„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“(DRI) შეფასებით, ხელისუფლების ძალისხმევა, დახმარება აღმოუჩინოს ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს, არასათანადო და არასაკმარისია.
ორგანიზაცია მიუთითებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, თამარ მეარაყიშვილის საკითხი 2018 წლის შემდეგ არ დამდგარა მხარეთა დღის წესრიგში, როგორც ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში. საჯაროდ გავრცელებული წყაროების მიხედვით, მისი საკითხი არც ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განხილულა.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ ხელისუფლების უმოქმედობის პირობებში, თამარ მეარაყიშვილის ახალგორიდან იძულებით გაძევების მუქარა რეალურია.
შესაბამისად, ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოიყენოს ყველა პოლიტიკური და სამართლებრივი ბერკეტი ახალგორელი აქტივისტის დასახმარებლად. მათ შორის, როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარესთან მოლაპარაკებების პროცესში.
21 იანვარს სოციალურ ქსელ ფეისბუკში სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოს მთავრობის მიერ მის მიმართ გამოხატული უყურადღებობის გამო და თქვა, რომ ისეთივე მიუღებელია მათთვის, როგორც ბიბილოვის დე ფაქტო ხელისუფლებისთვის.
თამარ მეარაყიშვილი საცხოვრებელ სახლთან 2017 წლის 16 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალი წაუყენეს „ედინაია ოსეტიას“ მიმართ ცილისწამების, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონოდ მოპოვებისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის. ე.წ. სასამართლომ იგი სრულად გაამართლა წარდგენილ ბრალდებებში, პროკურატურამ ყველა გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
2020 წლის 17 იანვარს დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ თამარ მეარაყიშვილი გაამართლა „ედინაია ოსეტიას“ მიმართ ცილისწამების ბრალდებაში. ე.წ. სასამართლომ ძალაში დატოვა მისი ბრალეულობა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქეობის უკანონოდ მიღებასა და გაყალბებული პასპორტით სარგებლობაში. საქმეები განსახილველად კვლავ პირველ ინსტანციას დაუბრუნდა.
სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს ახალგორიდან იძულებით გაძევება ემუქრება.