Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებული კარტოგრაფის ადვოკატი: უფრო ნათელი გახდა, რომ საქმე პირადად ივანიშვილის კონტროლზეა


ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ ინტერვიუს ეხმაურება და ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის მადლიერება რუსეთიდან რუკების ჩამომტანი დავით ხიდაშელის მიმართ კიდევ უფრო ნათელს ხდის იმას, რომ კარტოგრაფების საქმე "პირადად ბიძინა ივანიშვილის კონტროლზეა და მნიშვნელოვან მიღწევად მიაჩნია."

ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში პირველად ილაპარაკა საჯაროდ ამ საქმეზე და მან დავით ხიდაშელის მიერ ამ საქმეში არსებული მტკიცებულებების მოპოვება "გმირობად" შეაფასა.

"თუკი ვინმეს აქვს იმის განცდა, რომ მე რამე განსაკუთრებული გავაკეთე, არანაკლები ქველმოქმედია ჩემზე და არანაკლები პატრიოტი და არანაკლები დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე. მის ყველა ქმედებას მე აბსოლუტურად გმირობად ვთვლი.

რაც მან გაუკეთა ქვეყანას, მე ვთვლი, რომ ეს არის ჭეშმარიტი გმირობა. ჩვენ ჩვენს მეზობელთან კამათსაც გადაგვარჩინა და სირცხვილსაც, რომ ჩვენი კულტურის ძეგლი ლამის შუაზე იჭრებოდა, ამასაც გადაგვარჩინა. ეს გააკეთა ლამის გულწრფელად. თავისი გონებით, შემართებით, თავისი რესურსებით. მე პირადად უამრავი მადლობა გადავუხადე მას. სულ ვთვლი, რომ ვალი მიმყვება-მეთქი მაგ კაცის", - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

დავით ხიდაშელმა რუსეთის არქივებში ისტორიული რუკების მოძიების დავალება მისი სატელევიზიო განცხადებების მიხედვით, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო. მას პროკურატურისთვის ჩვენების მეორედ მიცემა მოუწია იმის გამო, რომ პირველ ჩვენებაში სატელევიზიო ინტერვიუსგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილი არ უხსენებია. ბიძინა ივანიშვილის, როგორც საქმის მნიშვნელოვანი მოწმის დაკითხვას თვეებია ითხოვს ბრალდებულების დაცვის მხარე, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.

"ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ დავით ხიდაშელის "გმირობამ" (რუკების რუსეთიდან ჩამოტანამ), ქვეყანას ერთი მხრივ აარიდა მეზობელ სახელმწიფოსთან კამათს, ხოლო მეორე მხრივ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გადაარჩინა შუაზე გაჭრას. კიდევ უფრო ნათელი გახდა კონტურები, რომ საქმე პირადად ივანიშვილის კონტროლზეა და მნიშვნელოვან მიღწევად მიაჩნია.

თუმცა, ბუნდოვანია, რას ნიშნავს მეზობელ სახელმწიფოსთან კამათის თავიდან არიდება. რატომ საუბრობს ისე თითქოს, სადავო საკითხი უკვე გადაჭრილია." - დაწერა ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ ფეისბუქის პირად გვერდზე ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა.

ივერი მელაშვილის მეორე ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე კი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ იმ ბარიერებზე საუბრობს, რასაც დაცვის მხარე ამ საქმეში სახელმწიფო სტრუქტურებისგან აწყდება.

"მას შემდეგ, რაც ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეს ბატონი ივანიშვილი, დღეს, საკუთარ "გამოსამშიდობებელ გადაცემაში" შეეხო, უფრო ცხადი გახადა, თუ სიდან იღებს სათავეს ის უსამართლობა, რასაც ამ საქმეში ვაწყდებით.

კიდევ ერთხელ, ყველას გასაგონად:

  • მთელი სახელმწიფო აპარატი: პროკურატურა (ჩვენი დათვლით 30-მდე პროკურორი და გამომძიებელი), სუსი, თავდაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, პენიტენციური დეპარტამენტი, სასამართლო, ექსპერტიზის ბიურო და ა.შ. კანონიერი თუ უკანონო გზების გამოყენებით აქტიურადაა ჩართული მელაშვილისა და ილიჩოვას პატიმრობისა და მსჯავრდების უზრუნველყოფის პროცესში;
  • ადვოკატებს დღემდე არ გვეძლევა საშუალება, პირისპირ, ტელეფონის გარეშე გვქონდეს ივერი მელაშვილთან კომუნიკაცია;
  • ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად დღემდე არ გადმოგვცემია იმ რუკების ასლები, რომელიც ჩვენთვის მთავარი მტკიცებულებაა და ამოღებული აქვს პროკურატურას;
  • დღემდე ვისმენთ და ვხედავთ მიზანმიმართული სიცრუის გავრცელებასა და ბრალდებულების უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას" - დაწერა გიორგი მშვენიერაძემ ფეისბუქზე.

მისი შეფასებთ, "ივანიშვილის მიერ "დატოვებული ანდერძი" მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს ხელში უკვე გამამტყუნებელ განაჩენს ნიშნავს", თუმცა ამის მიუხედავად ადვოკატები თავგანწირვით იბრძოლებენ იმისათვის, რომ "უდანაშაულო, წესიერი მოხელეები ამ ბინძური ცილისმწამებლური ბრალდებით არ დარჩნენ ხელისუფლების პოლიტიკური სიშლეგით გამოწვეულ ტყვეობაში."

კარტოგრაფების საქმეზე სასამართლო სხდომა 28 იანვარს არის ჩანიშნული. წინასწარ პატიმრობაში მყოფი ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი იყო ერთ-ერთი თემა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარკებების, რომლებიც საერთაშორისო ფასილიტატორების ინიციატივით იმართებოდა.

2020 წლის 29 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია [აღსანიშნავია, რომ ამჟამად თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილი იკავებს, რომელიც 2014 წელს პრემიერ-მინისტრი იყო], რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

2020 წლის 7 ოქტომბერს ამ საქმეზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. გამოძიების თანახმად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების, დაახლოებით 3500 ჰექტარი ფართობის დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

XS
SM
MD
LG