საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოში არავის სჯერა, რომ ქვეყანაში დაბრუნდება მიხეილ სააკაშვილი. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუ ის ქვეყანაში ჩამოვა, დააკავებენ.
"რა თქვა მიხომ, რა თქვა, ჩამოვდივარო?!. ეს კაცი უკვე 8 წელია იმუქრება - ჩამოვა, ჩამოვა. არ ჩამოდის, ვერ ჩამოდის იმიტომ, რომ მშიშარა კაცია, იცის, რომ ციხეში შევა. ჩვენს ხალხს რომ ავუხსნათ, სააკაშვილის ერთადერთი ამოცანა და მისი მიზანი არის ჩვენი ქვეყნის არეულობა, დესტაბილიზაცია და ქაოსის შემოტანა...
დავუშვათ, ჩამოვიდა ეს ლაჩარი კაცი, გამოაგდეს და ჩამოვიდა. რა უნდა მოხდეს?!. კანონის აღსრულებას ამ მიწაზე ვერავინ აღუდგება წინ და ვერ შეეწინააღმდეგება და ვინც შეეწინააღმდეგება, ისიც შევა ციხეში. ამის გარანტიას ვიძლევით კანონის და სახელმწიფოს სახელით...
რისი თავი აქვს მაგ საცოდავს, 5000 კაცის მოგროვება ძლივს შეუძლიათ, ისიც პიკის დროს. ჩვენ გვკითხონ, რამდენი ადამიანის და მხარდაჭერის მობილიზება შეგვიძლია ჩვენს გუნდს. სააკაშვილს დახვდება მასზე გაბრაზებული და გამწარებული ასიათასობით ადამიანი. ხალხის შეცდომაში შეყვანას აპირებენ, რომ არეულობა და დაბნეულობა შემოიტანონ. მარტივი პასუხია - სახელმწიფო გასცემს პასუხს, სააკაშვილი როგორც კი შემოვა, ჩვენ მიწაზე, ტერიტორიაზე შემოდგამს ფეხს, იმავე წამს იქნება დაკავებული და შებრძანებული ციხეში“, - თქვა ღარიბაშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე კვირის წინ თქვა, რომ საქართველოში დაბრუნებას თვითმმართველობის არჩევნებისთვის გეგმავდა. გუშინ, 27 სექტემბერს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მან გამოაქვეყნა ავიაბილეთების ფოტოები, სადაც ეწერა, რომ კიევი-თბილისის მიმართულებით ფრენა 2 ოქტომბერსაა დანიშნული.
მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნებაზე არაერთხელ უსაუბრია, თუმცა ამ დრომდე ის ქვეყანაში არ დაბრუნებულა. საქართველოს სასამართლომ ის დაუსწრებლად სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში სამართალდამცავებს მისი დაკავება შეუძლიათ.