Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესტონეთის ექსპრეზიდენტი: საქართველო ცენტრალური აზიის დესპოტიების მიერ გაკვალულ გზას ადგას


ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტოომას ილვესი. 2016 წ. ფოტო.
ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტოომას ილვესი. 2016 წ. ფოტო.

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტოომას ილვესი. მან შეშფოთება გამოთქვა "გირჩის" წევრების დაკავების შესახებ და გამოეხმაურა საქართველოს პენიტენციური სამსახურის მიერ 11 ნოემბერს გავრცელებული ვიდეოებს, რომლებზეც ნაჩვენებია, იძულებით როგორ გადაჰყავთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის საპატიმროდან გლდანის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში.

„ასეთი ინციდენტებით და პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ ძალადობის ამსახველი საშნელი ფილმით საქართველო ცენტრალური აზიის დესპოტიების მიერ გაკვალულ გზას ადგას. მათ არ ანაღვლებთ დასავლური ან ევროპული ნორმები, როგორც ჩანს, აღარც ქართული...“ - დაწერა ილვესმა თავის გვერდზე ტვიტერში.

ილვესმა ეჭვი გამოთქვა საქართველოში ევროკავშირის ყოფნის მიზანშეწონილობის თაობაზე.

„არ მგონია, ევროკავშირისთვის დიდად საჭირო იყოს ყოფნა ქვეყანაში, რომელიც ერთ დროს აზიური დესპოტიზმებს შორის ევროპულ გამონაკლისს წარმოადგენდა. მაგრამ როცა „სტანის“ გზას აირჩევ, რატომ უნდა ხარჯოს ჩემმა ან სხვა ქვეყანამ ფული საელჩოებზე,“ - დაწერა ილვესმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს, ის ამ დროიდან შიმშილობს. პენიტენციურმა სამსახურმა მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით 8 ნოემბერს ის რუსთავიდან გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.

სააკაშვილის რუსთავიდან გლდანში გადაყვანის კადრები პენიტენციურმა სამსახურმა დღეს, 11 ნოემბერს გაავრცელა.

სააკაშვილის იქ მიყვანის მომენტიდან, პატიმრების საკნებიდან მისი მისამართით ისმოდა შეურაცხმყოფელი გამონათქვამები და გინება.

XS
SM
MD
LG