მთავარია არა ფარული ჩანაწერების არსებობის ფაქტი, არამედ მათი შინაარსი - დაკავებული კარტოგრაფის ადვოკატი

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული და წინასწარ პატიმრობაში მყოფი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატები ელოდებიან, რომ პროკურატურა მათ ხვალ გააცნობს იმ ვიდეო- და აუდიოჩანაწერებს, რომელთა საქმეში არსებობის შესახებაც საქმის პროკურორმა დღეს გააკეთა განცხადება კარტოგრაფების ბრალის დაზუსტებისას. ორივე ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ მათთვის ამ დრომდე არაფერი იყო ცნობილი საქმეში ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერების არსებობის შესახებ. გაჩნდა ეჭვიც იმის თაობაზე, რომ სასამართლო სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე დანაშაულის მოტივის გამოკვეთა და ამ დრომდე უცნობი მტკიცებულებების შემოტანა საქმეში, საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენას ისახავს მიზნად. ბრალდებულების ადვოკატების შეფასებით, ბრალის ნაწილში რამდენიმე სიტყვის დამატება სამართლებრივად არანაირი განსაკუთრებული ღირებულების ან მნიშვნელობის მატარებელი არ არის.

"აქამდე თუ ეწერა, რომ ივერი მელაშვილი ახორციელებდა კონკრეტულ ქმედებებს, ახლა დაამატეს, რომ ამ ქმედებებს ახორციელებდა სხვების დავალებით, ვისი დავალებით, არ კონკრეტდება. ეს ალბათ არის მცდელობა, კონკრეტული მოტივი გამოკვეთოს, რომელიც აქამდე არ იყო გამოკვეთილი. მეორე საკითხია, რამდენად ღირებული იქნება ის ჩანაწერები [რომელზეც დღეს პროკურორმა საჯაროდ ისაუბრა] ამ მოტივის გამოსაკვეთად", - უთხრა რადიო თავისუფლებას ედუარდ მარიკაშვილმა, ივერი მელაშვილის ადვოკატმა. მისი შეფასებით, საქმისთვის მნიშვნელოვანია, როდის და რა სამართლებრივი მოტივით მოიპოვა პროკურატურამ ჩანაწერები, რომელიც საქმეში სურს მტკიცებულებად გამოიყენოს.

"ალბათ ეს სტრატეგია იყო, რომ დაცვის მხარეს და საზოგადოებასაც არ ცოდნოდა იმ საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, რასაც ატარებდნენ. ეს მიანიშნებს იმას, რომ პროკურატურას აქვს სუსტი პოზიცია. მათ შეეძლოთ, თუ ასეთი არგუმენტები ჰქონდათ, თავიდანვე წარმოედგინათ და უფრო მყარად ყოფილიყვნენ თავის პოზიციაში, თუმცა ვხედავთ, რომ ბოლო ეტაპზე გაასაჯაროვეს გარკვეული ინფორმაცია, რომლის წარმოდგენაც მანამდეც შეეძლოთ. თითქოს სურთ, საზოგადოებაში არსებობდეს აზრი, რომ რაღაც ფარული ჩანაწერები არსებობს, რომელიც რაღაცაზე მეტყველებს. მთავარი არის არა ფაქტი, რომ ფარული ჩანაწერი არსებობს, არამედ მათი შინაარსი", - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი. ის გვიყვება, რომ საპატიმრო დაწესებულებაში ბრალის დასაზუსტებლად ივერი მელაშვილთან არა პროკურორი, არამედ გამომძიებელი იმყოფებოდა, რომელსაც არ უსაუბრია მათთან ახალ მტკიცებულებებზე, შესაბამისად, არც ბრალდებულს და არც მის დაცვის მხარეს არ ჰქონიათ საშუალება, გაეგოთ მეტი ბრალდების მხარის არგუმენტაციის შესახებ.

საქმეში არსებული ახალი მტკიცებულებების თაობაზე მათ გაცნობამდე მსჯელობა უჭირს ნატალია ილიჩოვას ადვოკატსაც, თუმცა არც გიორგი მახარაძე გამორიცხავს იმას, რომ პროკურატურის დღევანდელი განცხადებები იმის შესახებ, რომ ბრალდებულები ვიღაცის დავალებით მოქმედებდნენ, საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის იყო განკუთვნილი.

"შინაარსობრივი ცვლილება, რაზეც აქამდე საუბრობდა პროკურატურა, გამოიხატა იმაში, რომ ჩაემატა ფრაზა, თითქოს ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი ვიღაცის დავალებით მოქმედებდნენ - დანარჩენი სტილისტიკური ცვლილებები იყო ბრალის დოკუმენტში, რაც დიდად ამ საქმეში არაფერს ცვლის", - ამბობს ნატალია ილიჩოვას ადვოკატი, გიორგი მახარაძე.

ამ დროისთვის არც ერთი ბრალდებულისთვის არ განუმარტავთ, ვისი დავალებების შესრულებას ედავება პროკურატურა დაკავებულ კარტოგრაფებს ან რა დროს არის გაკეთებული აუდიო- და ვიდეოჩანაწერები, რომელზეც პროკურატურამ დღეს პირველად ისაუბრა.

ასევე ნახეთ პროკურორი: კარტოგრაფები თანამდებობის პირების დავალებებს ასრულებდნენ, გვაქვს ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები

ბრალის დაზუსტებამდე რამდენიმე დღით ადრე, 13 იანვარს, გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრალდებულების მიმართ გამოძიება დასრულდა, თუმცა ამ საქმეზე მუშაობა კვლავ მიმდინარეობს სხვა შესაძლო დამნაშავე პირთა გამოვლენის მიზნით. 13 იანვარსვე "ქართული ოცნების" ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა თავის სატელევიზიო ინტერვიუში საზოგადოებრივ მაუწყებელთან მადლობა გადაუხადა საქმის მნიშვნელოვან მოწმეს და რუსეთიდან მისი დავალებით რუკების ჩამომტან ბიზნესმენ დავით ხიდაშელს, რომლის საქციელსაც გმირობა უწოდა. ივერი მელაშვილის ადვოკატებისთვის მისი ეს განცხადება გახდა დასტური იმისა, რომ კარტოგრაფების საქმე "ივანიშვილის პირად კონტროლზეა".

ასევე ნახეთ დაკავებული კარტოგრაფის ადვოკატი: უფრო ნათელი გახდა, რომ საქმე პირადად ივანიშვილის კონტროლზეა

გლდანის ციხესთან 20 დეკემბერს მისულმა პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ თქვა, რომ ბრალდებულები კონკრეტული პირების დავალებით მოქმედებდნენ და გამოძიებისთვის მათი მოტივი ამ დრომდეც ცნობილი იყო, თუმცა ამ თემაზე საჯაროდ არ სურდათ საუბარი.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და ამ დრომდე მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა.

კარტოგრაფების საქმეზე სასამართლო პროცესი 28 იანვარს უნდა გაიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოში. მხარეებმა ყველაზე გვიან 22 იანვარს უნდა წარუდგინონ ერთმანეთს ყველა მტკიცებულება, რაც ამ საქმეზე აქვთ მოპოვებული.

ასევე ნახეთ საზღვარს განსაზღვრავენ არა ძველი რუკები, არამედ მოლაპარაკებები - ინტერვიუ გელა ბეჟუაშვილთან