რა სჭირდება "ოცნებას" მთავრობის შესანარჩუნებლად და რა შანსი აქვს ოპოზიციას  

31 ოქტომბრის არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით იმართება. 150-წევრიან პარლამენტში მხოლოდ 30 მაჟორიტარი დეპუტატი იქნება, ხოლო დარჩენილი 120 დეპუტატის არჩევა პარტიული სიებიდან, პროპორციული წესით მოხდება. ძალთა როგორი გადანაწილება სჭირდებათ პოლიტიკურ პარტიებს/ბლოკებს იმისთვის, რომ ახალი პრემიერი შეარჩიონ და მთავრობაც დააკომპლექტონ? როგორ აისახება ამომრჩევლების მიერ მიცემული ხმები არჩევნების საბოლოო შედეგზე? რა წინასწარი სურათი დახატა საზოგადოებრივი აზრის კვლევებმა?

რა შემთხვევაში მოხვდება პარტია/ბლოკი პარლამენტში?

იმისათვის, რომ პარლამენტში ერთი დეპუტატით მაინც მოხვდეს, ამა თუ იმ პარტიამ 1%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს; ხოლო საარჩევნო ბლოკისთვის ეს ბარიერი იმდენივეა, რამდენ პარტიასაც აერთიანებს ეს ბლოკი.

31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე 50 პოლიტიკური ძალის ჩამონათვალში მხოლოდ ორი ბლოკია: „ენმ - გაერთიანებული ოპოზიცია“ 5 პარტიას აერთიანებს, ხოლო „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2 პარტიას.

პარტიიდან თუ ბლოკიდან პარლამენტში მოხვედრილი დეპუტატების რაოდენობა დამოკიდებულია როგორც არჩევნების პროპორციულ (პარტიული სიების) ნაწილზე, ასევე - მაჟორიტარულზე.

  • თუკი პარტია/ბლოკი ვერ გადალახავს ე.წ. ჩამკეტის 40.54%-იან ბარიერს, მის შემთხვევაში არ დაჯამდება პროპორციული და მაჟორიტარული წესით მიღებული მანდატების რაოდენობა;
  • მანდატების შეჯამების პრივილეგია უჩნდება მხოლოდ იმ პარტიას/ბლოკს, რომელიც არჩევნების პროპორციულ ნაწილში მიიღებს 40.54%-ზე მეტს;
  • პარლამენტში შედის ყველა გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი; ე.წ. ჩამოჭრა ხდება პროპორციული წესით დაგროვილი მანდატებიდან.

ასევე ნახეთ მომავალ პარლამენტში მაქსიმუმ 10 პარტია შევა - ინტერვიუ ვახტანგ ხმალაძესთან

მაგალითი #1 - როცა პარტია/ბლოკი ვერ გადალახავს 40.54%-იან ზღვარს

ვთქვათ, პარტიამ/ბლოკმა არჩევნების პროპორციულ ნაწილში მიიღო 39%, პარტიული სიებიდან ასარჩევი 120 დეპუტატიდან, ეს მაჩვენებელი ნიშნავს დაახლოებით 47 სადეპუტატო მანდატის მიღებას. ეს 47 მანდატი სრულად ვერ დაჯამდება ამ პარტიის გამარჯვებული მაჟორიტარების რაოდენობასთან.

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ: ამ პარტიამ 30-ვე მაჟორიტარული ოლქი რომ მოიგოს, მის ანგარიშზე მაინც ვერ იქნება 77 (47+30) მანდატი.

ასეთ შემთხვევაში: პარლამენტში შევა 30-ვე მაჟორიტარი, ხოლო პროპორციული სიით მოგროვილი მანდატების რაოდენობა, დაწესებული მარჟით, იმგვარად შეიკვეცება, რომ პარტიას/ბლოკს ვერაფრით ვეღარ დარჩება უმრავლესობის შესაქმნელად საჭირო მანდატები.

მაგალითი #2 - როცა პარტია/ბლოკი გადალახავს 40.54%-იან ზღვარს

ვთქვათ, პარტიამ/ბლოკმა არჩევნების პროპორციულ ნაწილში მიიღო 50%, პარტიული სიებიდან ასარჩევი 120 დეპუტატიდან ეს მაჩვენებელი ნიშნავს 60 მანდატს.

შემდეგ, ეს 60 მანდატი დაჯამდება ამ პარტიის გამარჯვებული მაჟორიტარების სრულ რიცხვთან. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ: ამ პარტიამ 30-ვე მაჟორიტარული ოლქი რომ მოიგოს, მის ანგარიშზე იქნება დაახლოებით 90 მანდატი (60+30). თუ მოიგებს 20 მაჟორიტარულ ოლქს, მის ანგარიშზე იქნება დაახლოებით 80 მანდატი (60+20) და ასე შემდეგ.

ასევე ნახეთ რეიტინგებისა და "რევოლუციური სცენარის" წინასაარჩევნო ამბავი

ტელეკომპანიების - „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ მიერ დაკვეთილი კვლევებით, 40.54%-იანი ზღვრის გადალახვა შეუძლია მხოლოდ „ქართულ ოცნებას“. თუმცა, სხვა კვლევებით, ასეთი მოლოდინი არ დასტურდება.

სექტემბერ-ოქტომბრის კვლევებით, „ქართული ოცნების“ მაჩვენებელი ასეთია:

  • ამერიკული „Edison Research“ „ფორმულასთვის“ – 36%
  • აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) – 36%;
  • ფრანგული „IPSOS“ „მთავარი არხისთვის“ – 40%;
  • ბრიტანული „Survation“ „რუსთავი 2“-ისთვის - 55%;
  • ამერიკული „Public Opinion Strategies“ „იმედისთვის“ – 56%.

კვლევების თანახმად, მომავალ პარლამენტში მაქსიმუმ 10 პარტია შევა. განსხვავებული თანმიმდევრობის მიუხედავად, მათი ჩამონათვალი თითქმის იდენტურია ურთიერთგამომრიცხავ რეიტინგებშიც კი. „ქართული ოცნების“ გარდა, კვლევაში ძირითადად ერთსა და იმავე ოპოზიციურ პარტიებს ვხვდებით და ესენი არიან: „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ერთიანი საქართველო“, „გირჩი“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ლეიბორისტული პარტია“ და „მოქალაქეები“. აქედან „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ ყველა კვლევაში მეორე ადგილს იკავებს.

რამდენიმე კვლევის თანახმად, ოპოზიციური პარტიების რეიტინგების ჯამი აღემატება „ქართული ოცნების“ მაჩვენებელს.

ვინ ქმნის უმრავლესობას პარლამენტში და რა შემთხვევაშია საჭირო კოალიცია

უმრავლესობის შესაქმნელად მინიმუმ 76 სადეპუტატო მანდატის მოგროვებაა საჭირო. ეს შეიძლება გააკეთოს როგორც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ დამოუკიდებლად, ასევე - პოლიტიკურ ძალთა კოალიციამ.

  • როგორც უკვე ვთქვით, ახალი საარჩევნო სისტემის მიხედვით, პარლამენტში უმრავლესობას დამოუკიდებლად ვერ შექმნის ერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც არჩევნების პროპორციულ (სიითი შემადგენლობით) ნაწილში ვერ მიიღო ამომრჩეველთა ხმების 40.54%-ზე მეტი;
  • კოალიციურ რეჟიმში საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა შეუძლია პოლიტიკურ ძალთა ერთობას, როცა მის ანგარიშზე, ჯამურად, მინიმუმ 76 სადეპუტატო მანდატია.
ასევე ნახეთ უსაფრთხოება კენჭისყრის დროს - სად რა წესები იმოქმედებს

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, „ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებიდან არაუგვიანეს 35-ე დღისა, პარლამენტის ბიუროს წარედგინება არანაკლებ 76 პარლამენტის წევრის ხელმოწერით დადასტურებული საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სია, რომელსაც იგი რეგისტრაციაში ატარებს“. ამ სიაში შეიძლება იყვნენ უფრაქციო დეპუტატებიც, მაგრამ „დაუშვებელია საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიაში რომელიმე ფრაქციის წევრთა ნაწილის შეყვანა“.

ასევე:

  • „ფრაქციას, უფრაქციო პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს დატოვოს საპარლამენტო უმრავლესობა“.
  • თუ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ პარლამენტის წევრთა რაოდენობა 76-ზე ნაკლები გახდა, „ასეთ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა დაშლილად ითვლება“;
  • საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის შემდეგ პარლამენტის ბიუროს „წარედგინება უმრავლესობის წევრთა ახალი სია, რომელსაც იგი რეგისტრაციაში ატარებს“.

მთავრობის ფორმირება - დამოუკიდებლად ან კოალიციით

თუკი დამოუკიდებლად უმრავლესობას ვერ შექმნის, ესა თუ ის პოლიტიკური ძალა ვერც იმას შეძლებს, რომ დამოუკიდებლად შეარჩიოს პრემიერ-მინისტრი და დააკომპლექტოს მთავრობა.

სწორედ ასეთ დროს ხდება საჭირო კოალიციური ერთობა, რათა პოლიტიკურმა ძალებმა ერთობლივად მოახდინონ მთავრობის ფორმირება.

  • კოალიციისთვის მოკავშირე დასჭირდება იმ პარტიასაც, რომელიც, ვთქვათ, 75 მანდატს მოაგროვებს და უმრავლესობის შესაქმნელად მხოლოდ 1 მანდატი დააკლდება;
  • შესაბამისად, მომავალ პარლამენტში, ექსპერტების აზრით, უმრავლესობის შექმნის ბედი თითოეული დეპუტატის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

ასევე ნახეთ გიორგი გახარია: „ქართულ ოცნებას“ კოალიცია ამჯერად არ დასჭირდება

„ქართული ოცნება“ ღიად გამოხატავს იმედს, რომ ამომრჩეველთა დაახლოებით 60%-ის მიმხრობას შეძლებს და კოალიციის შექმნა აღარ დასჭირდება. თუმცა ეს აბსურდად მიაჩნიათ ოპოზიციაში, რომლის დიდი ნაწილი მომავალ პარლამენტში უმრავლესობის შექმნას ერთობლივი ძალებით გეგმავს.

  • ძირითადი ოპოზიციური ძალები თავიანთი კოალიციის შემადგენლობაში მკაცრად გამორიცხავენ „პატრიოტთა ალიანსს“ - პარტიის პრორუსული ინტერესებისა და მოქმედებების გათვალისწინებით.
  • „პატრიოტთა ალიანსთან“ რაიმე ტიპის თანამშრომლობას, ისევ პრორუსული ორიენტაციის მიზეზით, „ქართული ოცნების“ ცალკეული წარმომადგენლებიც გამორიცხავენ.
  • თუმცა ოპოზიციას მტკიცედ სჯერა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ აუცილებლად მოხვდება „ქართული ოცნების“ კოალიციაში, თუკი ამჟამინდელ მმართველ პარტიას ეს დასჭირდება.

მოხვდება თუ არა ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პროდასავლურ კოალიციაში ნატოში გაწევრიანების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი და რუსეთთან დიალოგის მომხრე პარტია „ერთიანი საქართველო“?

ნინო ბურჯანაძის პარტია პირველივე დღიდან მონაწილეობდა „ლეიბორისტების“ ოფისში გამართულ შეხვედრებში და ყველა შეთანხმებულ დეკლარაციასაც მოაწერა ხელი.

ამასთან, მკაფიო განსხვავებებზე ხშირი მინიშნების მიუხედავად, „ერთიანი საქართველოს“ საჯარო უარყოფა ბოლო მრავალი თვის განმავლობაში აღარ მომხდარა ოპოზიციური პარტიების მხრიდან. ერთადერთი ასეთი ხმაურიანი შემთხვევა თაკო ჩარკვიანს უკავშირდება.

ნინო ბურჯანაძის პარტიაში იმედოვნებენ, რომ მომავალ პარლამენტში პროდასავლურ კოალიციაშიც მოხვდებიან.

„ჩვენ ჩვენს თავს ვხედავთ მომავალ კოალიციაში აუცილებლად. ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ გამართულ ყრილობაზე ჩვენმა პარტიამ პრიორიტეტად ოფიციალურად გამოაცხადა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება. ვფიქრობ, რომ ჩვენი კოლეგა ოპოზიციონერები ძალიან კარგად ხედავენ - ვინ არის ნამდვილად დასავლური და პროდასავლური ღირებულებების მატარებელი და ვინ არა. სერიოზული და ჩამოყალიბებული პოლიტიკოსებისგან გართულებებს ნამდვილად არ ველოდებით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანზორ ბიწაძემ.

ასევე ნახეთ ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის თანახმადაც „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ძირითადი ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა ხელმოწერით დაადასტურა განზრახვა, რომ - არავითარ შემთხვევაში არ შეკრავს კოალიციას „ქართულ ოცნებასთან" ერთად. გამოკითხვებში გამოკვეთილი ოპოზიციური ძალებიდან 30 ოქტომბერს გაფორმებულ დეკლარაციას ხელი არ მოაწერეს მხოლოდ „ლელომ“ და „მოქალაქეებმა“. თუმცა მათ ლიდერებს სხვადასხვა დროს, მრავალჯერ აქვთ ნათქვამი, რომ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში შესვლას არ გეგმავენ.

ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს ხელი ასევე აქვთ მოწერილი ერთმანეთის ხმების დაცვის დეკლარაციაზე და 31 ოქტომბერს ერთობლივ მუშაობას გეგმავენ ამ მიზნების შესაბამისად შექმნილ შტაბში.

რა შეიძლება მოხდეს უკვე პარლამენტში?

30 ოქტომბერს, როდესაც „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციის არშეკვრას აწერდა ხელს, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, სერგი კაპანაძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა პარტიის პოზიცია, რომ - მომავალ პარლამენტში ისინი მხარს არ დაუჭერენ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის არჩევას. საქართველოს მესამე პრეზიდენტი პრემიერობის კანდიდატად დასახელებული ჰყავს ბლოკს „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია"“.

პრემიერებად დასახელებულთა შორის არიან ასევე, მაგალითად: გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და მამუკა ხაზარაძე - „ლელოს“ მიერ. „ევროპულ საქართველოს“ არავინ დაუსახელებია.

პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე შეთანხმებას ექსპერტები ერთ-ერთ ურთულეს გამოწვევად თვლიან ამჟამინდელი ოპოზიციონერების მიერ საპარლამენტო კოალიციის შექმნის შემთხვევაში. შეუთანხმებლობის გამო კი, საქმე შესაძლოა კრიზისამდეც მივიდეს.

ასევე ნახეთ გზები საჭირო უმრავლესობისკენ - დამოუკიდებლად თუ კოალიციით?

საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის თანახმად:

  • ახალარჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას პარლამენტის წინაშე და განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე.
  • პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტია ასახელებს;
  • პარლამენტს აქვს ორი კვირა, რომ ნდობა გამოუცხადოს პრემიერობის ამ კანდიდატის მიერ წარდგენილი მთავრობის შემადგენლობას;
  • მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა - მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა;
  • თუ პარლამენტმა ამ მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, მაშინ კიდევ 2-კვირიან ვადაში პარლამენტმა შესაძლებელია დაამტკიცოს ახლა უკვე მინიმუმ 51 დეპუტატის მიერ წამოყენებული პრემიერობის კანდიდატის მთავრობა;
  • თუკი არც ეს მოხდება, მაშინ პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები.

თუკი ამ ჩანაწერით ვიხელმძღვანელებთ და საზოგადოებრივი აზრის კვლევების შედეგებსაც გადავხედავთ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის დასახელების პრივილეგია საწყის ეტაპზე, სავარაუდოდ, „ქართულ ოცნებას“ ექნება. მაგრამ შესაბამისი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება იმაზე იქნება დამოკიდებული, ექნება თუ არა „ქართულ ოცნებას“ (დამოუკიდებლად ან კოალიციით) სულ მცირე 76 მანდატი.

თუკი ეს ვერ მოხერხდება, დაიწყება მეორე 2-კვირიანი ვადის ათვლა და სწორედ აქ ხედავენ ექსპერტები ამჟამინდელი ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილი კოალიციის მიერ მთავრობის დაკომპლექტების შანსებს, ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში. თუკი მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება ვერც მეორე ჯერზე მოხდება, ახლად არჩეული პარლამენტი დაიშლება.