Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და ბელარუსი აცხადებენ ერთობლივი სამხედრო წვრთნების გეგმას


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიესალმა ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინადადებას ერთობლივი სამხედრო წვრთნების კიდევ ერთი რაუნდის გამართვის შესახებ.

პუტინმა, რომელიც ლუკაშენკას 29 დეკემბერს, სანკტ-პეტერბურგში შეხვდა, თქვა, რომ წვრთნები თებერვალში ან მარტში, ბელარუსში გაიმართება. ამ განცხადების ფონია რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა უკრაინასთან, რამაც დასავლეთში გაზარდა შეშფოთება შესაძლო შეჭრის შესახებ. უკრაინაში ზოგიერთი ოფიციალური პირი გამოთქვამს ვარაუდს, რომ რუსეთმა შესაძლოა თავდასხმა განახორციელოს მათ ჩრდილოეთ ფრონტზეც, ბელარუსის ტერიტორიიდან.

რუსეთი უარყოფს უკრაინაზე თავდასხმის გეგმას და კიევს და ნატოს ადანაშაულებს პროვოკაციების მოწყობაში.

რუსეთი და ბელარუსი ერთობლივ წვრთნებს რეგულარულად აწყობენ, ბოლო წვრთნები, რომლებიც მასშტაბურ საომარ თამაშებს მოიცავდა, სექტემბერში გაიმართა და მათში 200,000 სამხედრო მონაწილეობდა.

ლუკაშენკა თავის მოკავშირეს, რუსეთს ეყრდნობა მხარდაჭერისთვის, იმ ფონზე, როცა იზრდება დაძაბულობა დასავლეთთან, პროდემოკრატიულ მოძრაობაზე მისი რეჟიმის მხრიდან რეპრესიების გამო, ქვეყანაში 2020 წლის აგვისტოში ჩატარებული, კამათის საგნად ქცეული საპრეზიდენტო არჩევნების მერე. მოსკოვი ლუკაშენკას ურყევად უჭერს მხარს, დასავლეთის მიერ მინსკის რეჟიმისთვის დაწესებული სანქციების ფონზე.

XS
SM
MD
LG