ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების ერგნეთის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის დევნის შეწყვეტის საკითხი დასვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ მედიასთან იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითხის განხილვის შემდეგ ცხინვალელი მონაწილეები სათანადო დასკვნებს გააკეთებენ:
„ხაზი გავუსვით იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო აქტივისტი იდევნება უკვე რამდენიმე წლის მანძილზე და მოვითხოვეთ რომ იქნას შეწყვეტილი დევნა და ასევე ეს საკითხი, სხვათაშორის, არაერთხელ ყოფილა განსჯის საგანი, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში. ამ საკითხზე საქმის კურსში არიან ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები“, - უთხრა ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს.
გუშინ თამარ მეარაყიშვილის დახმარებისა და მისი დევნისა და შევიწროვების საკითხის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე დაყენების მოწოდებით ხელისუფლების წარმომადგენლებს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა მიმართა.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წერილში აღნიშნულია, რომ უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში თამარ მეარაყიშვილს სოციალურ ქსელებში რაიონის პროკურორი ემუქრება, სადამსჯელო მექანიზმად კი მისთვის ელექტროენერგიის შეწყვეტა გამოიყენა.
რამდენიმე წელია, ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტს დე ფაქტო ხელისუფლება მისი აქტიურობის გამო სდევნის. თამარ მეარაყიშვილი სოციალური ქსელებით ხშირად აკრიტიკებს ადგილობრივ ხელისუფლებას, ააშკარავებს კორუფციის ფაქტებს და სხვა არაერთ პრობლემაზე წერს. ამის გამო მის მიმართ რამდენიმე საქმეზე სისხლის სამართლის დევნაა დაწყებული. ადგილობრივ სასამართლოში ჭიანურდება ამ საქმეების განხილვა. ერთ საქმეში, რომელიც ცილისწამების მუხლით არის აღძრული, მან გაიმარჯვა, მაგრამ ეს საქმე ისევ გამოძიებაში დააბრუნეს და უკვე ოთხი წელია გრძელდება.
ბოლო მუქარის და შეურაცხყოფის ფაქტებზე თამარ მეარაყიშვილი დე ფაქტო პრეზიდენტსაც მოუწოდებს, დაცული იყოს მისი უფლებები. გარდა ამისა, სამოქალაქო აქტივისტი საერთაშორისო ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებსაც სთხოვს, დაინტერესდნენ ახალგორის დე ფაქტო პროკურორის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული მუქარისა და შეურაცხყოფის ფაქტებით.