Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნა არგუმენტირებულია - ნინო ლომჯარია


სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ადვოკატების მოთხოვნა, პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე არგუმენტირებულია. თუმცა, ომბუდსმენის მიერ ამგვარი რეკომენდაციის გაცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქმის მასალების სრულად გაცნობის საუძველზე.

ამის შესახებ მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა ნინო ლომჯარიამ. სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ომბუდსმენის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ.

"რაც შეეხება დაზარალებულის სტატუსს, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ეს მოთხოვნა და ვფიქრობ, რომ არის სამართლიანი მოთხოვნა. თუმცა, იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს კონკრეტული პოზიცია ამისთვის საჭიროა საქმის მასალების ნახვა და შესწავლა. იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას ბრალის წარდგენის თუ დაზარალებულის სტატუსის მინიჭების თაობაზე, ჩვენ გვაქვს სრული სურათი გამოძიებაში არსებული მასალების და მტკიცებულებების. ამ ეტაპზე ვთვლით, რომ ეს მოთხოვნა არის არგუმენტირებული. თუმცა იმისათვის, რომ სახალხო დამცველმაც გასცეს ეს რეკომენდაცია, ჩვენ გვჭირდება მეტი ინფორმაცია. ჩვენ ვეცდებით, რომ ეს ინფორმაცია მოვიპოვოთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან და თუ გვექნება წვდომა გარკვეულ მტკიცებულებებზე, რაც მეტი დამაჯერებლობით მოგცემს იმის მტკიცების საფუძველს, რომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭების საფუძველი უკვე არსებობს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვიტყვით“, -განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

რაც შეეხება პერსონალური მონაცემების გამოქვეყნებას, ადვოკატების თანახმად, თავად მიხეილ სააკაშვილი, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ამსახველი სრული ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნების მომხრეა. სახალხო დამცველის თქმით, ამ შემთხევავში თავად პატიმრის პოზიციაა მნიშვნელოვანი.

"სრულად გამოქვეყნდეს თუ არა ეს დამოკიდებულია იმაზე, ეს სრული ჩანაწერი რამდენად შეიძლება იყოს ღირსების შემლახავი თავად პატიმრისთვის. თუმცა, უკვე გამოქვეყნებულ ჩანაწერებზე, მოგეხსენებათ სახალო დამცველის პოზიცია, რომ ეს იყო დამამცირებელი და ღირსების შემლახავი",- განაცხადა ომბუდსმენმა.

ამასთან, ნინო ლომჯარიას თქმით, ის საგამოძიებო პროცესის სრული გამჭვირავლობის მომხრეა საქმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერსებიდან გამომდინარე.

„იმიტომ რომ, თუნდაც რაც განვითარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წინააღმდეგ, მისი ხელმძღვბანელი პირის უბრალოდ გათავისუფლება, რომელიც იყო გარკვეული ვადით არჩეული, ასევე აჩენს იმ ეჭვებს, რომ შესაძლებელია ამ პროცესებს ჰქონდეს გავლენა მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიებაზე, ამიტომ მე მივემხრობოდი თუ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დარჩენილ ვადაში ამ გამოძიებას აწარმოებს მაქსიმალური გამჭვირვალობით“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა პროკურატურას 18 იანვარს განცხადებით მიმართეს. ისინი მოითხოვენ სააკაშვილის ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლად აღიარებას.

7 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საჩივრის განხილვა და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის მიერ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაჯარიმების შესახებ, მიღებული გადაწყვეტილება სრულად გაუქმდა.

ამას წინ უძღვოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 იანვრის კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ ასევე, სრულად გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შესახებ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური 2021 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილებით სამართალდამრღვევად ცნო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების არაკანონიერი გასაჯაროებისთვის. უწყებებს ინსპექტორმა დააკისრა ჯარიმა და ვალდებულება, წაეშალათ ოფიციალურ ვებ-გვერდებსა და სოციალურ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერები, აუდიო-ვიდეოჩანაწერი და ფოტომასალა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსხურმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში 2021 წლის 17 დეკემბერს გაასაჩივა ისე, რომ არ წაუშლია მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერები, აუდიო-ვიდეოჩანაწერი და ფოტომასალა.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. დაპატიმრების დღიდან სააკაშვილს გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.

2018 წელს, საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ ერთი საქმე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.

10 დეკემბერს, პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარების ბრალდებით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მიმართაც.

XS
SM
MD
LG