ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის, სისხლის სამართლის საქმეში ახალი გარემოებები გაჩნდა. ოკუპირებული ახალგორის რაიონული პროკურატურა, საქმის ხანდაზმულობის მოტივით, მის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტას სთავაზობს. თამარ მეარაყიშვილი საკითხის ასეთ ფორმულირებას არ ეთანხმება და საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას აპირებს.
დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის სისხლის სამართლებრივი დევნა 2017 წლის 16 აგვისტოს დაიწყო. ოკუპირებული ახალგორის პროკურატურამ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე მმართველი პარტია „ედინაია ოსეტიას“ მიმართ ცილისწამებისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონოდ მიღების მუხლებით აღძრა. 2018 წლის სექტემბრიდან სასამართლო განხილვები დაიწყო.
ასევე ნახეთ ერგნეთის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დააყენა თამარ მეარაყიშვილის დევნის შეწყვეტის საკითხი2019 წლის 10 ივლისს ახალგორის ე. წ. რაიონულმა სასამართლომ, ფატიმა ფარასტაევას თავმჯდომარეობით, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები უსაფუძვლოდ ცნო, თუმცა პროკურორი ალან ყულუმბეგოვი არ დაეთანხმა ამ გადაწყვეტილებას და საკასაციო ინსტანციაში გაასაჩივრა.
2019 წლის 16 ოქტომბერს ცხინვალის ე. წ. საქალაქო სასამართლომ თამარ მეარაყიშვილის უდანაშაულობა დაადასტურა და წინა სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერად ცნო. პროკურორმა ალან ყულუმბეგოვმა ეს გადაწყვეტილებაც გაასაჩივრა.
2020 წლის 17 იანვარს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე. წ. უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ, მოსამართლე ვიოლეტა ხაჩიროვას თავმჯდომარეობით, ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურორ ყულუმბეგოვის საკასაციო საჩივარი და თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე პასპორტის მოპოვების ნაწილში განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დააბრუნა. რაც შეეხება ცილისწამების ბრალდებას, ე. წ. სასამართლოს კოლეგიამ სამოქალაქო აქტივისტის უდანაშაულობა დაადასტურა.
2021 წლის 8 აპრილს ცხინვალის ე. წ. სასამართლომ სისხლის სამართლის საქმე პროკურატურას გადაუგზავნა მასში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად. დე ფაქტო პროკურატურა თამარ მეარაყიშვილის საქმეში „გაიჭედა“ და ისე გადაწყვიტა დათმობაზე წასვლა, რომ სახე შეენარჩუნებინა.
ასევე ნახეთ DRI - ხელისუფლება თამარ მეარაყიშვილს სათანადოდ ვერ ეხმარებამეარაყიშვილს პროკურორმა ყულუმბეგოვმა დაურეკა და საქმის ხანდაზმულობის მოტივით მისი შეწყვეტა შესთავაზა. სამოქალაქო აქტივისტი სიმართლისთვის ბრძოლას ბოლომდე აპირებს და მისთვის მიუღებელია პროკურორის წინადადება, თითქოს დამნაშავის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს მხოლოდ ხანდაზმულობის გამო წყვეტდეს. მეარაყიშვილის ადვოკატმა, იკრამჟან რამატოვმა, „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში განმარტა პროკურორის წინადადების არსი:
„საქმის შეწყვეტისთვის არსებობს სარეაბილიტაციო და არასარეაბილიტაციო საფუძვლები. სარეაბილიტაციო საფუძველია, როდესაც საქმე წყდება ბრალდებულის ქმედებებში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. აქ კი პროკურატურა გვთავაზობს სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმის გამო, რომ კანონით დადგენილი ვადა ამოიწურა და ბრალდებულის პასუხისგებაში მიცემა შეუძლებელია. ეს არის არასარეაბილიტაციო საფუძველი, თითქოს დანაშაულის აღიარება ხდება. კანონის თანახმად, ამგვარი საქმის დახურვა მხოლოდ შეთანხმებით შეიძლება”.
თამარ მეარაყიშვილი არ ეთანხმება საქმის შეწყვეტას ასეთი პირობით, რადგან იგი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. იგი 4 წლის განმავლობაში მასზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და დაშინებაზე ლაპარაკობს:
„უკვე ოთხი წელია, რაც გამოძიება მიმდინარეობს. პირველივე დაკითხვისთანავე წამართვეს საბუთები, მას შემდეგ ვეღარსად მივდივარ. მუდმივი მორალური ზეწოლის ქვეშ ვარ. ოთხი წლის განმავლობაში მე დაჟინებით ვამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას და მთელი ამ ხნის განმავლობაში პროკურატურა ამტკიცებდა, რომ დანაშაული ჩავიდინე. ახლა მათ სურთ საქმის დახურვა ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის მიზეზით, ანუ პროკურატურას სურს ამ გზით სახის შენარჩუნება. მათი აზრით, ასეთი კომპრომისი უნდა გავწიო - ვაღიარო, რომ დანაშაული ჩავიდინე? რატომღაც მათ გადაწყვიტეს, რომ ამაში უნდა დავეთანხმო. ამ ოთხი წლის განმავლობაში მე მქონდა სხვადასხვა წინადადებები და ასეთი კომპრომისებით რომ დავინტერესებულიყავი, აქამდე გადავდგამდი ნაბიჯს. ჩემთვის არსებითად მნიშვნელოვანია ის, რომ დანაშაული არ ჩამიდენია“.
ასევე ნახეთ „ამნესტი ინტერნეიშენალი“ დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს შეწყვიტოს ჟურნალისტისა და აქტივისტის დევნათამარ მეარაყიშვილმა მისი საქმის შემობრუნების შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა. ზოგიერთმა კომენტატორმა ამაში დე ფაქტო ხელისუფლების შემრიგებლური ნაბიჯი დაინახა და ურჩია წასულიყო კომპრომისზე და ამით ცხოვრების გაუმჯობესების შესაძლებლობა მიეღო, თუმცა სამოქალაქო აქტივისტმა ახსნა, ამას რატომ არ აკეთებს.
”რატომ არ წავალ ამაზე მაშინაც კი, თუ მშვიდი ცხოვრება მინდა? ვიღაცამ ხო უნდა აგოს პასუხი იმაზე, რაც ამ ოთხი წლის განმავლობაში მე გამოვიარე?! არა მხოლოდ მე, არამედ მოსამართლეები და პროკურატურის თანამშრომლებიც არ მალავდნენ, რომ დაიღალნენ ამ ყველაფრისგან. ვინ შექმნა ასეთი ვითარება კანონმორჩილი მოქალაქეებისთვის? რატომ არ მიბრუნებს პროკურატურა ჩემს პირად ნივთებს, რომლებიც ჩხრეკის დროს სახლიდან ამოიღეს? ვის უნდა მოვუწერო ხელი ჩემი საქმისა და შელახული რეპუტაციის გამოსასწორებლად?“
სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, წლებია, დე ფაქტო ხელისუფლებისგან დევნას და შევიწროებას განიცდის. მისი საქმეები არაერთხელ მოხვედრილა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებში. აქტივისტის უფლებების შელახვაზე „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების“ ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზეც უმსჯელიათ. ოკუპირებულ ახალგორში არსებულ პრობლემებზე, კორუფციასა და განუკითხაობაზე ის ხშირად წერს, რაც ადგილობრივ ხელისუფლებას არ მოსწონს.