რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ სხვადასხვა შესაძლებლობას განიხილავს იმ შემთხვევაში, თუკი დასავლეთი არ გაითვალისწინებს მოსკოვის მოთხოვნებს უსაფრთხოების სფეროში გარანტიების შესახებ - იმ ფონზე, როცა ღრმავდება დაძაბულობა, მათ შორის უკრაინასთან ახლოს რუსეთის სამხედრო ძალების ზრდის გამო.
მიმდინარე თვეში მოსკოვმა წარმოადგინა უსაფრთხოების დოკუმენტების პროექტები, რომელთა თანახმადაც უნდა დასრულდეს ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით და სამხედრო თანამშრომლობა ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო და უკრაინა, სხვა მოთხოვნებთან ერთად.
გასულ კვირაში, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას პუტინმა დასავლეთს მოუწოდა "დაუყოვნებლივ" დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნები და ჩამოთვალა უკმაყოფილებათა ნუსხა, რომელიც უკრაინას და ნატოს უკავშირდებოდა. პუტინი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მოსკოვს ადეკვატური ზომების გატარება მოუწევს, თუკი დასავლეთი გააგრძელებს "აგრესიულ" კურსს "ჩვენი სახლის ზღურბლთან".
როცა მოსკოვის მიერ გატარებული შესაძლო ზომების დაკონკრეტება სთხოვეს, პუტინმა 26 დეკემბერს, სახელმწიფო ტელევიზიით გადაცემულ განცხადებაში თქვა, "ეს, შესაძლოა, სხვადასხვანაირი იყოსო" და დასძინა, "ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რა წინადადებებს მომაწვდიან ჩვენი სამხედრო ექსპერტებიო". პუტინს სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.
აშშ-ის ოფიციალურ პირებს ნათქვამი აქვთ, რომ სურთ მოლაპარაკება გაიმართოს რუსეთის მოთხოვნების გარშემო. თუმცა, პირად საუბრებში ვაშინგტონში და სხვაგან ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ამ მოთხოვნათა ნაწილის შესრულება შეუძლებელია, განუხორციელებელი ან ისინი ფუნდამენტურ წინააღმდეგობაში მოდის დასავლეთის ღირებულებებთან.
თუმცა აშშ და მისი მოკავშირეები დათანხმდნენ მოსკოვთან უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკების გამართვას მომავალ თვეში. 25 დეკემბერს გავრცელდა ნატოს ოფიციალური პირის სიტყვები, რომ გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გადაწყვიტა ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა 12 იანვარს გამართოს და რომ ალიანსი ამ საკითხის თაობაზე რუსეთს დაუკავშირდება.