Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება


დღეს საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, რა თემაზეა შეხვედრები, რომლებიც 11:00 საათზე უნდა დაიწყოს. შეხვედრაზე მივლენ "ლელოდან" ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, "გირჩიდან" ვახო მეგრელიშვილი, "მოქალაქეებიდან" ლევან იოსელიანი, "რესპუბლიკური პარტიიდან" ხათუნა სამნიძე, ხელისუფლებიდან - "ქართული ოცნებიდან" კი, ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე.

პრეზიდენტის შეხვედრა დროში ემთხვევა "ქართული ოცნების" მიერ "შარლ მიშელის შეთანხმებიდან" გამოსვლას.

ამ თემაზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ერთმანეთს 28 ივლისს, საფრანგეთში შეხვდნენ.

28 ივლისს, პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება. მმართველ პარტიაში გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის და რადიკალიზაციის შემცირება, რაც ვერ მოხერხდა და პირიქით მოხდა, და, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას არ შეუერთდა.

მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ოპოზიციამ შეაფასა ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლად და "ქართული ოცნების" მიზნად, ხელისუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს.

XS
SM
MD
LG