ჭამაში მოსული მადა - რას ნიშნავს რუსეთის ახალი ნაბიჯი?

ცხინვალი კმაყოფილია მოსკოვის გადაწყვეტილებით, რუსეთის მოქალაქეობა მისცეს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის იმ მცირე ნაწილსაც, რომელსაც დღემდე რუსეთის პასპორტი არ ჰქონდა.

რუსეთის პრეზიდენტის მიერ 4 აგვისტოს ხელმოწერილი განკარგულება ცხინვალთან იმგვარი შეთანხმების გაფორმებას გულისხმობს, როგორიც ამჟამად მხოლოდ რუსეთსა და ტაჯიკეთს შორის მოქმედებს. პროექტი და თხოვნა რუსეთში წლების წინ იყო გაგზავნილი, მაგრამ მოსკოვი მხოლოდ ახლა ამოქმედდა.

  • რატომ ახლა და რა მიზნები ამოძრავებს რუსეთს?
  • რა კავშირშია ეს ფაქტი საქართველოს შიდაპოლიტიკურ ველზე განვითარებულ მოვლენებთან?
  • რას ცვლის რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ვითარებაში, როცა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მკვიდრთა უდიდეს ნაწილს ისედაც აქვთ რუსეთის მოქალაქეობა?

რა უხარიათ ცხინვალში?

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი გახარებულია და მოსახლეობას ჰპირდება, რომ, როცა რუსეთთან „ორმაგი მოქალაქეობის“ შეთანხმება ამოქმედდება, „ხალხის ცხოვრება შემსუბუქდება“.

იმედები უკეთეს სოციალურ დაცვას, რუსულ პენსიებსა და საზღვარგარეთ მოგზაურობის შესაძლებლობებს უკავშირდება.

ასევე ნახეთ ბიბილოვი ორმაგ მოქალაქეობაში ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობის სოციალურ გარანტიებს ხედავს

ბიბილოვი ამბობს, რომ სამხრეთი ოსეთი რუსეთთან ამ შეთანხმების მიღწევას 2008 წლიდან ცდილობს, რუსეთის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების შემდეგ.

ადგილობრივი მედიის თანახმად, ეს საკითხი მართლაც წლებია განიხილება და მოსახლეობა უკვე ლოდინითაც დაიღალა. რეალური იმედი ბოლო წლებში, თითქოს, პრეზიდენტ პუტინის 2018 წლის დაპირების შემდეგ გაჩენილა, მაგრამ მომლოდინეები ისევ გაწბილდნენ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა შესაბამის განკარგულებას ხელი 13 წლის შემდეგ, 2021 წლის 4 აგვისტოს მოაწერა. ეს არის წინასწარი მწვანე შუქი რუსეთის საგარეო უწყებისთვის „ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ცხინვალის დიდი ხნის ნანატრი დოკუმენტის გასაფორმებლად.

ტექსტის თანახმად:

  • მეორე ქვეყნის მოქალაქეობის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ პირს, პირველი ქვეყნის მოქალაქის სტატუსის დათმობის გარეშე;
  • ორმაგ მოქალაქეს შეუძლია სამხედრო სამსახური გაიაროს იმ ქვეყანაში, სადაც ის მუდმივად იცხოვრებს;
  • რომელიმე ერთ ქვეყანაში მანამდე გავლილი სამხედრო სამსახური მხედველობაში იქნება მიღებული მეორე ქვეყნის მიერაც;
  • ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი სოციალური დაცვით, სამედიცინო მომსახურებითა და განათლების შესაძლებლობებით სარგებლობს იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომელშიც ის მუდმივად ცხოვრობს;
  • თუმცა არცერთ მხარეს არ ეზღუდება უფლება - მიანიჭოს უფლებები და პრივილეგიები არა მის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირს, რომელიც ორმაგი მოქალაქეობით სარგებლობს;
  • შეთანხმება ძალაში იქნება 5 წლის განმავლობაში და ავტომატურად გრძელდება ყოველი მომდევნო 5-წლიანი ვადით, თუკი რომელიმე მხარე 6 თვით ადრე არ გამოხატავს სურვილს შეთანხმების გაწყვეტის შესახებ.

ასევე ნახეთ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საწვავზე ფასი ისევ იზრდება

რუსეთის ფედერალური კანონის თანახმად, რუსეთი მხოლოდ საკუთარ მოქალაქედ თვლის ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს სხვა რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობაც.

  • ხოლო ორმაგი მოქალაქეობის მსგავსი შეთანხმება, რომელიც უფლებებს ორივე ქვეყანას უნარჩუნებს, რუსეთს გაფორმებული ჰქონდა თურქმენეთთან (1993 წელს) და ტაჯიკეთთან (1995 წელს).
  • თურქმენეთთან მოქმედი შეთანხმება ამჟამად ანულირებულია.

„ორმაგ მოქალაქეობასთან“ დაკავშირებული პროცესის დაგვირგვინებას ცხინვალი უახლოეს პერიოდში მოელის. ცოტაც და, შეიძლება ითქვას, რომ ცხინვალის რეგიონის ყველა მკვიდრს რუსეთის პასპორტები ექნება.

2019 წლის 6 აგვისტოს ბიბილოვი სიამაყით აღნიშნავდა, რომ „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების 95% უკვე არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და ეს არათუ მხოლოდ სწორია, არამედ - აუცილებელია", რადგან, მისი განმარტებით, სამხრეთელი ოსები თავს მუდამ რუსეთის ფედერაციის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევდნენ.

  • აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მასობრივი პასპორტიზაციის პროცესი რუსეთმა 2002 წელს დაიწყო, „რუსეთის მოქალაქეობის შესახებ“ ახალი კანონის დამტკიცების შემდეგ.
  • თუკი საწყის ეტაპზე რუსეთის მოქალაქეების რიცხვი ორივე რეგიონში 30-40% იყო, სხვადასხვა წყაროს ცნობით, 2008 წლისთვის ეს მაჩვენებლები უკვე 85-90%-ს უტოლდებოდა.

როგორია თბილისის რეაქცია?

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ეს სვლა „საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და დე ფაქტო ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებად“ შეაფასა. უწყების მიერ 5 აგვისტოს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სწორედ უკანონო პასპორტიზაციის პროცესით ცდილობდა რუსეთის ფედერაცია 2008 წელს „საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამართლებას“.

ასევე ნახეთ დეკლარირებული ანექსიის მცდელობა

„საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების უკანონო პასპორტიზაციის პროცესის დაგმობაში და აღნიშნულს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ისევე, როგორც საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეშ შელახვად მიიჩნევს“, - წერია განცხადებაში, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარის სტატუსის სახით გაავრცელა.

ეს განცხადება არ არის გავრცელებული საგარეო უწყების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე და არც ტვიტერზე; ხოლო პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდებზე ამ საკითხთან დაკავშირებით საერთოდ არანაირი განცხადება არ იძებნება.

საჭიროა თუ არა ხმაური და განგაში?

ხმაურისა და განგაშის აუცილებლობას ხედავს საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის (ECIPE) უფროსი მკვლევარი, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი, თენგიზ ფხალაძე.

მისი შეფასებით, რუსეთი წინასწარ განსაზღვრული, მიზანმიმართული გეგმით მიიწევს წინ.

„კი, პასპორტიზაციის ფართო პროცესის მოწმე ჩვენ ადრეც ვიყავით, მაგრამ ამ ახალ ნაბიჯებს რუსეთი ახლა სწორედ იმ გეგმის შესაბამისად დგამს, რომელსაც ცხინვალთან მან 2015 წელს მოაწერა ხელი. ეს იყო ანექსიის გეგმა და ახლა უკვე პასპორტიზაციის ცალკეულ შემთხვევებზე კი არა, ანექსიის გეგმის განხორციელებაზე ვლაპარაკობთ. რეალურად ყველაფერი ანექსიისთვის მზადდება და შემდეგ მხოლოდ გამოცხადება იქნება დარჩენილი... ამაზე ჩვენ სერიოზული განგაში თუ არ ავტეხეთ, სწორად თუ არ ვიმოქმედეთ, ის ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თენგიზ ფხალაძე.

  • ხელშეკრულება „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“, რომელიც მოსკოვმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან 2015 წელს გააფორმა, მოხსენიებულია პრეზიდენტ პუტინის მიერ 4 აგვისტოს ხელმოწერილ პროექტში.
  • მსგავსი შინაარსის ე. წ. ხელშეკრულება („მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“) მოსკოვს ოკუპირებულ აფხაზეთთან 2014 წელს აქვს გაფორმებული. სახელწოდებაში სიტყვა „ინტეგრაცია“ ვერ მოხვდა აფხაზეთის საზოგადოების გარკვეული ჯგუფების ძლიერი ზეწოლის შედეგად.
ასევე ნახეთ მადლობა - რუსეთს?

თენგიზ ფხალაძე ფიქრობს, რომ რუსეთის შეჩერება მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორების მუდმივი „შეწუხებითა“ და აქტიური მუშაობით არის შესაძლებელი. საქართველომ უნდა მოახერხოს, რომ მისი საკითხი საერთაშორისო პარტნიორებმა რუსეთს მუდმივად წინ დაახვედრონ, მისთვის საინტერესო სხვა საკითხების განხილვის პროცესში.

ამ ჭრილში ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებენ ოპონენტებიც, თუმცა ის ამ კრიტიკას არასოდეს იზიარებს.

რას ცდილობს რუსეთი და სად არის საქართველო?

თენგიზ ფხალაძეს ვეკითხებით - რატომ გადაწყვიტა რუსეთმა ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებული ნაბიჯის გადადგმა სწორედ ახლა, როცა ცხინვალის ამ კონკრეტულ თხოვნას ის მრავალი წლის განმავლობაში არ ასრულებდა?

ექსპერტი გვპასუხობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით რუსეთი ყოველთვის თავისი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს და დროსაც ყოველთვის თავისთვის ხელსაყრელს არჩევს. ამჟამად კი, მისი ვარაუდით, რუსეთმა დემონსტრატიული სვლა არეულობისა და საქართველოს დასუსტების ფონზე გადაწყვიტა.

„რუსეთი ასეთი თამამი იმიტომ არის ახლა, და ეს 5-6 ივლისის მოვლენებმაც აჩვენა, რომ ჩვენ ძალიან ფართო ასპარეზი გავუშალეთ რუსეთს და ნოყიერი ნიადაგი შევუქმენით რუსეთის ჰიბრიდულ ტექნოლოგიებს.

ბოლო დროს ჩვენ ვნახეთ საქართველოში რუსეთის აშკარა შეტევა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე და სახელმწიფო ინსტიტუტებზე. ჩვენმა სახელმწიფომ კი, ამას შესაბამისი პასუხი ვერ გასცა. მადა ჭამაში მოდისო და ამიტომაც მივიღეთ ახლა ის, რაც მივიღეთ... რაც უფრო მეტ სისუსტეს დაინახავს ჩვენში, უფრო აგრესიული გახდება რუსეთი“, - ამბობს ფხალაძე.

ასევე ნახეთ კვლავ "ანულირებისა" და გაურკვევლობის შესახებ საქართველოში

დასუსტებული საქართველო რუსეთისთვის უფრო იოლი სამიზნე რომ გახდება, ამის შესახებ 3 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმაც ილაპარაკა, როცა „ქართული ოცნების“ მიერ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მედიაციით გაფორმებული დოკუმენტის ცალმხრივ „ანულირებას“ აკრიტიკებდა.

„შარლ მიშელის დოკუმენტისა“ თუ 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ჭრილში საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ორიენტირთან დაკავშირებული შიში და წუხილი საერთაშორისო პარტნიორებმაც არაერთხელ გამოხატეს.

ასევე ნახეთ „არ ღირს ოკუპაციის დემონიზება“ - რისთვის იბრძვის "ალტ-ინფო" 

პარალელურად, ბოლო პერიოდში, ულტრამემარჯვენე, პრორუსული შეხედულებების ჯგუფები აშკარად უფრო აქტიურად და დაუფარავად ალაპარაკდნენ იმის შესახებ, რომ - საქართველოს გადარჩენა მხოლოდ რუსეთს შეუძლია.

კოალიციის „დევნილთა უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი გვეუბნება, რომ „იმ ფონზე, როცა საქართველოდან წერილს უგზავნიან ვლადიმირ პუტინს და ასე შემდეგ“, რუსეთმა ბოლო ქმედებით თავი შეახსენა საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობას.

„შეახსენა ყველას, რომ მას შეუძლია ტერიტორიებიანად და მოქალაქეებიანად ყველაფერი მიიტაცოს და არც ანექსია იქნება მისთვის პრობლემა“, - გვეუბნება ბენდიანიშვილი.

რუსეთის მოქალაქეები კი განვითარებულ ქვეყნებს ეტანებიან. 2014 წელს რუსეთმა მიიღო კანონი, რომელიც სავალდებულოს ხდის სახელმწიფოსთვის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. ამის შემდეგ, ერთ წელიწადში, განაცხადი გააკეთა რუსეთის 900 ათასზე მეტმა მოქალაქემ. მათ უმრავლესობას აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ისრაელის მოქალაქეობა აღმოაჩნდა.