ნინო გოგორიშვილი მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი აღარ იქნება - ამ გადაწყვეტილების შესახებ ექიმმა თავად ამცნო საზოგადოებას მოკლე ვიდეომიმართვით, რომელიც იუთუბის არხზე სახელით "test 13" დღეს აიტვირთა. ვიდეოში, რომელიც ამ არხზე გამოქვეყნებული ერთადერთი ჩანაწერია, ექიმი ამბობს, რომ ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო, როცა ტელევიზორში ნახა, როგორ ახდენდა მისი ნათქვამის ინტერპრეტაციას სააკაშვილის ადვოკატი და "მთავარი არხის" ხელმძღვანელი, ნიკა გვარამია.
"ვთვლი, ამ ეტაპზე უნდა შეწყდეს ნებისმიერი კომენტარი და ლაპარაკი ჩემი პიროვნების და ჰოსპიტლის შესახებ", - ამბობს ნინო გოგორიშვილი ჰოსპიტალში ჩაწერილი ვიდეოს დასასრულს. ვიდეო მოკლეა - 1 წუთი და 12 წამი.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააკაშვილის მკურნალი ექიმი გორის ჰოსპიტლიდან ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატს, ნიკა გვარამიას ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებდა, მედიას 28 დეკემბერს ჰოსპიტლის ხელმძღვანელმა მიაწოდა. მას გვერდით ედგა ნინო გოგორიშვილი, რომელმაც მოკლე კომენტარი გააკეთა მედიასთან დირექტორის თანხლებით.
ასევე ნახეთ სააკაშვილის ექიმი გვარამიას ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს - კლინიკის დირექტორიდღეს, 29 დეკემბერს მედიისთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ ნინო გოგორიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო თავადაც გორის ჰოსპიტალში მკურნალობდა და გასულ ღამეს სახლში არ წასულა.
ასევე ნახეთ სააკაშვილის ექიმი გორის ჰოსპიტალში მკურნალობს27 დეკემბერს ღამით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გორის ჰოსპიტლიდან მისი გადაყვანა ძალით სცადეს, რასაც წინააღმდეგობა გაუწია, გაითიშა და დროის გარკვეული მონაკვეთი აღარ ახსოვს. 28 დეკემბერს კი სააკაშვილთან შევიდა მისი ადვოკატი ნიკა გვარამია, რომელმაც მის მკურნალ ექიმთან გამოკითხვის ოქმი შეადგინა.
"რეკომენდაცია გადაყვანაზე უარყოფითია. დღეის მდგომარეობით პაციენტის გადაყვანა დაუშვებელია. ფსიქორეაბილიტაცია საქართველოში შესაძლებელია, მაგრამ სააკაშვილის შემთხვევაში შეუძლებელია, თუ ის არ იქნება თავისუფლებაში", - ამბობდა გვარამია მკურნალ ექიმზე დაყრდნობით.
სწორედ ამ განცხადების ეთერში გაჟღერების შემდეგ ისურვა მედიასთან გვარამიას მხრიდან შესაძლო ზეწოლაზე საუბარი გორის ჰოსპიტლის დირექტორმა.
ასევე ნახეთ ჯიშკარიანი სააკაშვილისთვის ადეკვატურ მკურნალობას მოითხოვს ასევე ნახეთ მარიამ ჯიშკარიანი არ შეუშვეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში