საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლის დანიშვნის გამო დასავლელი პარტნიორების კრიტიკის შეფასებისას ამბობს, რომ მას, სამწუხაროდ, კრიტიკა 2012 წლამდე საქართველოს სასამართლოს მიმართ არ მოუსმენია:
„2012 წლამდე სასამართლო იყო ჩვეულებრივი პროკურატურის დანაყოფი. მე, სამწუხაროდ, და ძალიან მიკვირს, არ მომისმენია არასდროს არც ამერიკის და არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმდროინდელი სასამართლოს მიმართ. რაც სამწუხაროა და არაა სამართლიანი“, - ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ სასამართლო რეფორმა განგრძობითი პროცესია და იგი ერთ ან ორ დღეში არ მთავრდება. მისივე თქმით, საქართველოს სასამართლო დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის კუთხით ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს:
"ჩვენ არ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ იდეალური და უშეცდომონი, მაგრამ ეს არის პროცესი. ჩვენ რაც გავაკეთეთ რვა წელში, ეს არის როგორც დღე და ღამე. იყო ღამე, გახდა დღე, ნათელი. მეორე - ჩვენ სასამართლოს დამოუკიდებლობის და გამჭვირვალეობის კუთხით ვუსწრებთ ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანას. სანდოობის მხრივ, ჩვენი მოქალაქეების მხრიდან სასამართლოს მიმართ, ვართ მოწინავე რიგებში ევროკავშირის მასშტაბით. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს გარკვეული კითხვები და რაღაცგაუგებრობა შეიქმნას. მე ვაძლევ პირობას ყველას, რომ ეს გაუგებრობა ჩვენს სტრატეგიულ მთავარ პარტნიორთან აუცილებლად აღმოიფხვრება და ჩვენ ყველა კითხვას გავცემთ პასუხს. ამას სჭირდება მეტი კომუნიკაცია, მეტი ურთიერთობა და მეტი ახსნა-განმარტება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა "ჯარის ქალაქის" მშენებლობის პროცესის გაცნობის შემდეგ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 16 ივლისს გამოაქვეყნეს განცხადებები, რომლებშიც ღრმა იმედგაცრუება გამოხატეს საქართველოს პარლამენტის მიერ 6 მოსამართლის დანიშვნის ფაქტით და საქართველოს ხელისუფლებას 19 აპრილის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდეს. ერთი დღით ადრე, 15 ივლისს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერების აუცილებლობაზე განცხადება საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა. თავის მხრივ, 16 ივლისს აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა თქვა, რომ აშშ-ის გზავნილი საქართველოს ხელისუფლებამ სერიოზულად უნდა აღიქვას.
ასევე ნახეთ აშშ-ის საელჩო: აუცილებელი იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერება ასევე ნახეთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლებას 19 აპრილის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს ასევე ნახეთ ენტონი ბლინკენი: აშშ ღრმად შეწუხებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებით ასევე ნახეთ კელი დეგნანი: აშშ-ის გზავნილი ძალიან სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული ასევე ნახეთ „ყველა პირობა ზედმიწევნით შესრულდა“ - „ქართული ოცნება“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კრიტიკას პასუხობსსაქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 9 კანდიდატიდან 6 აირჩია. კენჭისყრა პარლამენტში 12 ივლისს ჩატარდა და მას ოპოზიციის 66 დეპუტატიდან მხოლოდ 6 ესწრებოდა.
უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები გახდნენ:
- გოჩა აბუსერიძე: 79 - მომხრე, 5 - წინააღმდეგი;
- გიორგი გოგიაშვილი: 79 - მომხრე, 4 - წინააღმდეგი;
- ლევან თევზაძე: 77 - მომხრე, 6 - წინააღმდეგი;
- რევაზ ნადარაია: 77 - მომხრე, 6 - წინააღმდეგი;
- ბიძინა სტურუა: 78 - მომხრე, 6 - წინააღმდეგი;
- ლაშა ქოჩიაშვილი: 79 - მომხრე, 5 - წინააღმდეგი.