არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 30 ოქტომბერს, ლეიბორისტული პარტიის ფორმატში მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც ისინი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან.
„მნიშვნელოვანია, რომ ერთი დღით ადრე არჩევნებამდე, ყველა ამომრჩეველმა, ჩვენმა საზოგადოებამ მკაფიოდ იცოდეს, რომელი პარტია სად დგას და რას უნდა ელოდეს მისგან საქართველოს მოქალაქე, როცა ისინი შესაბამისი წონით აღმოჩნდებიან პარლამენტში. ჩვენ დღეს ვთანხმდებით პარტიები, რომ არავითარ ვითარებაში და არავითარ შემთხვევაში არ შევუქმნით კოალიციას „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა მედიასთან საარჩევნო სუბიექტის „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელმა, ხათუნა სამნიძემ.
მემორანდუმში კი ნათქვამია, რომ პოლიტიკური ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხის ნებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას და შექმნის ქართველი ხალხის ნდობით აღჭურვილ მთავრობას.
2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში დანიშნულია ქვეყნის პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური და კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნები.