პროცესები სააკაშვილის შიმშილობის ფონზე - სად რა ხდება?

ოპოზიციური კოალიციის აქცია ბათუმში, 2 ნოემბერი

საპროტესტო აქციების ახალ ტალღას „ნამდვილ სახალხო მღელვარებასა და ბრძოლას“ უწოდებს ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია. თუმცა ბრძოლის ტაქტიკა ერთგვაროვანი არ არის და განსხვავებული მოსაზრებებია ენმ-ის შიგნით თუ მის პარტნიორ პარტიებში. 

კოალიციის მიერ 31 ოქტომბერს გამოცხადებულ გეგმას - მიმდინარე კვირაში, საქართველოს მასშტაბით 4 აქციის გამართვის შესახებ, 1 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაემატა კიდევ ერთი საპროტესტო ეპიცენტრი - პერმანენტული აქციები რუსთავის ციხესთან, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით.

პარალელურად, შიმშილობისა და პროტესტის კიდევ ერთი კერა გაჩნდა საქართველოს პარლამენტთანაც, სადაც 1 ნოემბერს აშშ-ის მოქალაქე, პაატა აბჟანდაძე დააკავეს. როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, პოლიციელების მხრიდან უხეში მოპყრობის გამო, სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა და ექიმებთან ვიზიტი გათავისუფლების შემდეგაც უწევს.

  • როგორ ვითარდება მოვლენები პატიმარი ექსპრეზიდენტის წერილების ფონზე?
  • რას გულისხმობს 2 ნოემბერს დაწყებული აქციები?
  • რატომ დააკავეს აშშ-ის მოქალაქე რუსთაველის გამზირზე?

კიდევ ერთი კერა და დაკავება

პაატა აბჟანდაძე 1 ნოემბერს რამდენიმე პოლიციელმა მაშინ დააკავა, როცა ის და საქართველოში დროებით დაბრუნებული სხვა ემიგრანტები, ადგილობრივ აქტივისტებთან ერთად, პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლას ცდილობდნენ. სამართალდამცველებმა ოფიციალურ მიზეზად პოლიციის კანონიერი მოთხოვნისთვის დაუმორჩილებლობა დაასახელეს.

აბჟანდაძე გვეუბნება, რომ დაკავების დროს ფიზიკური დაზიანებები მიიღო და კლინიკაში გადაყვანაც დასჭირდა.

„მანქანაში ვერ ვსუნთქავდი, მარცხენა ნეკნის მხარეს მტკიოდა და ეჭვი მქონდა ნეკნის მოტეხილობაზე. საბოლოოდ, ღუდუშაურის კლინიკაში მითხრეს, რომ დაბეჟილია. მაქვს ორივე ხელის თითების დაჭიმულობა და კისრის დაბეჟილობა.

გუშინ დაკავებული, დღეს საღამოს 5 საათისკენ გამომიშვეს, სასამართლოს მერე. პროცესი 12 ნოემბერს გაგრძელდება. ახლა კიდევ ექიმები უნდა ვნახო - ნეკნის არეში, რაც დრო გადის, ტკივილი უფრო მემატება...

სასწაულია, ხალხო, არანაირ წინააღმდეგობას არ ვუწევდი. ამერიკის მოქალაქეს ასე რომ აწევენ ჰაერში და ჩატენიან, აქაურებს რას უზამენ... მოიპარეს მერე ჩემი თავი - „მაკატავეს“ თბილისში და არ მომცეს უფლება დამერეკა ჩემი ადვოკატისთვის“, - ეუბნება პაატა აბჟანდაძე რადიო თავისუფლებას.

იმის გამო, რომ ისევ ექიმებთან მოუწია მისვლა, როგორც თავად ამბობს, ვეღარ შეძლო შეერთებოდა 2 ნოემბერს, რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაწყებულ აქციას.

  • აბჟანდაძე აცხადებს, რომ სამშობლოში მის დროებით ჩამოსვლას (28 სექტემბერს) დროში დაემთხვა მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა და დაკავება, რის გამოც ვიზიტი ჩაფიქრებულზე დიდხანს გაუგრძელდა.
  • მისი ხელმძღვანელობით მოქმედი საინიციატივო ჯგუფისთვის „ემიგრანტები ახალი საქართველოსთვის“ ცნობილია, რომ ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრების შემდეგ, თბილისში სხვადასხვა ქვეყნიდან სააკაშვილის მხარდამჭერი დაახლოებით 30 ემიგრანტი ჩამოვიდა.

„ზოგს ახლა უწევს უკან წასვლა და სხვები ჩამოდიან - ერთმანეთს ენაცვლებიან... ამ მოვლენების გამო ემიგრაცია აშკარად დაიძრა საქართველოსკენ“, - გვეუბნება აბჟანდაძე.

12 ნოემბერს, პაატა აბჟანდაძის საქმის განხილვის დროს, სასამართლოს წინაშე მოწმედ დაკითხავენ „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორს, ელისო კილაძეს და ის სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს მის წინააღმდეგ მიმართულ კიდევ ერთ მუქარას.

„გუშინ, როცა მე მივდიოდი ღუდუშაურის კლინიკისკენ, სადაც აბჟანდაძე გადაიყვანეს, ადვოკატების თანდასწრებით იყო ზარი ღია ნომრიდან - კონკრეტული პირი სიცოცხლის მოსპობით დამემუქრა და როდესაც ვუთხარი, რომ პოლიციას მივმართავ, მიპასუხა - ფეხები ვერ მომჭამოს შენმა პოლიციამო... აი, ასეთი კრიმინალია ქვეყანაში წახალისებული... ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს უკვე მუქარის მესამე ფაქტია“, - ამბობს კილაძე.

ბოლო ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და მუქარის ადრესატი 2 ნოემბერს თბილისის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზეც იყო დაბარებული.

რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის შენობის წინ პროტესტი და შიმშილობა კვლავ გაგრძელდება.

ცალკე - აქცია ციხესთან

რუსთავის ციხესთან 2 ნოემბერს აქციის გამართვის გეგმა მას შემდეგ გახმაურდა, რაც მოშიმშილე პატიმარმა, მიხეილ სააკაშვილმა საპატიმროდან ადვოკატების ხელით გამოგზავნა პირველი წერილი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ.

1 ნოემბერს, რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში მიხეილ სააკაშვილს სომხეთისა და უკრაინის მაგალითები მოჰყავს და საქართველოში შობილი და სხვებისთვის ნასწავლი „რევოლუციების იდეის“ ისევ საქართველოში განმეორების საჭიროებასაც უსვამს ხაზს.

წერილში ვკითხულობთ.

  • „ვაზღვევინოთ ის ფასი, რომელსაც ახდევინებენ თავმოყვარე ერები გამყალბებელ ხელისუფალთ, წავართვათ ხელისუფლება და ვაგებინოთ პასუხი კანონის წინაშე!“
  • „ბოლოს და ბოლოს, ასეთი რევოლუციების იდეა შვა საქართველომ ჩვენი თაობის დროს და ნუთუ ჩვენ ვერ შევძლებთ იმას, რაშიც ადრე სხვები გვბაძავდნენ და გამოუვიდათ კიდეც“.
  • „ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო!“
  • „ერთი სული მაქვს როდის შემოგიერთდებით, მაგრამ ამაშიც თქვენი დახმარება მჭირდება. ვერცერთი ციხის კარები ვერ შეაკავებს ხალხის სამართლიან რისხვას“.

რევოლუციაზე ლაპარაკს სოციალურ ქსელებშიც საკმაოდ მწვავე დისკუსიები მოჰყვა. ექსპერტების ერთი ნაწილიც თვლის, რომ არც რესურსია და ზოგადადაც, საქართველოსთვის სასურველი არ არის კიდევ ერთი მშვიდობიანი რევოლუცია.

ასევე, წერენ და ამბობენ იმასაც, რომ რევოლუციების მიმართ ხალხის გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება იმდენად უარყოფითია, რომ ამგვარმა მოწოდებებმა შესაძლოა შეაფერხოს კიდეც ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების პროტესტი და მათი ქუჩაში გამოყვანის კოალიციური გეგმა.

ასევე ნახეთ რუსთავის ციხესთან "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებული აქცია იმართება

აქციების ტურნე

მოშიმშილე მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებისთვის დაგეგმილი უწყვეტი აქციების დაწყებისას, 2 ნოემბერს, თავად ნიკა მელია იმყოფებოდა არა თბილისში, არამედ - ბათუმში, მანამდე გამოცხადებულ აქციაზე.

31 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციურმა კოალიციამ გამოაცხადა ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისისა და თბილისის აქციების გეგმა. ციხესთან დაგეგმილი აქცია იმ მიტინგზე არავის უხსენებია.

სოციალურ ქსელებში მრავლად იძებნება მიხეილ სააკაშვილის ბედით შეწუხებული ადამიანების მწვავე კომენტარები ნიკა მელიას წინააღმდეგ. ისინი ენმ-ის ლიდერს ინერტულობასა და სისუსტეშიც ადანაშაულებენ.

ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ენმ-ის თავმჯდომარეს ისიც აქვს ნათქვამი, რომ პარტიის მხარდამჭერების რაღაც ჯგუფს ის „ბიძინა ივანიშვილზე მეტადაც კი სძულს“.

ასევე ნახეთ სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების საქმეზე მოწმეები გამოჰკითხეს

ოპოზიციური კოალიციის სხვა ლიდერებთან ერთად ბათუმში ჩასულმა მელიამ აქციაზე თქვა, რომ რუსთავის ციხესთან აქციები მიზნის მიღწევამდე - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე გაგრძელდება. თუმცა, მისი აზრით, ამ ეტაპზე სასწრაფოდ გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენს მოშიმშილე ექსპრეზიდენტის კერძო კლინიკაში გადაყვანა.

ამ ბოლო საკითხის დაუყოვნებლივ გადაჭრის აუცილებლობას კოალიციაში შემავალი სხვა პარტიები და მათი მხარდამჭერებიც აღნიშნავენ; რასაც ვერ ვიტყვით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაზე.

14 ოქტომბერს ენმ-ის ორგანიზებით გამართულ ხალხმრავალ აქციას სხვა პარტიები არ შეერთებიან და მათი წევრები მხოლოდ ინდივიდუალურად მონაწილეობდნენ.

კოალიცია განაგრძობს ლაპარაკს მეორე ტურებში „მიტაცებული“ ხმების „დაბრუნების“ იდეისთვის ბრძოლის ბოლომდე მიყვანაზე. ამ ეტაპზე, საერთო გეგმით, ენმ-თან ერთად, მოქმედებენ პარტიები - „ლელო“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“.

მათ მიერ ოფიციალურად გახმოვანებული მოთხოვნა არ არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუმცა კომენტარებში მუდმივად აღინიშნება ასეთი არჩევნების საჭიროებაც.

2 ნოემბერს ციხიდან გამოგზავნილ კიდევ ერთ გზავნილში მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ მისი გათავისუფლება ვადამდელ არჩევნებსაც დააჩქარებდა:

„ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში გაძლევთ სიტყვას, რომ მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და დავდებთ ივანიშვილს ბეჭებზე“.

პროცესები პარლამენტში

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები 2 ნოემბერს გამართულ პარლამენტის სხდომაზე ოპონენტებს საარჩევნო დაპირისპირების დავიწყებისა და საქმის ერთად კეთებისკენ მოუწოდებდნენ.

ასევე ნახეთ მდინარაძე სააკაშვილზე: გაგვიგია, ადამიანი 40 დღე ძლებს მშიერი, ველოდებით 41-ე დღეს, ჯანსაღად იქნება

მაგალითად, დეპუტატმა დავით დათიკაშვილმა თქვა, რომ საქართველომ ერთიანობაზე და სიყვარულზე გამავალი გზით უნდა იაროს და ილია ჭავჭავაძეც გაიხსენა - „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ 30 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ზუსტად ასახავს ამომრჩეველთა ნებას და ოპოზიციას ამ რეალობასთან შეგუება მოუწევს.

უმრავლეობას ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ წარმომადგენელმა დეპუტატებმა უპასუხეს - რომ საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებები მძიმე დარღვევებზე მიუთითებს და რომ „ოცნება“, წესით, გამარჯვებას არ უნდა ზეიმობდეს.

ასევე ნახეთ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ ბოიკოტს აცხადებს

საქართველოს პარლამენტში ბოიკოტის რეჟიმში გადავიდნენ „ლელოს“ ფრაქციის წევრი დეპუტატები. ბოიკოტის რეჟიმში რჩება ენმ-ც. თუმცა ისინი უარს არ ამბობენ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობაზე.

2 ნოემბერს დეპუტატების მიერ მანდატებზე უარის თქმის პროცესი აღარ გაგრძელებულა.

მას შემდეგ, რაც უფლებამოსილებაზე უარი თქვა ენმ-ის სამმა დეპუტატმა, 1 ნოემბრის მოწოდება 2 ნოემბერს თავად მიხეილ სააკაშვილმაც შეცვალა. ის ამჯერად აცხადებს, რომ მანდატების შენარჩუნება, მათ შორის - პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების დასამტკიცებლად იქნება საჭირო.

ასევე ნახეთ კობახიძის თქმით, არ არსებობს ვალდებულება, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება მიიღოს

საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში ერთი მოსმენით უკვე მიღებულია, თუმცა მეორე მოსმენის წინ, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ, როგორც აცხადებენ, შესაძლოა, კანონპროექტის ტექსტს კიდევ ერთხელ გადახედოს და ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი ერთი ჩანაწერიც შეცვალოს.

ლაპარაკია ცვლილებებში ამჟამად გათვალისწინებულ შესაძლებლობაზე, რომ მომავალი ორი საპარლამენტო არჩევნები, იქნება ეს გეგმური თუ ვადამდელი, ორივე სრულად პროპორციული წესით ჩატარდება.

ამჟამად მოქმედი საკანონმდებლო ნორმით, 2024 წლამდე, ნებისმიერი არჩევნები ისევ შერეული სისტემით (120/30) ჩატარდება.