დღეს ე.წ. კარტოგრაფების საქმის ბრალდებულებს, წინასწარ პატიმრობაში მყოფ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს პროკურატურა ბრალს უზუსტებს. ბრალის დაზუსტებამდე რამდენიმე დღით ადრე, 13 იანვარს, გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრალდებულების მიმართ გამოძიება დასრულდა, თუმცა ამ საქმეზე მუშაობა კვლავ მიმდინარეობს სხვა შესაძლო დამნაშავე პირთა გამოვლენის მიზნით. გლდანის ციხესთან მისულმა პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ ბრალის დაზუსტებასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში თქვა, რომ ამ პროცედურის საფუძველი გახდა მოტივის გამოკვეთა, რომელიც გამოძიებისთვის ცნობილი იყო, თუმცა ამ დრომდე ამ თემაზე საჯაროდ არ სურდათ საუბარი.
„დღეს უკვე შესაძლებლობა გვაქვს, თავისუფლად ვისაუბროთ მოტივთან დაკავშირებით და საზოგადოებას მივაწოდოთ [ინფორმაცია].
დადგენილია, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ განზრახ და ასევე დავალებების შესაბამისად, საუბრობდნენ ზემდგომი პირების, ზემდგომი თანმდებობის პირების დავალებების შესაბამისად. რაც შეეხება მტკიცებულებებს, თუ რა ადასტურებს ამ გარემოებას, პირველი, ეს არის მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, თუმცა, ყველაზე მთავარი, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებია, ეს არის აუდიო-ვიდეომასალა, რომელიც პრაქტიკულად ვიზუალური დემონსტრაციაა, როგორც ამ გარემოების - მოტივთან დაკავშირებით, ასევე ყველა მნიშვნელოვანი გარემოების, რაც ბრალდებულების ქმედებებს ნარატივად გასდევდა", - თქვა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ გლდანის ციხესთან, სადაც ის ივერი მელაშვილთან ბრალის დაზუსტების პროცედურაზე იყო მისული. მისი თქმით, პროკურატურა უახლოეს მომავალში ყველა ამ გარემოებასთან დაკავშირებით საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მიაწვდის.
"ჩვენ ამის დემონსტრაციას მოვახდენთ, საზოგადოებას ამას ნათლად მივაწვდით და ეს უკვე პრაქტიკულად დოკუმენტური დესკრიპცია იქნება, საზოგადოებას ნათელი წარმოდგენა შეექმნება როგორც ბრალდებულების მიერ განხორციელებულ ქმედებებთან, ასევე მოტივთან დაკავშირებით“, - განაცხადა სადრაძემ, რომელსაც არ დაუკონკრეტებია, რა დროს არის განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები ან კონკრეტულად რომელი თანამდებობის პირების დავალების შესრულებას ედავება სახელმწიფო ბრალდების მხარე წინასწარ პატიმრობაში მყოფ კარტოგრაფებს.
"რაც შეეხება სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხს, მათ შორის, ბრალდებულებთან შესაძლო დანაშაულებრივ შემხებლობაში მყოფი პირების პასუხისმგებლობის საკითხს, ვაგრძელებთ გამოძიებას, გამოყოფილი საქმეა, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და აუცილებლად, როცა შესაბამისი შედეგები იქნება, ამასაც, რა თქმა უნდა, საზოგადოებას მივაწვდით“, - თქვა მიხეილ სადრაძემ.
კიდევ ერთმა პროკურორმა, რომელიც ბრალს ნატალია ილიჩოვას უზუსტებდა, რუსთავის ქალთა კოლონიასთან ასევე დანაშაულის მოტივზე ისაუბრა და თქვა, რომ ბრალდების მხარეს კონკრეტული მტკიცებულებები აქვს მოპოვებული. რუსთავის ქალთა კოლონიასთან პროკურორს კომენტარის გაკეთება აქციის ფონზე მოუწია, რომელსაც დილიდან სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები მართავენ დაკავებული კარტოგრაფების მხარდასაჭერად.
რადიო თავისუფლება ცდილობს, ბრალდებულების დაცვის მხარისგან უფრო მეტი გაიგოს, კონკრეტულად რა მტკიცებულებებზე საუბრობს პროკურატურა და რას ნიშნავს სასამართლო სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე პროკურატურის მიერ ბრალის დაზუსტება. კარტოგრაფების საქმეზე სასამართლო სხდომა 28 იანვარს არის დანიშნული.
პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და ამ დრომდე მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა.