„ქართული ოცნება“ არ მალავს, რომ აქციისთვის სრული ძალით ემზადება. ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ პარტიის ლიდერებიც აქტიურად მოუწოდებენ. ისინი ამბობენ, რომ ეს არა „კონტრაქცია“, არამედ დასავლური ყაიდის საარჩევნო ღონისძიებაა. თუმცა ექსპერტებისთვის ნათელია, რომ „ოცნებას“ ქუჩაში „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მეტი მხარდამჭერის დემონსტრირების მიზანი ამოძრავებს.
- ვის უჩვენებს ძალას „ქართული ოცნება“ და ვინ იდგება 27 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე?
- რა გზით აპირებს „ქართული ოცნება“ ხალხის შეკრებას რეგიონებიდან?
- რატომ გახდა აუცილებელი მასშტაბური აქციის ჩატარება კოვიდპანდემიის ახალი შემთხვევების მაღალი მაჩვენებლების ფონზე?
მასშტაბური მზადება
აქციაზე „ქართული ოცნება“ მხარდამჭერებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან იწვევს და აცხადებს, რომ 27 ოქტომბერს დედაქალაქში უნდა შეიკრიბოს ყველა, ვისთვისაც ძვირფასია „ეროვნული ღირებულებები, ღირსება, თავისუფლება, მშვიდობა და განვითარება“; რაც, ასევე - „ბოროტებად“ მოხსენიებული „ნაციონალური მოძრაობის“ დასრულების მსურველთა შეკრებას ნიშნავს.
"ოცნების" ლიდერები "ბოროტებისა" და ენმ-ის "დასრულების" აუცილებლობაზე ყოველდღიურად ლაპარაკობენ. ასეა აქციაზე გაკეთებულ კომენტარებშიც.
- „ათეულათასობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქე შეიკრიბება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ - თუ როგორია ქართველი ხალხის ძალა, რომელიც იბრძვის ბოროტების საბოლოოდ დასამარცხებლად, ღირსებისა და თავისუფლების დასაცავად, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისათვის“ - ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.
- „ეს, რა თქმა უნდა, იქნება გამაერთიანებელი აქცია იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ყველას - თუ ვის მხარეს დგას ხალხი; ვაჩვენოთ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენს ხალხს სურს მშვიდობიანი განვითარება; მშვიდობა სურს ხალხს, სტაბილურობა სურს... და არა დესტაბილიზაცია და ქაოსი, მუდმივი ბოიკოტი, ძალადობის და უსამართლობის დაბრუნება, რომელზეც ეს რევანშისტული ბნელი ძალები, სააკაშვილის პარტია ფიქრობს 24 საათის განმავლობაში“ - ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერ-მინისტრი.
ხალხი მმართველ პარტიას დედაქალაქში "ქართული ოცნების" მხარდაჭერის გარდა, „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგოდაც რომ ჩამოჰყავს, "ქართული ოცნების“ ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის, გია ბასილაძის სიტყვებიდანაც ჩანს.
„ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ არა „ნაციონალურ მოძრაობას“!“ - ამბობს რადიო თავისუფლების ქუთაისელ კორესპონდენტთან საუბრისას და აქვე გარკვეულ გეგმებსაც განმარტავს:
- თბილისში მსურველთა გამომგზავრების ორგანიზება ძირითადად პარტიის მიერ ხდება - „ტრანსპორტირებას ჩვენც უზრუნველვყოფთ და საკუთარი მანქანებითაც ბევრი წამოვა“;
- ხალხი თბილისში იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტიდან ჩამოვა - „ქუთაისიდან დაახლოებით 5-6 ათასი ადამიანი იქნება. დანარჩენი იმერეთიდანაც შემოგვიერთდება ყველა, ვინც მმართველი პარტიის მხარდამჭერია“.
- თბილისში წამოსვლის შესაძლებლობა აქვს ყველას და მათ შორის - საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებს - „წავა ყველა, ვისაც სურვილი ექნება. იქნება ეს საბიუჯეტო ორგანიზაციის წარმომადგენელი თუ რიგითი მოქალაქე“.
შვებულების ერთი დღე და ტრანსპორტი
27 ოქტომბერი საქართველოში ჩვეულებრივი სამუშაო დღეა. 17:00 საათზე, როდესაც აქცია დაიწყება, საქართველოს კანონმდებლობით, სამუშაო საათები ჯერ დასრულებული არ იქნება და დრო, ცხადია, გზაშიც არის საჭირო.
რადიო თავისუფლების გორელი კორესპონდენტი ადგილობრივ მერიაში გაკეთებულ განმარტებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ საჯარო მოხელეებმა თბილისური აქციისთვის ერთდღიანი შვებულებით უნდა ისარგებლონ.
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თამაზ შიოშვილი ვარაუდობს, რომ აქციას გორის მუნიციპალიტეტიდან 5000-მდე მოქალაქე შეუერთდება, თუმცა „ამდენი ხალხი ალბათ არ დაგვჭირდება“.
„ქართული ოცნების“ რეგიონულ ოფისებში აცხადებენ, რომ ხალხს არავინ არაფერს აძალებს და თბილისში გამომგზავრებაც ნებაყოფლობითი იქნება. ოპოზიცია კი მასშტაბურ წნეხზე ლაპარაკობს.
„არაფერი არ იმალება ამ პატარა ქვეყანაში. ყველამ ვიცით, რომ ძალდატანებით ექაჩებიან ბუღალტრებს, კანცელარიის თანამშრომლებს, დამლაგებლებს, საჯარო მოხელეებს, უნდათ თუ არ უნდათ, მიჰყავთ ეს ადამიანები აქციაზე. ეს ფილმი ნანახი გვაქვს...
არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ უნდა ჰქონდეს იმისი შესაძლებლობა, რომ სახელმწიფოში დასაქმებულ საჯარო მოხელეს მათი ნების საწინააღმდეგოდ ექაჩებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ აქციაზე. ესეც დასასრულებელია. 30 ოქტომბერს ყველანი არჩევნებზე მისვლის შემდეგ ვიზეიმებთ მრავალმხრივ გამარჯვებას. მათ შორის, გამარჯვებას ამ ძალდატანებაზე“, - განაცხადა 26 ოქტომბერს ნიკა მელიამ.
ასევე ნახეთ კალაძის თქმით, "ქართული ოცნების" აქციაზე ჩამოყვანილ მოქალაქეებს კვების ხარჯით "უზრუნველყოფენ"დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ პარტია თბილისში აქციაზე წამომსვლელებს საკვებით მოამარაგებს.
ტელეკომპანია „ფორმულა“ იტყობინება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და აქციის პოტენციური მონაწილეებისთვის 50 ლარის შეთავაზების შესახებ.
ტელეკომპანია ასევე იუწყება აქციის მიზნებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტის სავარაუდო გამოყენების შესახებაც - მაგალითად, ქარელის მუნიციპალიტეტში არსებობს საფრთხე, რომ 27 ოქტომბერს, თბილისში არწამოსულები სოფლებში გადაადგილების შესაძლებლობის გარეშე დარჩნენ.
„რამდენი კაციც ჰყავდათ შეკრებილი მათ თავიანთ აქციაზე [„ნაციონალურ მოძრაობას“ 14 ოქტომბრის აქციაზე] - იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ ხალხი ჩამოვიყვანოთ თბილისში“, - ასე იხუმრა 25 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ.
კონტრაქცია თუ ჩვეულებრივი პარტიული საარჩევნო ღინისძიება?
„ნაციონალური მოძრაობის“ ხშირად ხსენების, თითქმის ყველა საკითხის ამ პარტიასთან დაკავშირებისა და პარალელების გავლების მიუხედავად, „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ 27 ოქტომბრის აქცია ენმ-ის მიერ 14 ოქტომბერს გამართული აქციის კონტრაქციად არ უნდა განვიხილოთ.
„ეს არის საარჩევნო შეკრება და, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ ქვეყანაში ეს არის აპრობირებული პრაქტიკა - როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში - როდესაც ადამიანები იკრიბებიან წინასაარჩევნოდ იმისათვის, რომ ერთმანეთს გაუზიარონ, მათ შორის - ემოციები... მმართველი პარტიის ორგანიზებულია ეს და არა ხელისუფლების“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 25 ოქტომბერს, ხაშურში ყოფნისას.
მას არც წინა დღეებში და, მაგალითად, არც 19 ოქტომბერს გურიაში ყოფნისას დაუმალავს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები, წინასაარჩევნოდ რეგიონული ტურნეს პარალელურად, ამ აქციის დაგეგმვაზეც მუშაობდნენ.
ასევე ნახეთ ვის რა დაანახვა ქუჩაში გამოსულმა ხალხმა და რა იქნება მერე?ექსპერტ გია ხუხაშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ „ქართული ოცნება“ სწორედ ენმ-ის აქციის კონტრაქციას მართავს და სურს, რომ სიგნალი, მათ შორის - საერთაშორისო პარტნიორებსაც გაუგზავნოს.
„ახლა ესენი ფიქრობენ, რომ დადონ თავისი სურათი და დაუმტკიცონ ყველას, რომ მათი მხარდაჭერა, მეტი თუ არა, ნაკლები ნამდვილად არ არის... ასეთი ხელისუფლება გვყავს - იმის მაგივრად, რომ ქვეყანაში არსებულ მძიმე ფონზე პრობლემები გადაწყვიტოს, ფაქტობრივად ოთხშაბათი გამოაცხადა უქმე დღედ საჯარო სექტორისთვის - სამსახურის ნაცვლად, ჩასხავენ მათ ავტობუსებში და აქციაზე წამოიყვანენ... აი, ამ უბედურებაში ვცხოვრობთ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ექსპერტი გია ხუხაშვილი.
ის, ვინც 27 ოქტომბრის აქციას კონტრაქციად მიიჩნევს, შემთხვევითად არც იმ ფაქტს თვლის, რომ „ოცნებამ“ აქცია დაგეგმა თავისუფლების მოედანზე, ანუ ზუსტად იმავე ადგილას, სადაც ორი კვირის წინ ენმ-ის მასშტაბური აქცია გაიმართა. საზღვარგარეთის მედიასაშუალებების დათვლით, ამ აქციაში 50-60 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
რაოდენობა და ხარისხი
ოპოზიციის მხარდამჭერებს შორისაც, და ეს განწყობა ჩანს სოციალურ ქსელებშიც, ბევრი მოელის, რომ 27 ოქტომბერს „ქართული ოცნება“, „სხვადასხვა გზითა და ხერხით“, ქუჩაში ბევრ ხალხს გამოიყვანს. გია ხუხაშვილი ამბობს, რომ აქციის წარმატებას მხოლოდ მონაწილეთა რაოდენობა არ განსაზღვრავს:
„ნებისმიერ აქციას სული რომ ჩაბერო, მხოლოდ წარსულის უარყოფა არ კმარა. ცოცხალი რომ იყოს აქცია, მას მომავლის რწმენის გაღვივება სჭირდება... დღეს კი რა გვესმის?! ხელისუფლება ხალხს ეუბნება - აწმყო შეიძლება არ ვარგა, მაგრამ ბნელ წარსულს ჯობიაო... ამ აქციაზეც "სისხლიან 9 წელზე" ილაპარაკებენ... სხვა რა აქვთ სათქმელი?! როცა მომავლის ენერგია არ არის, ნებისმიერი აქცია მკვდარია, ხალხის რაოდენობის მიუხედავად“.
ასევე ნახეთ სიძულვილი, ზიზღი, დაძაბულობა, ცვლილებები, დაპირებები - პოლიტიკური ველი მეორე ტურის წინბოლო დღეებში ბევრი ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ კონტრაქცია შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავდეს. თუმცა გია ხუხაშვილს დღეს დაპირისპირების რესურსი არ ეგულება - არც „ოცნების“ და არც ოპოზიციის მომხრეებში.
„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ანი მიროტაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას 2003 და 2012 წლებს იხსენებს, როცა შესაბამისად - შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლებებმა, მმართველობის მიწურულს, „ძალების უშედეგო დემონსტრირება“ სცადეს.
მიროტაძე ამბობს, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმა ხელისუფლებისთვის სისუსტის შიშით ნაკარნახევი, წამგებიანი სვლაა და სიკეთეს არც „ოცნებას“ მოუტანს.
„უკვე წარმოდგენილი მაქვს, როგორ მიმდინარეობს ხალხის ძალით ჩამოყვანა რეგიონებიდან, განსაკუთრებით განათლების სისტემის, პედაგოგების, მოსწავლეთა მშობლებისა და ადმინისტრაციული რესურსის გააქტიურებით და ასე შემდეგ...
ხელისუფლებას არ ეყო გონიერება, რომ კონტრაქცია არ დაეგეგმა და მით უფრო - ამ პოლარიზებულ გარემოში.
როცა ბოლო, მილევადი პერიოდი აქვთ, განსაკუთრებით - ავტორიტარული რეჟიმისკენ მიდრეკილ ხელისუფლებებს, სწორედ ასეთ ნაბიჯს დგამენ, მაგრამ არ შველით ხოლმე ეს მათ... ეს არის შიში ხელისუფლების დაკარგვის და ყველაფრის ფასად მისი შენარჩუნების“, - გვეუბნება მიროტაძე.
და კოვიდი?!
სოციალურ ქსელებში გამოთქმული მოსაზრებების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ უგულებელყო როგორც „ჩავარდნილი ვაქცინაცია“, ასევე ინფიცირების მაღალი მაჩვენებლები და 4800-მდე ახალი შემთხვევის ფონზე, საზოგადოებისთვის დამატებითი საფრთხის შექმნას არ აარიდა თავი.
სხვათა შორის, ამისკენ „ოცნებას“ ენმ-ის აქტიური ოპონენტებიც მიუთითებენ. ისინი შეწუხებული არიან, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ 14 ოქტომბრის მასშტაბური აქციის მსგავსად, ხალხის ჯანმრთელობაზე არც მმართველმა პარტიამ იფიქრა.
კოვიდპანდემიის გამწვავებულ ფონზე დასმულ შეკითხვას გორის მერის მოადგილემ, თამაზ შიოშვილმა ასეთი პასუხი გასცა - „აქციაზე რეგულაციებს ისევე დავიცავთ, როგორც “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაიცვა”.
ამ დღეებში ბევრმა აღნიშნა მარტივი ჭეშმარიტება, რომ პასუხისმგებლობა ყველას მოეთხოვება, მაგრამ - ხალხის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლების ვალდებულებაა.
თბილისში, თავისუფლების მოედანზე სცენის აწყობა 26 ოქტომბერს დილიდან დაიწყო. დადის ხმა, რომ აქციის მონაწილეებს კონცერტსაც შესთავაზებენ; თუმცა გეგმისა და რეპერტუარის დაზუსტების საშუალება არ მოგვეცა.