სარჯველაძე ანა ფოტიგაზე: "ის რომ ევროპარლამენტარია, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სხვა შეხვედრა ჩახსნა"

მიხეილ სარჯველაძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ანა ფოტიგასთვის სააკაშვილის მონახულებაზე მიღებული უარი განმარტა. მისი თქმით, სააკაშვილის მნახველთა მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია და ბევრი ფაქტორია, რატომაც შეიძლება უარი ეთქვათ ევროპარლამენტარისთვის. დეპუტატი გამორიცხავს, რომ მიზეზი შეიძლება იყოს რაიმე ფაქტის დამალვა.

„სააკაშვილის მხარის სასარგებლოდ პოლიტიკურად სრულიად მიკერძოებული ადამიანებიც კი უპრობლემოდ, დაუბრკოლებლად ახერხებენ შეხვედრებს მარტივი გზით. არ შეიძლება მიზეზად განვიხილო და ეჭვად მქონდეს, რომ შეიძლება ვარაუდობდნენ, რომ ვინმეს რამე დაუმალონ და არ აჩვენონ“, - განაცხადა სარჯველაძემ.

კითხვაზე, თუ რა კონკრეტული მიზეზით ეთქვა ანა ფოტიგას სააკიშვილის მონახულებასთან დაკავშირებით უარი, სარჯველაძე პასუხობს, რომ ეს „იუსტიციის სამინისტროს უნდა კითხონ და კონკრეტულ ახსნას მიაწვდიან“.

„მე ვვარაუდობ, ის, რომ ევროპარლამენტარია, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სხვა შეხვედრა ჩახსნა და მხოლოდ ევროპარლამენტარი შეუშვა, ან ევროპარლამენტარობა ვინმეზე უპირატეს უფლებას განაპირობებს შესვლა-აშესვლასთან დაკავშირებით, ეს აიხსნა და ეს ლოგიკურია. მე რომ ვვარაუდობდე, რომ იქ არ შეშვების მიზეზი იყო - ვინმესთვის რამე დაემალათ, ამ შემთხვევაში, ეს იქნებოდა მართლაც შემაშფოთებელი, მაგრამ სხვა შემთხვევაში ნამდვილად არ ვხედავ საკითხს ასე“, - განაცხადა სარჯველაძემ.

საგანგებო ვიზიტით ჩამოსული ევროპარლამენტარი წუხს ხელისუფლების ამგვარ გადაწყვეტილებაზე და მათ აკისრებს პასუხისმგებლობას სააკაშვილის ჯანმრთელობაზე.

ასევე ნახეთ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას უარი უთხრეს სააკაშვილის მონახულებაზე
ასევე ნახეთ სამადაშვილი: ეს არის ხელისუფლება, რომელიც ფაქტობრივად ზურგს აქცევს ევროკავშირს და ჩვენს მეგობრებს