Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ ბოიკოტს აცხადებს


ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ ბოიკოტს აცხადებს და უარს ამბობს მონაწილეობა მიიღოს პარლამენტის პლენარული სხდომების მუშაობაში იმ დრომდე, სანამ ხელისუფლება არ უზრუნველყოფს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ადეკვატურ დაცვას და არ გაანეიტრალებს ყველა საფრთხეს, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს მის სიცოცხლეს.

განცხადება ბოიკოტის შესახებ ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა, პარლამენტში გააკეთა.

„დღეს 33-ე დღეა, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობს. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხე არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც დგას ჩვენი სახელმწიფოს წინაშე. ისტორიას არ რჩება დეტალები. არავის ემახსოვრება, რა ბრალდებებით არის დღეს დაპატიმრებული მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ჩვენს ძალიან რთულ პოლიტიკურ ისტორიას შავ ფურცლად დარჩება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შემდგომი გაუარესება და საფრთხე, რომელიც მის სიცოცხლეს ემუქრება. მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და მისი სიცოცხლის უფლების უზრუნველყოფა დღეს არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მთავარი ვალდებულება და შესაბამისად, ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელია ის დამოკიდებულება, რასაც დღეს ხელისუფლება ავლენს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით. მერწმუნეთ, რომ ჩვენს ისტორიას აქვს ძალიან მძიმე გამოცდილება და ჩვენს ქვეყანას უბრალოდ არ აქვს რესურსი, რომ გადაიტანოს კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც უკავშირდება სახელმწიფოს ყოფილ მეთაურს და იმ ადამიანს, რომელმაც ძალიან უთანასწორო ბრძოლა გამოუცხადა რუსეთს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, ჩვენი დასავლური მომავლის უზრუნველყოფის მიზნით“.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, ფრაქციამ უკვე მიმართა პარლამენტს ბოიკოტის განცხადებით. დეპუტატი ასევე მიმართავს საერთაშორისო პარტნიორებსაც:

„მსურს, რომ ხელისუფლებამ, ისევე როგორც ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, მიიღონ ჩვენი პოლიტიკური ბოიკოტის შესახებ განაცხადი, როგორც ძალიან სერიოზული გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა შედის უმძიმეს კრიზისში და მოითხოვს შესაბამის რეაგირებას როგორც ხელისუფლების მხრიდან, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან“.

შეგახსენებთ, ფრაქცია "ლელოს" წევრები არიან არმაზ ახვლედიანი, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, დავით უსუფაშვილი, შალვა შავგულიძე, მამაუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 33-ე დღეა შიმშილობს.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე დამძიმდება, რომ მისი ჰოსპიტალიზაცია გახდება საჭირო, მას გადაიყვანენ პენიტენციური სამსახურის საავადმყოფოში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. ეს არის პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში დღეისათვის არსებული ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო ერთადერთი კლინიკა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და ექიმები აცხადებენ, რომ პენიტენციური სამსახურის მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ არის აღჭურვილი იმ აპარატურით, რაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისა და მკურნალობისთვისაა საჭირო. გარდა ამისა, მათი განცხადებით, სამკურნალო დაწესებულებაში ვერ იქნება დაცული მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებაც. ისინი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას მოითხოვენ.

2 ნოემბერს, 12 საათზე, პარლამენტის პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნება.

გარდა, ფრაქცია „ლელოს“ ბოიკოტისა, პირველ ნოემბერს, სადეპუტატო მანდატის დატოვების თაობაზე განცხადებები გააკეთეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანა წითლიძემ, ნონა მამულაშვილმა და ლევან ვარშალომიძემ. მანამდე, 31 ოქტომბერს, პარლამენტის დატოვების შესახებ განაცხადა „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ. დეპუტატის მანდატს ტოვებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეც.

30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, ხოლო 24 მუნიციპალიტეტის 42 ოლქში - მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ყველგან, წალენჯიხის გარდა, მერის არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხებათ მაჟორიტარებს, 42 მაჟორიტარული ოლქიდან 27-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს და 15-ში ოპოზიციის.

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლისთვის" ემზადება.

XS
SM
MD
LG