საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მზად არის შეწყვიტოს შიმშილობა, თუ მის მიერ წამოყენებული პირობები შესრულდება. მისი პირობები მედიას მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გააცნო.
"ჩემი შიმშილობა ხდება რუსეთის და მოქმედი ხელისუფლების იარაღი - არა ჩემს, არამედ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება გავითვალისწინო სტრასბურგის სასამართლოს და ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდება და შევწყვიტო შიმშილობა.
ამ შიმშილობის შეწყვეტას აქვს დათქმა: შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობის მართვის პროცესი. ამიტომაც, გლდანის საავადმყოფოში არც ამის პირობებია და არც სათანადო კვალიფიკაციის პერსონალი. გარდა ამისა, წარმოუდგენელია ვენდო იმ დაწესებულების თანამშრომლებს, რომელიც წამების პირობებში მამყოფებს. აქ არ არსებობს უსაფრთხოებისა და ფსიქოლოგიური წნეხისგან დაცვის არანაირი გარანტია - რაც სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნაა", - გვარამიამ მიხეილ სააკაშვილის წერილი, მასთან გლდანის მე-18 დაწესებულებაში შეხვედრის შემდეგ გააცნო მედიას.
გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი მზადაა მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში შიმშილობა შეწყვიტოს, დათქმით, რომ ეს არ იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალი.
სააკაშვილი მოითხოვს ეს გადაწყვეტილება მიიღოს კონსილიუმმა, რომლის შემადგენლობაში თანაბრად იქნებიან სახელმწიფოსა და მისი წარმომადგენლები.
"მისი გადაწყვეტილება უნდა იყოს სავალდებულო და არა სარეკომენდაციო, რომელსაც მე დავემორჩილები და უნდა დაემორჩილოს ხელისუფლებაც", - თქვა გვარამიამ, რომელმაც სააკაშვილის წერილი წაიკითხა.
სააკაშვილმა "დროას" ლიდერს, ელენე ხოშტარიას მადლობა გადაუხადა და მიმართა, რომ მისი ამ გადაწყვეტილების საფუძველზე შიმშილობა შეწყვიტოს.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს, ის ამ დროიდან შიმშილობს. პენიტენციურმა სამსახურმა მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით 8 ნოემბერს ის რუსთავიდან გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.
სააკაშვილის რუსთავიდან გლდანში გადაყვანის კადრები პენიტენციურმა სამსახურმა დღეს, 11 ნოემბერს გაავრცელა.
ასევე ნახეთ "წამიყვანეთ უკან რუსთავის ციხეში!" - პენიტენციური სააკაშვილის ახალ ვიდეოს ავრცელებსსააკაშვილის იქ მიყვანის მომენტიდან, პატიმრების საკნებიდან მისი მისამართით ისმოდა შეურაცხმყოფელი გამონათქვამები და გინება.