გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცენტ „ემპათიის" ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა. მისი შეფასებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ საყურადღებო რჩება და ამჟამად წამყვანია ნეირომეტაბოლური სინდრომი.
„ჩვენ დავუტოვეთ ჩვენი დასკვნა, რა თქმა უნდა და შევისწავლეთ ახალი დოკუმენტაცია. ასევე გავაკეთეთ კონსულტაცია დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით და გარკვეული ჩვენი მოსაზრებები მკურნალობის კურსთან დაკავშირებით დავწერეთ კონსულტაციის სახით", - თქვა მან.
„ემპათია“ გეგმავს შეხვედრა მოითხოვოს როგორც მკურნალ ექიმთან, ასევე სხვა კონსილიუმის წევრებთან, რადგან, როგორც მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, მდგომარეობა საყურადღებოა, რაც საჭიროებს მულტიპროფილურ კორეგირებას.
„ეს, როგორც პროგრამა მინიმუმი და როგორც პროგრამა მაქსიმუმი, შესარჩევია ალტერნატიული სამკურნალო დაწესებულება, ნეირომეტაბოლური და ფსიქოლოგიური მიმართულებით, რათა მოხდეს პაციენტის ადეკვატური მკურნალობა“, - თქვა ჯიშკარიანმა.
ცენტრმა „ემპათიამ" მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით VI შემაჯამებელი დასკვნის ნაწილი 18 დეკემბერს გამოაქვეყნა.
მიხეილ სააკაშვილი 20 ნოემბრიდან იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში. უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებულ სააკაშვილს, რომელიც 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს, დაკავების დღიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგ კი გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც, ექსპრეზიდენტის განცხადებით, მოტყუებით და იძულებით გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.