რუსეთის დუმის დეპუტატმა, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ ხელისუფლებას შესთავაზა, უკრაინა ახალი წლის ღამით დაბომბონ.
„დილის ოთხ ან ხუთ საათზე, როცა უკვე ყველა ნასვამია“, - განაცხადა ჟირინოვსკიმ 27 დეკემბერს, საღამოს, რუსეთის პირველი არხის ეთერში. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი რომ იყოს, ასეთ ბრძანებას გასცემდა. ჟირინოვსკის განცხადებითვე, აუცილებელი არ არის ყველას დაბომბვა, მაგრამ აუცილებელია ვინმეს დასჯა და დაშინება.
მანამდე ჟირინოვსკიმ რუსეთის ხელისუფლებას შესთავაზა უკრაინის რუსეთთან შეერთება და განაცხადა, რომ ამ ვარიანტზე აშშ-თან შეთანხმება რთული არ იქნება.
რუსეთთან უკრაინის შეერთებაზე 27 დეკემბერს, გროზნოში გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმაც. მან უკრაინას რუსეთის ტერიტორია უწოდა. კადიროვის თქმით, მისთვის რომ დაევალებინათ, ეს საკითხი უკვე მოგვარებული ექნებოდა. კადიროვმა ხელისშემშლელად დაასახელა სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებები.
უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების ბოლოდროინდელი თავმოყრის გამო, უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები შიშობენ, რომ რუსეთი ახალი ინტერვენციისთვის ემზადება. პუტინის ხელისუფლება ამას უარყოფს და სიტუაციის დაძაბვაში უკრაინას და ნატოს ადანაშაულებს.