშემო ჭკვიანი მრჩევლებიდან თითქმის აღარავინ დარჩა.

გორდონი ამ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილზეც ლაპარაკობს, რომელიც, მისი შეფასებით, საქართველოში აბსოლუტურად უკანონოდ ზის ციხეში; ხოლო მისი რჩევები აშკარად აკლია უკრაინის ხელისუფლებას.

„როცა მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში ბრუნდებოდა, ვფიქრობ, დარწმუნებული იყო, რომ გაიმარჯვებდა მისი პარტია და არ მისცემდნენ საშუალებას, რომ ციხეში ჩამჯდარიყო“, - თქვა გორდონმა.

"ორი დაბრუნების" შედარება?

„პოროშენკო ჩავიდა [უკრაინაში], საზღვარი არ დაურღვევია და ტრაილერით არ შეპარულა უკრაინის ტერიტორიაზე“, - უთხრა 18 იანვარს ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, როცა პოროშენკოსა და სააკაშვილის თავ-თავიანთ სამშობლოებში დაბრუნების ფორმებს ადარებდა.

ხოლო ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ იმავე დღეს თქვა, რომ „არ იყო საკადრისი, არ იყო ლოგიკური, არ იყო გამართლებული ის, რაც ბატონმა სააკაშვილმა გააკეთა საქართველოში მის შემოსვლასთან დაკავშირებით“.

სარჯველაძე ფიქრობს, რომ „არ შეიძლება ადამიანმა ასე დაიკნინო თავი მერკანტილური მოტივებიდან გამომდინარე“.

ასევე ნახეთ სააკაშვილის დაბრუნების რამდენიმე დეტალი - ნაწყვეტები სასამართლო პროცესიდან

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების ამბავი 1 ოქტომბერს გახმაურდა, თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს; თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამ დროს ის უკვე რამდენიმე დღის ჩამოსული იყო.

ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, მართალია, სააკაშვილის დაბრუნების ფორმა „ავანტიურისტული“ იყო, მაგრამ „ეს მხოლოდ მის სითამამეზე მეტყველებს და არა სიმხდალეზე“ და ამით „ბევრის გაკვირვებაც გამოიწვია“.

ორი ყოფილი პრეზიდენტის ისტორიებს გია ხუხაშვილი პოლიტიკური მართლმსაჯულების ნიშნით აერთიანებს.

„ერთადერთი პარალელის გავლება შეიძლება - ორივე მათგანის შემთხვევაში მოქმედი ხელისუფლება პოლიტიკური ამოცანებით ხელმძღვანელობს. ხდება არა მართლმსაჯულების ინტერესების განხორციელება, არამედ პოლიტიკურად მოტივირებულია ეს ყველაფერი ორივე შემთხვევაში“, - უთხრა გია ხუხაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ჩამოსვლის დღიდან გამოქვეყნებულ არაერთ განცხადებაში მიხეილ სააკაშვილი შეახსენებდა საქართველოს მოქალაქეებს, რომ მან აბსოლუტურად შეგნებულად გასწია რისკი და ქვეყნის გადასარჩენად სასწორზე დადო არა მხოლოდ თავისუფლება, არამედ - სიცოცხლეც.

ასევე ნახეთ სააკაშვილი ავრცელებს ვიდეოს და აცხადებს, რომ ბათუმშია

„ვფიქრობ, სააკაშვილმა იცოდა, რომ დიდი ალბათობა იყო დაჭერის, მაგრამ, როგორც ჩანს, სხვა სცენარიც ჰქონდა მას, რომ ხალხი არ დააჭერინებდა... თავის პირველ ვიდეოში [ბათუმიდან] დააანონსა ხალხის გამოსვლა არჩევნების მეორე დღეს და ისიც თქვა - მეც იქ ვიქნებიო, ანუ ეს ვარიანტიც ჰქონდა. მაგრამ, ვფიქრობ, ესმოდა - რომ ვარიანტმა შეიძლება გაამართლოს, ან ვერ გაამართლოს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგი გია ნოდია.

ასევე ნახეთ სააკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნა არგუმენტირებულია - ნინო ლომჯარია

არა მიტროპოლიტის იდეას

მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის ექიმების მტკიცებით, ოქტომბერ-ნოემბერში 50 დღიანი შიმშილობის შემდგომი საფუძვლიანი მკურნალობა და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია ესაჭიროება, კვლავ რუსთავის საპატიმროში რჩება.

ხელისუფლება შინაპატიმრობისა და თავისუფლად მკურნალობის შესაძლებლობებს არ განიხილავს.

„ჩემს ეპარქიაში, ჩემთან შემიძლია გამოვყო რაღაცა სივრცე, რომელსაც, რა თქმა უნდა, ხელისუფლება გააკონტროლებს. მგონი ძალიან ბევრი პრობლემა მოიხსნება იმით, რომ ის, ვთქვათ, შიდა პატიმრობაში გადმოიყვანონ მთელი სიმკაცრით“, - უთხრა ჟურნალისტებს 19 იანვარს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზმა.

ასევე ნახეთ მეუფე ნიკოლოზი ხელისუფლებას სთავაზობს, სააკაშვილი შინაპატიმრობაში მის ეპარქიაში იყოს

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საპასუხოდ თქვა, რომ მიტროპოლიტის იდეა კანონს ეწინააღმდეგება:

„თუკი მეუფეს იდეები უკავშირდება ეგზორციზმს [დემონის განდევნა ადამიანიდან ან რაიმე ადგილიდან], მაშინ ფანტასტიკის სფეროდან ან ამ რაკურსით ვიმსჯელოთ, მაგრამ, თუნდაც ეს რომ იყოს კანონით დაშვებული, ადამიანს ეკლესიაში მოთავსება შესაძლოა უფრო მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობად ექცეს, ვიდრე ციხის კედლებში... ეს კანონით რომც იყოს დაშვებული... ნიშნავს, რომ [კანონით] არ არის დაშვებული“.

სააკაშვილი და პოროშენკო - აღმასვლა და ვარდნა

წლების წინ პოროშენკოსა და სააკაშვილის მეგობრობა მკვეთრ დაპირისპირებაში თანდათან გადაიზარდა.

8 წლის წინ საქართველოს დატოვების შემდეგ, მცირე ხხნით, მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში, ფლეტჩერის სახელობის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში კითხულობდა ლექციებს; ხოლო შემდეგ - წინააღმდეგობებით აღსავსე და ხმაურიანი პოლიტიკური კარიერა უკრაინაში გააგრძელა.

2014 წლის ზამთარში, სააკაშვილი აქტიურად იყო ჩაბმული უკრაინის მაიდანზე განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და 2015 წლის თებერვალში უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა.

  • 2015 წლის 30 მაისს მიხეილ სააკაშვილს პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა და ოდესის გუბერნატორად დანიშნა; უკრაინის მოქალაქეობის მიღებით სააკაშვილმა ავტომატურად დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;
  • პოროშენკოსთან ურთიერთობების დაძაბვის შემდეგ, 2016 წლის ნოემბერში, სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის პოსტიდან გადადგა და ოპოზიციური პარტია - „ახალი ძალების მოძრაობა“ შექმნა;
  • 2017 წლის ივლისში, პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა და ქვეყნიდან გასულს დაბრუნების საშუალებას არ აძლევდა;
  • 2017 წლის სექტემბერში სააკაშვილმა, მხარდამჭერების დახმარებით, შეძლო, პოლონეთის მხრიდან გადაელახა უკრაინის საზღვარი, რასაც სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოჰყვა;
  • 2017 წლის დეკემბერში სააკაშვილი რამდენიმე დღით დააკავეს - უკრაინის ხელისუფლება მას ბრალს სდებდა უკრაინის ხელისუფლების დამხობის ორგანიზებაში;
  • 2018 წლის თებერვალში კი – უკრაინის ხელისუფლებამ სააკაშვილი პოლონეთში გააძევა. უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა მას 2021 წლამდე ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

უკრაინაში სააკაშვილი 2019 წელს დაბრუნდა. უკრაინის მოქალაქეობა მას ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღუდგინა.

2020 წლის 7 მაისიდან სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.

დმიტრი გორდონი ხშირად შეახსენებს პრეზიდენტ ზელენსკის, რომ მან უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილზე უფრო აქტიურად უნდა იზრუნოს.

„უკრაინის ხელისუფლება და პირველ რიგში - პრეზიდენტი ვალდებულია, რომ დაიცვას უკრაინის ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც დაკავებულია მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას და შეეცადოს მის უკან დაბრუნებას. ეს არის უკრაინის ხელმძღვანელობის კონსტიტუციური მოვალეობა“, - უთხრა „უკრაინა 24“-ს გორდონმა.