„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი აკაკი ბობოხიძე რადიო თავისუფლების „დღის საუბრებში“ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თბილისის მერობის კანდიდატის, არჩევნების მეორე ტურში გადასული ნიკა მელიას მიერ დედაქალაქის კოალიციური მთავრობის გუნდის წარდგენას წინასაარჩევნო ერთობის დემონსტრირებად მიიჩნევს. აკაკი ბობოხიძე აღნიშნულ გუნდს კლასიკურ კოალიციად არ განიხილავს:
„კოალიციები დგება მაშინ, როდესაც პოლიტიკური პარტიები ერთმანეთის გარეშე გადაწყვეტილების მიღებას უბრალოდ ვერ ახერხებენ. ამ თვალსაზრისით ახლა აქ ეს მდგომარეობა არა გვაქვს. მე ამას დავარქმევდი სწორ ნაბიჯს მელიას მხრიდან. ის, გამარჯვების შემთხვევაში, ასე ვთქვათ, სთავაზობს ერთობლივ მართვას სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებს. ანუ ეს გუშინდელი წარდგენა, ჩემის აზრით, უფრო იყო წინასაარჩევნო ერთობის დაფიქსირება მეორე ტურის წინ, რათა მოხდეს ამომრჩევლების ხმების გაერთიანება“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ „დღის საუბრებში“.
გადაცემაში აკაკი ბობოხიძემ კოალიციური გუნდის წარდგენის შემდეგ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ხმების გაერთიანების შანსებსა და რისკებზე საუბრისას განაცხადა, რომ სავარაუდოდ წარდგინება შიშს გაუქრობდა იმ ამომრჩეველს, რომელიც ფიქრობდა, რომ „ერთი პარტიის დომინაციით გაგრძელდებოდა პროცესი“. გადაცემაში აკაკი ბობოხიძემ გამოთქვა მოსაზრებაც იმის შესახებ, რომ გუნდის წარდგენით შესაძლოა ყველაზე უკმაყოფილო „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი დარჩენილიყო.
„სავარაუდო გამარჯვების შემთხვევაში, გამარჯვება თითქოს მათ ეკუთვნით და ისინი თმობენ რაღაცას, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ისინი გაითვალისწინებენ, რომ მარტო გამარჯვებას ვერ მიაღწევენ. ამ გამარჯვებაში წვლილი იქნება არა მარტო „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ ყველა იმ ამომრჩევლის, რომელიც ნიკა მელიას მისცემს ხმას“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ. "დღის საუბრებში" მან იმედი გამოთქვა, რომ მეორე ტურში გასული ოპოზიციური კანდიდატების სასარგებლოდ მისცემს ხმას ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის ამომრჩეველიც.
„ყველა ხმა უნდა გაერთიანდეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად და ცვლილებების საფუძვლის შესაქმნელად. იმედი მაქვს, რომ ამომრჩეველიც ამას ასე აღიქვამდა. ასევე იმედი მაქვს, რომ გიორგი გახარიას მხარდამჭერებიც მხარს დაუჭერენ ცვლილებებს... გახარიას და მისი პარტიის წარმატებაც პირდაპირ არის დაკავშირებული, რამდენად მალე მოხდება ცვლილებები ქვეყანაში და ცვლილებები თუ გვინდა, მხარი არ უნდა დავუჭიროთ სტატუს-კვოს შენარჩუნებას, მხარი არ უნდა დავუჭიროთ „ქართული ოცნების“ დარჩენას კვლავ ხელისუფლებაში“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ „დღის საუბრებში“.
ასევე ნახეთ ნიკა მელიამ თბილისის მთავრობის კოალიციური გუნდის კანდიდატურები წარადგინა- ნახეთ სრული სია ასევე ნახეთ ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციის გაერთიანებაზე ნანახ "ფარსს" "ნორმალური ადამიანი" ვერ დაიჯერებდათბილისის მერის არჩევნების მეორე ტურის წინ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ნიკა მელიამ 20 ოქტომბერს მერის მოადგილეობის, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების კანდიდატები დაასახელა. გუნდში შევიდნენ "ნაციონალური მოძრაობის", "ლელოს", "გირჩი - მეტი თავისუფლების", "ევროპული საქართველოს", "ერთიანი საქართველოს", "დროას" წევრები და ასევე რამდენიმე უპარტიო კანდიდატი.
ასევე ნახეთ უფასო კვება მოსწავლეებს, საზღვარგარეთ სწავლა სტუდენტებს, მეტი პენსია მოხუცებს - ნიკა მელიას დაპირებები მეორე ტურში30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. თბილისის მერობისთვის ერთმანეთს "ქართული ოცნების" კანდიდატი, თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია დაუპირისპირდებიან. არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, კახა კალაძეს ამომრჩეველთა ხმების 45,006% ერგო, ხოლო ნიკა მელიას - 34,011%.
ასევე ნახეთ სიძულვილი, ზიზღი, დაძაბულობა, ცვლილებები, დაპირებები - პოლიტიკური ველი მეორე ტურის წინ