აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები, ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი დღეს საღამოს ევროპის დროით დაახლოებით 21:30 საათზე გამართავენ სატელეფონო საუბარს, რომელსაც მოუთმენლად ელის საერთაშორისო საზოგადოება და განსაკუთრებით, უკრაინა და საქართველო, რუსეთის აგრესიული ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგად ყველაზე უფრო მეტად დაზარალებული ნატოსა და ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნები.
მით უფრო, რომ სატელეფონო საუბრის მთავარი თემა, კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, იქნება უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მოსკოვის მიერ ახლახან წარმოდგენილი მოთხოვნები, რომელიც, კერძოდ, მოიცავს ნატოს მხრიდან უარის თქმას ახალი წევრების, მათ შორის საქართველოს და უკრაინის ალიანსში მიღებაზე.
30 დეკემბრის სატელეფონო საუბარი წინ უსწრებს 10 იანვარს ჟენევაში დაგეგმილ რუსეთ-აშშ-ის მოლაპარაკებას, რომელსაც 12 იანვარს ნატო-რუსეთის საბჭოს, სულ ბოლოს, 13 იანვარს რუსეთ-ეუთოს სხდომა მოჰყვება, ასევე აშშ-ისა და მისი ევროპელი მოკავშირეების მონაწილეობით.
კოლექტიურ დასავლეთსა და რუსეთს შორის ინტენსიური მოლაპარაკებების დაწყებას მიესალმებიან კიევში, მაგრამ ერთი დათქმით: მაღალი დონის მოლაპარაკების დროს სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული უკრაინის ეროვნული ინტერესები.
რუსეთთან მოსალოდნელი მოლაპარაკების წინ კოლექტიურ დასავლეთს საკუთარ წითელ ხაზები შეახსენა საქართველომაც, რომელიც “მიუღებელს“ უწოდებს რუსეთის მცდელობას, რომ გადაისინჯოს უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება.
ასევე ნახეთ “მიუღებელია” - საქართველოს საგარეო სამინისტროს პასუხი რუსეთს
„დიალოგს ვერაფერი შეცვლის“
ბაიდენის და პუტინის 30 დეკემბრის სატელეფონო საუბარი, მიმდინარე წელს ორი ლიდერის ბოლო დისტანციური კომუნიკაცია იქნება იმ ფონზე, როდესაც არ კლებულობს საერთაშორისო დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების მოზღვავების და კრემლის მოთხოვნის გამო, მიიღოს ნატოსგან უსაფრთხოების ფართო გარანტიები.
ამერიკის დაზვერვის მონაცემებით, რომელსაც გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ ეყრდნობა, რუსეთი თავის 175 ათასი ჯარისკაცით უკრაინაზე მასირებულ და მრავალგანზომილებიან სამხედრო თავდასხმას გეგმავს, მათ შორის ამჯერად აზოვის ზღვის მიმართულებით.
ასევე ნახეთ „ვაშინგტონ პოსტი“: რუსეთი აზოვის ზღვაზე იერიშს გეგმავს?!აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ბოლო საუბრის დროს, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში 7 დეკემბერს გაიმართა, ჯო ბაიდენმა პუტინი გააფრთხილა, რომ, თუ რუსეთის სამხედროები უკრაინას თავს დაესხმებიან, ამას "მძიმე შედეგები" მოჰყვება.
აგრესიული ზრახვების რეალიზების შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგებისა და „მაღალი ფასის“ შესახებ მოსკოვი ევროკავშირმაც გააფრთხილა, მაგრამ რუსეთმა, რომელიც ჯიუტად უარყოფს უკრაინის წინააღმდეგ საომარი ოპერაციის სამზადისს, ბაიდენ-პუტინის მოლაპარაკებიდან ორი კვირის თავზე აშშ და ნატო არჩევანის წინაშე დააყენა.
ასევე ნახეთ მაიკლ მაკფოლი: რუსეთის მომზადებულ შეთანხმებას მოლდოვიდან, უკრაინიდან და საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანის ვალდებულება უნდა დაემატოს17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული შეთანხმების პროექტით, მოსკოვი მოითხოვს, რომ ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა ნებაყოფლობით თქვან უარი ალიანსის შემდგომ გაფართოებაზე და თავიანთ რიგებში უკრაინის და ასევე აღმოსავლეთ ევროპის, ამიერკავკასიისა და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნების მიღებაზე. გარდა ამისა, ნატომ უარი უნდა თქვას ამ ქვეყნების ტერიტორიებზე ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე.
მოგვიანებით, მოსკოვში გამართულ დიდ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთისგან უკვე კატეგორიულად მოითხოვა გარანტიების მიღება.
„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ იქნება უზრუნველყოფილი ჩვენი უსაფრთხოება. ამიტომ ყოველგვარი ეშმაკობის გარეშე, ჩვენ პირდაპირ დავაყენეთ საკითხი, რომ აღარ უნდა მოხდეს არავითარი ნატოს შემდგომი მოძრაობა აღმოსავლეთისკენ“, - განაცხადა პუტინმა დიდ პრესკონფერენციაზე.
ასევე ნახეთ ვლადიმირ პუტინი: "აღარ უნდა იყოს არავითარი ნატოს შემდგომი მოძრაობა აღმოსავლეთისკენ“30 დეკემბერს, აშშ-ის პრეზიდენტთან დაგეგმილი სატელეფონო საუბრის წინ ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ „დარწმუნებულია“ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ეფექტიანი დიალოგის შესაძლებლობაში.
მსოფლიო ლიდერებისადმი პუტინის საზეიმო მიმართვაში, რომელიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა, რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ "დარწმუნებულია", რომ ...შეგვიძლია წინსვლა და რუსულ-ამერიკული ეფექტიანი დიალოგის წარმართვა, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ორივე მხარის სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებას დაეფუძნება".
როგორც აღნიშნავენ, სატელეფონო საუბარი 30 დეკემბერს რუსეთის მხარის მოთხოვნით შედგება. თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის, ემილი ჰორნის თქმით, ბაიდენი დათანხმდა, ვინაიდან „მიაჩნია, რომ, როცა საქმე რუსეთს ეხება, ლიდერებს შორის პირდაპირ დიალოგს ვერაფერი შეცვლის“.
ვფიქრობ, რომ მოცემულ სიტუაციაში რაღაც კომპრომისები უნდა გამოინახოს, რადგან ჩემი აზრით არც ერთი მხარის, მათ შორის არც უკრაინის ინტერესში არ შედის ის, რომ დიპლომატიურზე მეტი უპირატესობა რაიმენაირ ძალისმიერი ვარიანტს მიენიჭოს...ვლადიმირ დუბოვიკი
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა უფრო განავრცო მოსალოდნელი დიალოგის დღის წესრიგის თემა და დასძინა, რომ ისეთ „რთულ სუბსტანციას, როგორიც მოსკოვის მიერ წარმოდგენილი უსაფრთხოების გარანტიებია, ორმხრივი კომპრომისი სჭირდება.
მით უფრო, რომ სატელეფონო საუბრის მთავარი თემა, კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, იქნება უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მოსკოვის მიერ ახლახან წარმოდგენილი მოთხოვნები, რომლებიც, კერძოდ, მოიცავს ნატოს მხრიდან უარის თქმას ახალი წევრების, მათ შორის საქართველოს და უკრაინის ალიანსში მიღებაზე.
„ნებისმიერი მოლაპარაკება ერთადერთი რამის - ერთმანეთის პრინციპული პოზიციების გათვალისწინებით კომპრომისის მიღწევის მიზნით ტარდება“, - განაცხადა 30 დეკემბერს დმიტრი პესკოვმა.
უკრაინის გარშემო მზარდი დაძაბულობის კომპრომისით მოგვარებას მიესალმებიან კიევში, მაგრამ ერთი დათქმით: მაღალი დონის მოლაპარაკების დროს სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული უკრაინის ეროვნული ინტერესები.
„ვფიქრობ, რომ მოცემულ სიტუაციაში რაღაც კომპრომისები უნდა გამოინახოს, რადგან, ჩემი აზრით ,არც ერთი მხარის, მათ შორის არც უკრაინის ინტერესში არ შედის ის, რომ დიპლომატიურზე მეტი უპირატესობა რაიმენაირ ძალისმიერი ვარიანტს მიენიჭოს. მაგრამ ცხადია, უკრაინაში უფრო მეტად ვართ შეშფოთებული იმით, რომ ჩვენს ზურგს უკან და ჩვენი ინტერესების ხარჯზე არ მოხდეს ამ ვითარების მოგვარება,“ - ამბობს ვლადიმირ დუბოვიკი, მეჩნიკოვის სახელობის ოდესის ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა კათედრის დოცენტი.
საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიუღებელია მესამე მხარის მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვასთან დაკავშირებით გაკეთებული ნებისმიერი განცხადება...საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საკუთარი წითელი ხაზები აქვს საქართველოს, რომლისთვისაც მოსკოვის მიერ ვაშინგტონისა და ბრიუსელისთვის შეთავაზებული ე.წ. „უსაფრთხოების გარანტიების“ დაკმაყოფილება სამუდამოდ ნიშნავს ნატოს ღია კარების დახურვას.
„საქართველო მოელის, რომ დასავლელი მოკავშირეები გააგებინებენ რუსეთს, რომ მას არ აქვს უფლება ვეტო დაადოს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. ამას გარდა, მოკავშირეებმა მტკიცედ უნდა აღნიშნონ, რომ დასავლეთისთვის „წითელ ხაზს“ წარმოადგენს 2008 წლის ბუქარესტის ნატოს სამიტის გადაწყვეტილების გადახედვა“, - ნათქვამია საქართველოს მიერ შემუშავებულ ორგვერდიან დოკუმენტში, რომელიც რუსეთთან მოახლოებული საერთაშორისო მოლაპარაკების წინ თბილისმა ეუთოს ქვეყნებს დაუგზავნა.
მასში ძირითადად განმეორებულია ის მესიჯები, რომლებსაც 11 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული განცხადება შეიცავს.
„საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიუღებელია მესამე მხარის მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვასთან დაკავშირებით გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს. ამასთანავე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის მთავარ გამოწვევას დღესდღეობით წარმოადგენს სწორედ რუსეთის ფედერაციის ქმედებები, რომელიც გამოიხატება მეზობელი, სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიაში, საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების უგულებელყოფაში და მის მიერვე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში”, - ნათქვამი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ასევე ნახეთ “მიუღებელია” - საქართველოს საგარეო სამინისტროს პასუხი რუსეთს
„ჩვენ ასევე მზად ვართ პასუხისთვის“
23 დეკემბერს გამართულ თავის ყოველწლიურ დიდ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკება არაფერს არ გადაწყვეტს, თუ ნატოს წევრი ქვეყნები „დაუყოვნებლად“ არ მისცემენ რუსეთს გარანტიას, რომ ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდება. სწორედ ამაზე იქნება რუსეთის შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებული.
“ყოველგვარი ეშმაკობის გარეშე, ჩვენ პირდაპირ მარტივად დავაყენეთ საკითხი, რომ აღარ უნდა იყოს არავითარი ნატოს შემდგომი მოძრაობა აღმოსავლეთისკენ“, - განაცხადა პუტინმა.
აშშ-ის ადმინისტრაციაში უკვე უწოდეს „მიუღებელი“ რუსეთის მიერ შემუშავებულ რუსეთ-აშშ-ის ხელშეკრულების და ნატოსთან შეთანხმების პროექტების მთელ რიგ დებულებებს, რომლებითაც რუსეთი ცდილობს, ძირფესვიანად შეცვალოს ცივი ომის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბებული ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა.
ჩვენ ვერ დავეთანხმებით რუსეთის მისწრაფებას, აღადგინოს ისეთი სისტემა, რომელშიც ისეთი დიდი სახელმწიფოები, როგორიც რუსეთია, გავლენის სფეროებს ფლობენ...იენს სტოლტენბერგი
ის, რომ ნატოს გადაწყვეტილებაზე ვერც ერთი მესამე ქვეყანა გავლენას ვერ მოახდენს, - ალიანსის ეს ერთსულოვანი პოზიცია მოსკოვს ცოტა ხნის წინ ნატოს გენერალურმა მდივანმა მკაფიოდა შეახსენა.
„ნატოს ურთიერთობას უკრაინასთან წყვეტენ 30 მოკავშირე ქვეყანა და თავად უკრაინა და არავინ სხვა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა 11 დეკემბერს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის დროს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, ალიანსი მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებებისათვის, მაგრამ არ წავა კომპრომისზე იმ უფლების მიმართ, რომელიც ევროპის ყველა ერს საკუთარი გზის არჩევის შესაძლებლობას აძლევს.
„ჩვენ ვერ დავეთანხმებით რუსეთის მისწრაფებას, აღადგინოს ისეთი სისტემა, რომელშიც ისეთი დიდი სახელმწიფოები, როგორიც რუსეთია, გავლენის სფეროებს ფლობენ და სადაც ისინი აკონტროლებენ და წყვეტენ იმას, თუ რა უნდა გააკეთონ სხვა წევრებმა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის კანცლერთან შეხვედრის დროს.
7 დეკემბერს, ჯო ბაიდენსა და ვლადიმირ პუტინს შორის ბოლო საუბრის შემდეგ, კრემლმა საჯაროდ გაავრცელა მოთხოვნების სია, რომლებსაც, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, აშშ და მისი მოკავშირეები უარყოფენ. მოთხოვნები მოიცავს ნატოს მხრიდან უარის თქმას ახალი წევრების, მათ შორის საქართველოს და უკრაინის მიღებაზე. მოსკოვს ასევე სურს ნატომ შეაჩეროს სამხედრო წვრთნები მის საზღვრებთან და შეამციროს სამხედრო ძალები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
მოელიან, რომ 30 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინს პუტინს ეტყვის, რომ აშშ "მზადაა დიპლომატიისთვის და დიპლომატიური გზით წინსვლისთვის", - უთხრა ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს. "მაგრამ ჩვენ ასევე მზად ვართ პასუხისთვის იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი წინ წავა და უკრაინაში კიდევ უფრო შეიჭრება", - დასძინა მან.
რუსეთი კვლავინდებურად უარყოფს სამხედრო აგრესიის გეგმებს უკრაინის წინააღმდეგ და კიევს ადანაშაულებს მინსკის შეთანხმებების შეუსრულებლობაში.
აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებსა და უკრაინის სამხედრო ძალებს შორის მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტს, 2014 წლიდან დღემდე, 13 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.