სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნება“, დიპლომატიურად, მაგრამ ბევრისთვის გასაგებად - საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიცემული სიტყვის გატეხვაში დაადანაშაულა და ისიც მიანიშნა, რომ ასეთი ქმედებები დასავლეთთან დაშორების, ქვეყნის დასუსტების, ნდობის შემცირებისა და იზოლაციის საფრთხეს ქმნის. მაგრამ პრეზიდენტს არაფერი უთქვამს:
- რა ბედი ეწევა ანულირებულ დოკუმენტს?
- მიმდინარეობს თუ არა მუშაობა ძველ პოზიციებზე დასაბრუნებლად?
- რას აპირებს "ოცნება" და რას შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს?
საპასუხო კრიტიკა და ბევრი უარი
„ქართული ოცნება“ 4 აგვისტოს აქტიურად აკრიტიკებდა პრეზიდენტს - დაუბალანსებელი და არაობიექტური შეფასების გამო. მაგალითად, ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა სათანადოდ ვერ შეაფასა ოპოზიციის დესტრუქციულობის ხარისხი.
„მმართველ პარტიას აქვს გარკვეული ვალდებულებები, მაგრამ რეალურია ისიც, რომ დესტაბილიზაციის სტრატეგიაზე არასოდეს უთქვამს „ნაციონალურ მოძრაობას“ უარი და ამის არდანახვა არ არის სწორი...
პრაქტიკულად არაობიექტური შეფასება მისცა იმ ნაწილს, რასაც ჰქვია დესტრუქციული პროცესების განვითარების ინტენსიური მცდელობა კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან პრეზიდენტის განცხადებას მნიშვნელოვნად აკლდა დაბალანსება...
ამ შეთანხმებიდან გასვლა ერთია, რასაც საკმაოდ სერიოზული საფუძველი და წინაპირობა აქვს, და მეორეა, როცა ამ შეთანხმებას საერთოდ არ უერთდები, რაზეც პრეზიდენტს, მე ვფიქრობ, მეტი აქცენტი უნდა გაეკეთებინა“.
საპასუხო შეტევითა და რეაქციებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს გადახედოს მიღებულ გადაწყვეტილებას „შარლ მიშელის შეთანხმების“ ანულირებასთან დაკავშირებით.
თუმცა წყალი მანამდეც გადაწურული იყო.
„არ ვართ ბავშვები, ჩვენ სერიოზული ხალხი ვართ“, - ასე უპასუხა 30 ივლისს პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას პოზიციების შესაძლო გადახედვასთან დაკავშირებით და მას შემდეგაც ბევრჯერ გაიმეორა.
პრეზიდენტს ბრიფინგი უკვე ჩატარებული ჰქონდა, როცა 3 აგვისტოს, „ტელეიმედის“ ეთერში, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთმა ხელმომწერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ - არაფერი შეიცვლება.
მან თქვა, რომ ამ დოკუმენტის ყველა სხვა პუნქტი შესრულებულია, სასამართლო რეფორმის ჩათვლით; ხოლო საქართველოს დემოკრატიას კიდევ უფრო წაადგება თვითმმართველობის არჩევნების 43%-იანი დათქმის გარეშე ჩატარება.
19 აპრილს გაფორმებული „შარლ მიშელის შეთანხმების მიხედვით“, თუკი „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე მეტს ვერ მიიღებდა, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები 2022 წელს დაინიშნებოდა.
„ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შედიოდა საქართველოს ინტერესებში და მომავალშიც გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება... ერთადერთი რისი გაუქმებაც ჩვენ გავაკეთეთ და რამაც თავი ამოწურა, ეს გახლავთ 43%-ზე მიბმა სხვა [საპარლამენტო] არჩევნებზე...
კარგით, ვთქვათ ჩავწერეთ ეს შეთანხმებაში, მაგრამ ამის შემდეგ [ოპოზიციური პარტიები] რჩებოდნენ ისევ დაპირისპირების რეჟიმში, გაზარდეს დეზინფორმაციის ხარისხი, გაზარდეს არეულობისა და დესტაბილიზაციის ხარისხი... ისინი არა დაპირისპირების შემცირებისკენ, არამედ „მიშელის შეთანხმების“ ზუსტად საპირისპიროდ მოძრაობდნენ... 43%-ს ჩვენ აღარ დავუბრუნდებით“ - განაცხადა თალაკვაძემ.
ექსპერტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი სწორედ 43%-ის შიშს უკავშირებს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას 19 აპრილის შეთანხმებიდან სწრაფად და მედიატორების წინასწარი გაფრთხილების გარეშე გასვლის შესახებ.
თავად „ოცნება“ აცხადებს და ეს თალაკვაძემაც გაიმეორა, რომ პარტია მომავალ არჩევნებზე 43%-საც აიღებს, 47-48%-საც და 50%-ის მიღებაზეც ექნება პრეტენზია. თუმცა კვლევები განსხვავებულ სურათზე მიუთითებს.
რა შეუძლია პრეზიდენტს?
საქართველოს პრეზიდენტმა 3 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე გარკვევით თქვა, რომ ის არ იღებს პასუხისმგებლობას „შარლ მიშელის შეთანხმების“ შინაარსზე, მაგრამ მის გაფორმებაში გარკვეული წვლილის შეტანით დღემდე ამაყობს და არ იზიარებს დოკუმენტის ანულირების შემდეგ „ქართული ოცნების“ მიერ გახმოვანებულ ნაბიჯებსა და არგუმენტებს.
პრეზიდენტი არ იზიარებს „ქართული ოცნების“ მთავარ არგუმენტს, რომ, თითქოს, „შარლ მიშელის შეთანხმებამ“ პოლიტიკურ ცხოვრებაში დაძაბულობა კი არ შეამცირა, არამედ, თითქოდ პოლარიზაცია გაზარდა კიდეც.
- „დღეს პოსტფაქტუმ იმის აღმოჩენა, რომ თურმე ისეთი რაღაცები დავთმეთ, რაც მიუღებელი ყოფილა და რამაც შესაძლოა ქვეყანა დააზიანოს, გაუგებარია“.
- „ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, წითელ ხაზებს ხელმოწერამდე ავლებენ!“
- „არ ვეთანხმები მმართველი პარტიის შეფასებას, რომ პოლარიზაცია არ შემცირებულა, რითაც ხსნის დოკუმენტის ანულირებას“.
- „დოკუმენტმა თავისი პირველადი დანიშნულება შეასრულა: პოლიტიკური კრიზისი დაასრულა, სტაბილურობა გამყარდა, მრავალპარტიული პარლამენტი შედგა და პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩიდან გადაინაცვლა პარლამენტში, მივიღეთ ახალი საარჩევნო კოდექსი (დიდი იმედი მაქვს, რომ ბარიერის დაწევის შეთანხმებაც შესრულდება, რაც ახალი პარტიების გამოჩენის წინაპირობაა)“.
- „ამ დოკუმენტის შედეგია, რომ გარკვეულმა ოპოზიციურმა ძალებმა ქუჩაში ვერ გადაიტანეს პოლიტიკური პროცესები, დაკარგეს დესტაბილიზაციის ყოველგვარი რესურსი და ხელის არ მოწერით განიცადეს ერთგვარი მარგინალიზაცია!“
სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი შეფასებები მას შემდეგ გაახმაურა, რაც 2 აგვისტოს, მთელი დღის განმავლობაში ხვდებოდა „შარლ მიშელის შეთანხმების“ ხელმომწერ პოლიტიკოსებს - როგორც ხელისუფლებიდან, ასევე ოპოზიციიდან.
და რა ხდება ამის შემდეგ?
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვერ მოვახერხეთ იმის გარკვევა, აპირებს თუ არა და რა სახით აპირებს საქართველოს პრეზიდენტი მუშაობის გაგრძელებას 19 აპრილის შეთანხმების შესაძლო გაცოცხლების მიმართულებით.
სალომე ზურაბიშვილის მიერ 3 აგვისტოს ბრიფინგზე წაკითხულ ტექსტში ამის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი და თუკი იმავე ტექსტისთვის ოფიციალურ ვებსაიტზე მორგებული სათაურით ვიმსჯელებთ, შექმნილი სიტუაციიდან მთავარ გამოსავლად პრეზიდენტს ხარისხიანი არჩევნები ესახება:
„საქართველოს პრეზიდენტი - ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები და ვერავინ უნდა შეძლოს ჩვენი ევროპული გზისათვის ზიანის მიყენება შიგნით ან გარეთ“.
ამასთანავე, ბევრისთვის ისიც ცხადია, რომ სალომე ზურაბიშვილს, სულ მცირე, იოლად მიუწვდება ხელი შარლ მიშელთან კომუნიკაციაზე. დოკუმენტი სულ ახალი „ანულირებული“ იყო, როცა 28 ივლისს ისინი სამხრეთ საფრანგეთში შეხვდნენ ერთმანეთს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა პარტიებთან კონსულტაციების დაწყებაც სწორედ მაშინ ახსენა.
20 აპრილს, მისი სახელით ცნობილი შეთანხმების ხელმოწერის მეორე დღეს, როცა შარლ მიშელი მოულოდნელად ისევ ჩამოვიდა საქართველოში, ერთობლივ პრესკონფერენციაზე, სალომე ზურაბიშვილმა მედიატორის როლის შესრულების პირობა დადო.
„ის ფაქტი, რომ მთლიანად ოპოზიცია აქ შეიკრიბა ხელმოწერისთვის, ეს უბრუნებს პრეზიდენტს თავის ნამდვილ როლს, უბრუნებს ნდობას და პატივისცემას, რის გარეშეც პრეზიდენტი ვერ შეასრულებს თავის როლს... და მეტიც შეუძლია, ალბათ, გააკეთოს და თუ საჭირო გახდება ( მაგრამ იმედი მაქვს, რომ აღარ გახდება ეს საჭირო), რაღაც ფორმით ის მედიაცია შეასრულოს... მე მგონი, ეს არის საზოგადოების ასევე სურვილი, რომ აღარ იყოს მუდმივად თქვენი [მიმართავს შარლ მიშელს] შეწუხება საჭირო“.
დარჩა თუ არა ეს პროცესი საქართველოს პრეზიდენტის მოსაგვარებელი?
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და „მიშელის დოკუმენტზე“ ხელმომწერ პარტიებს 3 აგვისტოს ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობების შემსრულებელი შეხვდა.
ჯერჯერობით ასევე არ დასტურდება გავრცელებული ინფორმაცია ბრიუსელიდან შარლ მიშელის წარმომადგენლის შესაძლო ჩამოსვლის შესახებ. ბრიუსელის ნელ მოქმედებებს ბევრი ზაფხულის არდადეგებს უკავშირებს. ამასთანავე, ევროპის დედაქალაქში ქართული კონსულტაციების პირველ შედეგებს ელიან.
პრეზიდენტის შეფასებებმა, საერთო ჯამში, კმაყოფილი დატოვა ოპოზიცია, რადგან კრიტიკის უდიდესი წილი „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა, მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციას გული ნამდვილად არ ასჩუყებია და არც განსაკუთრებული იმედები გასჩენია.
- „გაჩერებული საათი დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს. სიმპტომატური აქ ის არის, რომ ისე ღრმად შეტოპა ივანიშვილის რეჟიმმა საერთაშორისო იზოლაციაში და ქვეყნის შიგნით, საკუთარ მოქალაქეებთან, რომ ზურაბიშვილის მსგავსი უპასუხისმგებლო ფიგურაც კი საჭიროდ თვლის, თავი დაიზღვიოს და დისტანცია დაიჭიროს“ - გიგა ბოკერია, „ევროპული საქართველო“.
- „ოცნების“ უგნურება არის უსასრულო და თუ ოდნავ მაინც აზროვნებ და ღირსება შეგრჩენია, არ შეიძლება ამ თამაშის მონაწილე გახდე... პრეზიდენტმა ეს რისკები დაინახა და შესაბამისად, ცდილობს ქართული ოცნების გონზე მოყვანას. თუმცა მე ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ყველა მცდელობა „მგლის თავზე სახარების კითხვას“ წარმოადგენს“ - პაატა მანჯგალაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“.
ოპოზიცია გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის შეფასებებს კონკრეტული შედეგები მოჰყვეს ანდა მას რაიმე ტიპის ზეგავლენის მოხდენა შეეძლოს „ქართულ ოცნებაზე“.
მართალია, ოპოზიციის ნაწილი უკმაყოფილო დატოვა თავად მიშელის მიერ გავრცელებულმა „არაადეკვატურად ნეიტრალურმა“ განცხადებებმა; მაგრამ დარწმუნებული არიან, რომ დასავლელი პარტნიორები 6-თვიან შრომას წყალში არ ჩაყრიან, იმოქმედებენ და რომ სამომავლოდ, პიროვნული სანქციების საკითხიც განიხილება.
ევროპასთან დაშორების საფრთხე
3 აგვისტოს პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველო მნიშვნელოვან გზაგასაყარზე დგას და ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა - „ჩვენს ევროპულ გზას ეხება“.
პრეზიდენტმა თქვა, რომ თუკი საქართველო მიცემულ სიტყვას გატეხს და ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს, საერთაშორისო პარტნიორების პატივისცემას ვერ დაიმსახურებს და მათ თვალში ვერც ნდობას შეინარჩუნებს.
ევროპასთან დაშორება, მარტო დარჩენა და იზოლაცია კი, პრეზიდენტის სიტყვებით, საქართველოს უფრო იოლად აქცევს ბოროტი ზრახვების სამიზნედ. „დასუსტებული, ძალაგამოცლილი, ბუნებრივად ხდები იმისი სამიზნე, ვისაც მუდმივი სწრაფვა ჰქონდა და აქვს გაფართოებისა და შენი დამორჩილებისაკენ“ - პრეზიდენტს რუსეთი არ უხსენებია, მაგრამ ბევრმა ეს სიტყვები, ცხადია, სწორედ რუსეთის მარადიულ მიზნებს დაუკავშირა.
რადგან პრეზიდენტის გამოსვლის ლაიტმოტივი „ქართული ოცნების“ მიერ მიცემულ სიტყვაზე და ვალდებულებებზე უარის თქმა იყო, მისი ამ განცხადებების მთავარ ადრესატადაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა სწორედ „ქართული ოცნება“ ჩათვალა.
თუკი სოციალურ ქსელების რეაქციებით ვიმსჯელებთ, პრეზიდენტის განცხადება მოეწონათ „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც.
პარალელურად, „პატრიოტთა ალიანსი“ კვლავაც განაგრძობს რუსეთთან საქართველოს დაახლოებისთვის ხელშემწყობი ნაბიჯების გადადგმას. ამ დღეებში თხოვნებითა და პატივისცემით სავსე წერილი უკვე გაიგზავნა თავად რუსეთის პრეზიდეტთან, ვლადიმირ პუტინთან.
„პატრიოტები“ ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტს გულმოდგინედ უხსნიან, რომ საქართველოში ყველანაირი მეთოდით იჩქმალება ნატოს მოწინააღმდეგე და ნეიტრალიტეტის მომხრე, მოსახლეობის თითქმის 70%-ის არჩევანი და რომ დროა, რუსეთმაც იმოქმედოს საქართველოში საღი აზრის გადასარჩენად.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის, გიორგი გობრონიძის ერთადერთი იმედი ამ ვითარებაში ის არის, რომ ულტრამემერჯვენე, ულტრანაციონალისტი და პრორუსული ორიენტაციის ძალების საერთო რეიტინგი 3-5%-ს არასოდეს აღემატებოდა.
რეალურად, ნატოში საქართველოს გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა, ავტორიტეტიანი კვლევის მიხედვით, წლების განმავლობაში, 80%-ის გარშემოა.
ამავე დროს, გობრონიძე ხედავს საფრთხეს, რომ საქართველოსთვის არასანდო იმიჯის შექმნა და დასავლეთთან დაშორება სამომავლოდ სივრცეს სწორედ რუსეთისთვის გაათავისუფლებს.
„რუსეთი გამოიყენებს ამ სიტუაცია... ფაქტია, ვაძლევთ საფუძველს, რომ დაგვასუსტოს და თავისკენ გადაგვიყვანოს... ჩვენი სიძლიერის მთავარი კაპიტალი ის არის, რომ პარტნიორები გვენდობოდნენ და ჩვენში საიმედო საყრდენს ხედავდნენ.
ჩვენი სანდოობის დაკარგვა ავტომატურად იწვევს საგარეო პოლიტიკური პოზიციების დასუსტებას და ძალიან გაგვიჭირდება ასე, რადგან ჩვენ არ ვართ დიდი სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია თავის დაცვა საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარების გარეშე. ასე თუ ვივლით, ჩვენ გავხდებით ადვილად მოსარევი ქვეყანა“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი გობრონიძე.
ათეულობით წლის გამოცდილების გათვალისწინებით, გობრონიძისთვის ნათელია, რომ რუსეთი საქართველოსთან რეალურ დათმობებზე არასოდეს წავა, ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დაუბრუნებს, ღირებულსაც არაფერს მისცემს და საქართველოსთან დიალოგს რუსეთი "გადაყლაპვის" მიზნით თუ დაიწყებს.