„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მსგავსი რამ არასოდეს გაუკეთებია, მაგრამ, თავისი წონითა და მნიშვნელობით, პარტია „საქართველოსთვის“ ამდენ ძალისხმევად არც თეორიულად ღირს.
ამასობაში კი, გახარიას პარტია ექსპერტებისთვის შთამბეჭდავი ტემპებით მიიწევს წინ - პარტიამ საქართველოს მასშტაბით ათეულობით ოფისიც გახსნა, პოლიტიკურ რეიტინგებში მესამე ადგილიც დაიმკვიდრა და „ქართულ ოცნებასთან“ გამიჯნული არაერთი ყოფილი თუ მოქმედი საჯარო მოხელეც მიიღო.
გახარიას გამო?
2021 წლის თებერვალში, როცა გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტი დატოვა, შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს განყოფილების უფროსმა, ჯუანშერ მალანიამ თავის ფეისბუკგვერდზე გახარიას საგანგებო ბრიფინგის ამსახველი ვიდეო გააზიარა და დაწერა: „ეს კაცი გადაარჩენს საქართველოს! უდიდესი პატივისცემა ბატონო გიორგი! ბრძენი ადამიანი! და ყველაზე გამორჩეული ლიდერი!“
მალანია გვეუბნება, რომ პოსტს მალევე მოჰყვა ზარები „ზევიდან“. მას არაერთხელ შეახსენეს, რომ მოსაზრება „დროულად“ არის წასაშლელი; მაგრამ 18 თებერვლით დათარიღებული პოსტი მის ფეისბუკგვერდზე დღემდე იძებნება.
მაისის ბოლოს გიორგი გახარიამ თავისი პარტია - „საქართველოსთვის“ დააფუძნა. 25 ივნისს კი, შს სამინისტროს სისტემაში მალანიას 9-წლიანი კარიერა დასრულდა.
„(თებერვლიდან) უკვე ვფიქრობდი, რომ სამსახურიდან უნდა წამოვსულიყავი, რადგან ვგრძნობდი არაჯანსაღ დამოკიდებულებას და შს სამინისტრო იქცა პოლიტიკურ იარაღად. მაგრამ ისევ თავად დამასწრეს. 25 ივნისს დამიბარეს და შემომთავაზეს ორი ასეთი ალტერნატივა - ან უნდა დამეწერა განცხადება და ჩემი პირადი სურვილით წავსულიყავი, ან თვითონ გამიშვებდნენ დასკვნით. არ ვიცი, დასკვნაში რას ჩაწერდნენ, მაგრამ არაფერი გაუჭირდებოდათ.
9 წლის მანძილზე ერთი ელემენტარული გადაცდომაც არ მქონია. რადგან წამოსვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა, დავწერე განცხადება და წამოვედი... ჩემთან პოლიტიკაც ახსენეს - მითხრეს, პოლიტიკური ამბავიაო... 3 წლის წინ დავინიშნე ხელმძღვანელ პოსტზე და, სავარაუდოდ, ესეც გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდს დაუკავშირეს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ჯუანშერ მალანია, რომელიც გახარიას პარტიაში ერთი კვირის წინ გაწევრიანდა.
მალანია საქციელს უწონებს ყველას, ვინც პოლიტიკური დევნის შესახებ ხმამაღლა დაიწყო ლაპარაკი.
- შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, თამაზ ჯოხაძემ 11 აგვისტოს განაცხადა, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას უპირებენ. ვარაუდობს, რომ რეალური მიზეზია მისი სიძე, გიორგი მეზვრიშვილი, რომელიც, ჯოხაძის თქმით, შიდა ქართლის დაცვის პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლეს გიორგი გახარიას გუნდის წევრთან, შს მინისტრის ყოფილ მოადგილესთან, კახა საბანაძესთან მეგობრობის გამო.
- 12 აგვისტოს, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებაზე ალაპარაკდა გორის პოლიციის სამმართველოს მერეთის განყოფილების ყოფილი უფროსი გიორგი ნასყიდაშვილი, რომელიც დაქვეითების შემდეგ, პოლიციის რიგებიდანაც გაუშვეს. მისი განცხადებით, გათავისუფლების მიზეზი გახდა ფეისბუკში გაზიარებული ფოტო, რომელზეც ასახულია, როგორ აჯილდოებს პრეზიდენტი გიორგი გახარიას პარტიის წევრს, ყოფილ პოლიციელს, კოტე ანანიაშვილს.
მაისში, როცა თანამდებობიდან გადადგომისა და გიორგი გახარიას პარტიაში გაწევრიანების გადაწყვეტილება გამოაცხადეს, გორის აწ უკვე ყოფილმა ვიცე-მერებმა ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა ისიც თქვეს, რომ მერიაში არსებობს იმ თანამშრომლების სია, რომელთა გათავისუფლებასაც ახლო მომავალში აპირებენ. მოგვიანებით, გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა თქვა, რომ ვიცე-მერები სამსახურიდან „უსაქმურობის“ გამო თავად დაითხოვა.
ასევე მაისში თანამდებობიდან გადადგა ხაშურის ვიცე-მერი - ზურაბ როსებაშვილი და განმარტა, რომ პოსტიდან წასვლა მას აიძულეს გიორგი გახარიას თანაგუნდელთან, დეპუტატ გიორგი ხოჯევანიშვილთან ახლო ურთიერთობების გამო.
გიორგი გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ მათი წევრების, მხარდამჭერებისა თუ მათთან რაიმე სახის ურთიერთობაში მყოფი პირების პოლიტიკურმა დევნამ უკვე სისტემატური სახე მიიღო და დევნის სამიზნე გახდა ათობით ადამიანი, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში.
პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა 12 აგვისტოს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ პროცესში ხელისუფლებამ „მთელი სახელმწიფო მანქანა“ ჩართო.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შემოსავლების სამსახური, პოლიცია... დაფიქსირდა ასევე პროკურატურის გამოყენების შემთხვევები ამ მიზნებისთვის... მაგალითად, შიდა ქართლში ერთ-ერთ კანდიდატად დასაყენებელ პირს, რომელთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, დაემუქრნენ დაჭერით... ჩვენთვის ცალსახაა, რომ ხელისუფლება ამ ყველაფერს აკეთებს შიშის გამო“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
არის თუ არა გახარიას პარტია „ოცნების“ პრობლემა?
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ უბრალოდ ტყუის და ასე იპყრობს ყურადღებას წინასაარჩევნო პერიოდში.
უმრავლესობის წარმომადგენლის მიხეილ სარჯველაძის თქმით, ხელისუფლებას დევნის ინტერესი და მოტივაცია თეორიულადაც კი არა აქვს, რადგან გახარიას პარტია უბრალოდ ამად არ ღირს:
„ასეთი მეთოდით არც არასდროს უმუშავია „ქართულ ოცნებას“ და, ბუნებრივია, არც მომავალში აპირებს... რაც ყველაზე მთავარია, ეს პოლიტიკური მოძრაობა არ არის ისეთი მასშტაბის ან ისეთი გაქანების, რომ ასეთ ქმედებებს და ასეთ დამოკიდებულებებს ჩვენი მხრიდან უბრალოდ, თუნდაც მერკანტილურადაც, რაიმე აზრი და გამართლება ჰქონდეს... ვფიქრობ, რომ ამით რაღაცნაირად ყურადღების მიქცევას ცდილობენ, ირგებენ რა მსხვერპლის მანტიას და ვარაუდობენ, რომ ამით ერთგვარ თანადგომას მოიპოვებენ საზოგადოების მხრიდან“, - უთხრა ჟურნალისტებს სარჯველაძემ.
ასევე ნახეთ პაპუაშვილი: მიშელის შეთანხმების ანულირების შემდეგ გახარიას პარტიამ თავისი ფუნქცია ამოწურაექსპერტების უდიდესი ნაწილი თვლის, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალაა და განსაკუთრებით - „ქართული ოცნებისთვის“, რადგან გიორგი გახარიას მხარდამჭერთა უდიდეს სეგმენტს, მათი აზრით, სწორედ ამჟამინდელ ხელისუფლებაზე სხვადასხვა მიზეზით განაწყენებული ელექტორატი წარმოადგენს.
„გახარიას პარტია ნებისმიერ შემთხვევაში არის „ქართული ოცნების“ თავის ტკივილი. მას სრულფასოვან ოპოზიციად ჩავთვლით თუ ბიძინა ივანიშვილის მოთამაშედ, „ქართული ოცნების“ ბრენდისთვის პრობლემებს ქმნის... სრულიად გასაგებია თავდასხმები გახარიაზე, რადგან თუ გახარია თავისით იკრებს ძალას, უბედურებაა მათთვის და თუკი ივანიშვილის დახმარებით იკრებს ძალას, მაშინაც უბედურებაა მათთვის“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ექსპერტი და ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია, რომელიც 2015 წლამდე აქტიურად თანამშრომლობდა ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებასთან“.
გამზარდიას თქმით, გახარიას მიზანმიმართული აქტიურობა სხვა ოპოზიციური პარტიების წისქვილზეც ასხამს წყალს, რადგან მათი მთავარი ამოცანაა მაქსიმალურად წაართვან ხმები „ქართულ ოცნებას“.
ასევე ნახეთ IRI-ის კვლევა: "ქართული ოცნება" - 26%; "ნაციონალური მოძრაობა" - 14%; გახარიას პარტია - 9%ექსპერტები ახლად შექმნილი პარტიებისთვის „შესაშურს“ უწოდებენ 10%-ის ფარგლებში ნაჩვენებ რეიტინგს, რომელიც გიორგი გახარიას პარტიას არაერთი ბოლო კვლევით უდასტურდება. გახარია და მისი პარტია ძირითადად ინარჩუნებენ მე-3 ადგილს, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ.
ასეა, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საერთაშორისო ორგანიზაცია GORBI-ს მიერ ჩატარებულ და 10 აგვისტოს გამოქვეყნებულ ბოლო კვლევაშიც. გამოკითხვის თანახმად, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, პირველ ხუთეულში პროცენტული მაჩვენებლები ასე გადანაწილდებოდა:
- „ქართული ოცნება“ - 46,8%;
- „ნაციონალური მოძრაობა“ - 27,1%;
- გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ - 8,7%;
- „ლელო“ - 3.4%;
- „ევროპული საქართველო“ - 3.3 %
აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ 12 აგვისტოს გამოქვეყნებულ კვლევაში პარტია „საქართველოსთვის“, პარტიების უმრავლესობის მსგავსად, საერთოდ არ არის მოხსენებული, როგორც გამოკითხულთა შეხედულებებთან ახლოს მდგომი პარტია. თუმცა, შეკითხვის ფოკუსის გათვალისწინებით, ეს მაჩვენებლები ექსპერტებს პოლიტიკური პარტიების მიმართ ამომრჩეველთა ზოგად ნიჰილისტურ განწყობებზე უფრო მიანიშნებს.
ასევე ნახეთ NDI: "ქართული ოცნება" - 18%; "ნაციონალური მოძრაობა" - 6%ექსპერტების აზრით, გახარია „ქართულ ოცნებას“ პრობლემებს იმითაც უქმნის, რომ მმართველი პარტიიდან ხალხი მისკენ იწევს; რამაც, ექსპერტების აზრით, შესაძლოა, არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო მასშტაბური სახე მიიღოს, თუკი პარტია „საქართველოსთვის“ თვითმმართველობის დონეზე პოზიციების გამყარებას შეძლებს.
უკვე ამ ეტაპისთვის, აპრილის შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ გაემიჯნა და გახარიას პარტიას შეუერთდა ათეულობით მოქმედი თუ ყოფილი საჯარო მოხელე:
- აპრილში - პარლამენტის 6 დეპუტატი;
- ივნისში - გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, მამუკა ფანიაშვილი;
- ივლისში - ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შვიდი წარმომადგენელი და მათ შორის - ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე - ვაჟა ხარშილაძე;
- ივლისში - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი - გიორგი (გეგა) შენგელია, რომელიც თანამდებობიდან მაისში გადადგა;
- ივლისში - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი, გოგი ბოლქვაძე;
- აგვისტოში - თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიგა ორკოდაშვილი;
- აგვისტოში - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - სიმონ ქოჩორაშვილი;
- აგვისტოში - ჩხოროწყუს საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, ჯონი ჯალაღონია.
„ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან არაერთგზის მოღალატედ მოხსენიებული გიორგი გახარია თავის პარტიას ბევრისთვის გასაკვირი ტემპებით აშენებს. ის ამბობს, რომ ამჟამად პარტიის მშენებლობა და წინასაარჩევნო კამპანია პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს.
- 1 ივლისის შემდეგ, გორიდან დაიწყო და საქართველოს მასშტაბით პარტიამ უკვე 30 ოფისი გახსნა. ბოლო ოფისი ორი დღის წინ რუსთავში გაიხსნა და პროცესი გრძელდება.
- პარალელურად, ექსპრემიერმა გახარიამ ლამის მთელი საქართველო შემოიარა და ქალაქებსა თუ სოფლებში გამართული შეხვედრების ამსახველი ასეულობით ფოტო- თუ ვიდეომასალა გამოაქვეყნა.
- იმართება ონლაინშეხვედრები ემიგრანტებთანაც.
- პარტია თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატების წარდგენას არ ჩქარობს. გახარია აცხადებს, რომ საჩქარო არაფერია და კანდიდატების ტიპაჟებს ხალხის აზრის მიხედვით უფრო ადეკვატურად შეარჩევენ.
პარტია, როგორც ჩანს, ვადამდელი არჩევნებისთვისაც იჭერს თადარიგს. როგორც თავად გიორგი გახარია ამბობს, ვადამდელი არჩევნები საქართველოში გარდაუვალი აუცილებლობაა:
„დღეს რომ დაეწყვნენ რიგში და ამბობენ - 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები არ იქნება - ამასაც შიში ალაპარაკებთ... რიგგარეშე არჩევნებს განსაზღვრავს პოლიტიკური პროცესის ლოგიკა. პოლიტიკური პროცესის ლოგიკა კი დღეს მდგომარეობს იმაში, რომ მთავრობას არა აქვს საკმარისი ლეგიტიმაცია - ელემენტარულ გამოწვევებს უპასუხოს, რომლებიც ქვეყნის წინაშეა.
როგორიც არის კოვიდი, ელემენტარული საზოგადოებრივი წესრიგი ქუჩაში და ასე შემდეგ. მე არ ვსაუბრობ მაღალ მატერიებზე, როგორიც არის - სასამართლო რეფორმა, ეკონომიკური რეფორმები... ელემენტარული წესრიგის დაცვის და საბაზისო სერვისების მიწოდების უნარი არ გააჩნია დღევანდელ მთავრობას და ამიტომ იქნება რიგგარეშე არჩევნები“.