მმართველი პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიამ თავისი ფუნქცია ამოწურა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.
"იქედან გამომდინარე, რომ აღარ არსებობს მიშელის შეთანხმება, არის ანულირებული და არ არსებობს არანაირი დათქმა რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, შესაბამისად, ის ფუნქცია, რაც ამ პარტიას ჰქონდა - რამენაირად დაეზიანებინა "ქართული ოცნება" და ჩამოეწია მისი მოწონება 43 პროცენტზე ქვემოთ, თავისი შინაარსი აღარ აქვს და ამოწურა..." - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ბოლო კვლევების მიხედვით, გახარიას პარტიამ მმართველი პარტიის ამომრჩევლის 3-4 პროცენტი მიიზიდა, ახლა კი "ქართული ოცნება" მათ დაბრუნებაზე მუშაობს.
28 ივლისს პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება. მმართველ პარტიაში გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის შემცირება, რაც ვერ მოხერხდა და პირიქით მოხდა, და, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას არ შეუერთდა.