Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე "შარლ მიშელის დოკუმენტზე": ამ ტიპის შეთანხმებას აღარასდროს მოვაწერთ ხელს


"ქართული ოცნების" თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ აღარ დაუბრუნდებიან "შარლ მიშელის შეთანხმებას" და, უფრო მეტიც, მსგავსი დოკუმენტის ხელმომწერი აღარასდროს გახდებიან.

"ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ და ეს არის პრინციპული გადაწყვეტილება და ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არ გადავხედავთ, ვერ გადავხედავთ. უპრინციპობას ვერ გვაპატიებს ჩვენი ამომრჩეველი და საქართველოს მოსახლეობა - შეთანხმება არის ანულირებული და, უფრო მეტიც, ამ ტიპის შეთანხმებას აღარასდროს მოვაწერთ ხელს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "შარლ მიშელის შეთანხმებასთან" დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრას დღეს დილიდან მართავს.

28 ივლისს, პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება. მმართველ პარტიაში გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის და რადიკალიზაციის შემცირება, რაც ვერ მოხერხდა და პირიქით მოხდა, და, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას არ შეუერთდა.

მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ოპოზიციამ შეაფასა ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლად და "ქართული ოცნების" მიზნად, ხელისუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს.

XS
SM
MD
LG