თუ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს ციხის საკნიდან ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტს სახელმწიფო მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაყვანას შესთავაზებს. ექიმებისგან დაკომპლექტებული კონსილიუმის რეკომენდაცია მრავალპროფილური, მაღალი კვალიფიკაციის მქონე კლინიკაში მისი გადაყვანაა. იუსტიციის სამინისტროს პოზიციაა, რომ ციხის მე-18 სამედიცინო დაწესებულება „მოშიმშილე პატიმრის მკურნალობისათვის საჭირო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს“, თუმცა საპირისპირო აზრზე დგას სახალხო დამცველის აპარატი, რომელმაც ეს დაწესებულება უკვე შეამოწმა და იქ არაერთი ხარვეზი აღმოაჩინა. როგორია ექიმების აზრი და მათ შორის, ზურაბ ფაღავასი, რომელმაც კონსილიუმი, ორიოდე დღის წინ დატოვა, მისივე განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო? ჩვენ მას რამდენიმე კითხვით მივმართეთ.
რადიო თავისუფლება: ბატონო ზურაბ, მადლობა ინტერვიუსთვის და თუ შეიძლება, გაგვიზიარეთ, როგორ მიიღო კონსილიუმმა საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილება - რა დისკუსია მიმდინარეობდა ჯგუფის წევრებს შორის?
ზურაბ ფაღავა: დისკუსიას ამას ვერ დავარქმევდი, უბრალოდ, ჩვენ მიხეილ სააკაშვილს შევხვდით სულ ორჯერ - 19 და 23 ოქტომბერს. გავსინჯეთ, შევაფასეთ მისი მდგომარეობა, დავგეგმეთ გამოკვლევები და მისი მდგომარეობის შეფასების შედეგად, მივედით იმ დასკვნამდე, რომ რადგან უკვე დიდი დრო იყო გასული შიმშილობის დაწყებიდან, მატულობდა საფრთხე, იყო მის ორგანიზმში ისეთი ცვლილელები, რაც საჭიროებდა ძალისხმევას მათ გამოსასწორებლად, დავაყენეთ საკითხი, რომ გარკვეულ პირობებში შესაძლებელია დამდგარიყო მისი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა.
შემდეგ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ რა ტიპის დაწესებულებაში იქნებოდა საჭირო მისი ჰოსპიტალიზაცია და ვთქვით, რომ ეს არის მაღალპროფილური, მაღალი კვალიფიკაციის დაწესებულება, ე.წ. C კატეგორიის დაწესებულება.
ამ საკითხთან დაკავშორებით კონსილიუმის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა - ყველამ მოვაწერეთ დასკვნას ხელი, კონსილიუმს არ ჰყავს თავმჯდომარე და ყველა თანაბარუფლებიანი წევრია. მოკლედ, ყველამ მოაწერა, ნევროპათოლოგმა, ენდოკრინოლოგმა, მე - კარდიოლოგმა, ჰემატოლოგმა, რეანიმატოლოგმა. ეს დოკუმენტი ჩაიდო ისტორიაში და ასე დავტოვეთ იქაურობა. რა მოხდა მერე, ვეღარ გეტყვით.
Your browser doesn’t support HTML5
რადიო თავისუფლება: რა შემთხვევაში ხდება მოშიმშილე პაციენტის გადაყვანა საავადმყოფოში?
ზურაბ ფაღავა: მანდ ორი სხვადასხვა მდგომარეობაა. ერთი, როცა ძლიერი რისკის შემცველი ფაქტორები ან ლაბორატორიული არ ექვემდებარება მართვას იმ პირობებში, რომელშიც ესა თუ ის პაციენტი იმყოფება, და მეორე, როცა უკვე ჩამოყალიბდება სიცოცხლისათვის საშიში სიმპტომები. და ეს ყველაფერი ასევე ჩავწერეთ დასკვნაში.
აზრი პრევენციული ჰოსპიტალიზაციის შესახებ კონსილიუმს სააკაშვილთან პირველი შეხვედრაზე გაუჩნდა, თუმცა, როგორც ვიცი, ამას მისი პირადი ექიმი უფრო ადრეც ითხოვდა. მაშინ, ჩემი აზრით, კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ იქვე გაიშალა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჯგუფი და ის საკმარისად ეფექტიანად მოქმედებდა. მაგრამ როცა ის 23-ში ვნახეთ, მივხვდით, რომ ეს, შესაძლოა, მალე საკმარისი აღარ ყოფილიყო.
რადიო თავისუფლება: თუ იცით, ციხის საავადმყოფო რამდენად შეესაბამება იმ სტანდარტს,რომელიც თქვენ მოითხოვეთ. ან რატომ არის უარზე იქ გადაყვანაზე მიხეილ სააკაშვილი?
ზურაბ ფაღავა: მე არ ვიცნობ ციხის საავადმყოფოს, არ ვარ იქ ნამყოფი და მე როგორც ვიცი, ჩვენი კონსილიუმის არც ერთი წევრი არ არის იქ ნამყოფი, ამიტომ იქაურობას ვერ დავახასიათებ, არც მონაცემები ვიცი იქ რა აქვთ, ვიცი მხოლოდ ის, რომ სახალხო დამცველი იყო შესული და თავისი აზრი გამოთქვა. ჩვენ არ დავაზუსტეთ კონკრეტული კლინიკა, მაგრამ ვთქვით, რომ აი, ასეთი ტიპის საავადმყოფოა საჭირო.
რადიო თავისუფლება: შეგიძლიათ გვითხრათ, თქვენს მიერ რეკომენდებული მრავალპროფილური კლინიკა როგორი უნდა იყოს, რა სერვისები უნდა არსებობდეს იქ?
ზურაბ ფაღავა: მრავალპროფილურობა, რომლის რეკომენდაციაც გავეცი, არ არის აკვიატებული აზრი, ეს არ შეეხება მხოლოდ ამ პაციენტს, ნებისმიერ სხვა პაციენტსაც იგივეს დავუწერდით, რომელიც შიმშილობს, რადგან შიმშილობა გავლენას არ ახდენს მხოლოდ ერთ სისტემასა და ორგანოზე, ეს გავლენას ახდენს ყველა ორგანოზე და ნებისმიერი ეს ორგანო შეიძლება პათოლოგიურად გააქტიურდეს ნებისმიერ მომენტში.
შესაბამისად, აუცილებელია იქ იყვნენ სპეციალისტები, რომლებიც მთელ ამ პროცესს აკონტროლებენ და თუ საჭირო გახდა, ადეკვატურად დაეხმარებიან. გარდა ამისა, იქ უნდა იყოს კონტროლის შესაბამისი ინსტრუმენტრული და ლაბორატორიული საშუალებები, რომლებიც სწრაფად მიაწვდიან ექიმებს სათანადო დასკვნას, იქვე უნდა იყოს დახმარების გაწევის ტექნიკური საშუალებებიც. ასეთი ტიპის კლინიკაა რეკომენდებული ამ პაციენტისთვის და ყველა სხვა პაციენტისთვის, რომელიც ამავე მდგომარეობაშია.
რადიო თავისუფლება: თქვენ როგორ შეაფასებდით ახლა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას?
ზურაბ ფაღავა: როგორც ჩავწერეთ, 23-ში მისი მდგომარეობა ისეთივე იყო, როგორც 19-ში, ოღონდ უფრო სუსტად გრძნობდა თავს. ახლა მანდ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა არის ენდოკრინილოგი, ჩვენ, პაციენტთან ერთად მოვისმინეთ მისი საკმაოდ ვრცელი განმარტება, რისკების ჩამოთვლით და გაფრთხილებით. ის საკმაოდ ღიად და გულწრფელად ელაპარაკა მიხეილ სააკაშვილს თუ რა ემუქრება. ცხადია, ახლა ყოველი შემდგომი დღე არის უფრო მეტი საფრთხის შემცველი ვიდრე წინა.
რადიო თავისუფლება: ბატონო ზურაბ, რატომ დატოვეთ კონსილიუმის შემადგენლობა, რა გახდა ამის მიზეზი?
ზურან ფაღავა: მართლა ეს მიზეზი იყო, არ ვარ კარგად. ოქტომბერში გადავიტანე კოვიდი. რადგან ცუდად არ ვიყავი და ვფიქრობდი, რომ შევძლებდი, მაგრამ დამატებითი დატვირთვა რომ დამემატა, მიხვდი, რომ ვერ. ემოციური დატვირთვაც ხომ არის ეს ამბავი, უზარმაზარი პასუხისმგებლობაა და მივხვდი, რომ ამ ეტაპზე თავი უნდა შემეკავებინა. თან, ახლა კარდიოლოგის აქტივობის დრო ამოწურულია. დღეს არ არსებობს რთული სადიაგნოსტიკო სიტუაცია - ექიმისთვის. ამ ჯგუფში არის ძალიან კარგი და გამოცდილი რეანიმატოლოგი, რომელიც შესანიშნავად მართავს ყველა შესაძლო ვარიანტს, რომელიც გულთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.
რადიო თავისუფლება: ანუ თქვენ სხვა კარდიოლოგით არ შეგცვლიან?
ზურაბ ფაღავა: ეს არ ვიცი, ამ კონსილიუმში მე შემომთავაზეს მონაწილეობა და ჩავთვალე, რომ ჩემი მოქალაქეობრივი ვალია და დავთანხმდი ამაზე. ახლა რა იქნება, ეს ჩემთვის ცნობილი არ არის.
25 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ რუსთავის ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა. მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გლდანის #18 პენიტენციური დაწესებულება, სადაც პატიმრებს მკურნალობენ, მზად არის სააკაშვილის მისაღებად.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, უკვე 25 დღეა შიმშილობს რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში.
ასევე ნახეთ ადვოკატი: ღამით სააკაშვილის ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვრამდე დაეცა ასევე ნახეთ იუსტიციის მინისტრის თქმით, სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხი არასდროს განხილულა ასევე ნახეთ სახალხო დამცველი შემოწმების შემდეგ ამბობს, რომ გლდანის ციხის ჰოსპიტალში სააკაშვილის გადაყვანა მართებული არ იქნება