საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აცხადებს, რომ ბათუმში იმყოფება.
"ორში უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე, მივცეთ ხმა ნაციონალურ მოძრაობას და არავითარ შემთხვევაში, არც ივანიშვილს, არც გახარიას და არც ვიღაც მათ სატელიტებს. თუ ნაციონალური მოძრაობა არ მოგწონთ, მიეცით შედარებით პატიოსან პატარა პარტიებს", - ამბობს სააკაშვილი ვიდეოში, რომელიც ღამის საათებშია გადაღებული.
ექს-პრეზიდენტი აცხადებს, რომ 2 ოქტომბერს არჩევნებზე ყველა უნდა მივიდეს, ხოლო 3 ოქტომბერს შეიკრიბონ და "გაავსონ" რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მოედანი:
"თუ ვიქნებით ასი ათასი ადამიანი ჩვენ ვერავინ ვეღარ დაგვამარცხებს და საქართველო დაადგება ისევ განვითარების გზას... აბა, თქვენ იცით, თქვენ იმედზე ვარ და ხო ხედავ, ყველაფერი გავრისკე, ჩემი სიცოცხლეც, თავისუფლებაც, რათა ჩამოვსულიყავი აქ... მომავალ შეხვედრამდე სულ მალე თბილისში"
ვიდეოს გამოქვეყნებამდე დაახლოებით საათ-ნახევრით ადრე, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა პოსტი - “დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ”.
პირველი პოსტის შემდეგ, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" და შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარებს არ აკეთებდნენ და არ პასუხობდნენ შეკითხვას, შეესაბამება თუ არა სააკაშვილის ჩამოსვლა სიმართლეს.
რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ კიევი-თბილისის ავიარეისის ბილეთი შეიძინა და საქართველოში 2 ოქტომბერს, ღამით დაბრუნდება.
ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ იძებნება. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. 2018 წელს, ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიესაჯა 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე - 3 წლით.
მიხეილ სააკაშვილმა განცხადებები საქართველოში დაბრუნების შესახებ 1 ოქტომბერს დაამთხვია. "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა დასრულდა 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებით, რომელშიც კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა.