სირთულეები გაჩნდა 20 ივნისს დაშავებულების მკურნალობაში

კობა ლეთოდიანი და დემეტრე ნაყოფია. დემეტრეს ფოტო ტელეკომპანია იმედთან მიცემული ინტერვიუს ფრაგმენტია.

2019 წლის 20 ივნისს დაშავებული დემეტრე ნაყოფია და კობა ლეთოდიანი უკვე რამდენიმე თვეა სახელმწიფოსგან ვერ იღებენ პასუხს, როდის შეძლებენ მკურნალობის გაგრძელებს ისრაელის იმ კლინიკებში, სადაც მათ პირველადი ოპერაციები გაუკეთეს.

დემეტრე ნაყოფიამაც და კობა ლეთოდიანმაც აქციის შემდეგ თვალის მძიმე დაზიანებები მიიღეს და ორივე მათგანმა მხედველობა დაკარგა.

„ისრაელში ბოლოს ვიყავი 2019 წლის დეკემბერში, რომ მოვდიოდი, ექიმმა მითხრა, რომ შემდეგ ჩამოსვლაზე ბადურის გადასანერგად მომამზადებდნენ და ოპერაციას გააკეთებდნენ - მარტში უნდა ჩავსულიყავი ამისთვის. მარტში პანდემია დაიწყო, ყველაფერი ჩაიკეტა და მეც მაგ დროს არავინ არ შემიწუხებია. მერე გავიგე, რომ ისრაელში ფრენები იყო, დროც გადიოდა და ზაფხულში შევეხმიანე ავთანდილ თალაკვაძეს [საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი], რომლისგანაც ამ დრომდე არ მაქვს პასუხი, როდის წავალთ ან რაზეა დამოკიდებული ეს გადაწყვეტილება”, - უთხრა რადიო თავისუფლებას დემეტრე ნაყოფიამ, რომელსაც ეშინია, რომ ჩატარებული მკურნალობა აზრს დაკარგავს, თუკი გონივრულ ვადაში არ გადაინერგავს ბადურას. ოპერაციამ დათქმულ თარიღთან შედარებით უკვე ნახევარი წლით დააგვიანა. ოპერაციის შემთხვევაში მას ექიმები აძლევენ იმედს, რომ მხედველობა დაზიანებულ თვალში ნაწილობრივ მაინც აღუდგება, ახლა ამ თვალს რეაქცია მხოლოდ სინათლეზე აქვს.

„მე ვისაც ვუკავშირდები ისრაელში, ყველა გვეუბნება, რომ მზად არიან ჩვენს მისაღებად, არც კარანტინი გვჭირდება, მოწვევაც შეუძლიათ გამოგვიგზავნონ, აქ არის მოსაგვარებელი საბუთები, იმათი მხრიდან არანაირი შეფერხება არ არსებობს”, - ამბობს დემეტრე ნაყოფია. ის მკურნალობის გაურკვეველი ვადით გადადების შესახებ სექტემბრის დასაწყისშიც გამოხატავდა საჯაროდ უკმაყოფილებას, რის შემდეგაც გერმანიაში შესთავაზეს მკურნალობის გაგრძელება, თუმცა მისი სურვილია, მკურნალობა იმ ექიმთან და იმ კლინიკაში გააგრძელოს, სადაც იციან მისი ისტორია და სადაც მისცეს მხედველობის აღდგენის იმედი.

დემეტრე ნაყოფიას მსგავსად, მკურნალობის გაგრძელებაზე პასუხს უკვე თვეებია ელოდება აქციის კიდევ ერთი დაშავებული, კობა ლეთოდიანი. კობა ლეთოდიანს 20 ივნისს სახეში მოხვედრილი 4 ტყვია 7 ივლისამდე ჰქონდა სხეულში. ქართველმა ექიმებმა თვალის სრულად დაკარგვის შიშით აქ ოპერაცია ვერ გაუკეთეს. ტყვიები საბოლოოდ ისრაელში ამოუღეს.

ისრაელში კობა პირველად 2019 წლის ივნისის ბოლოს წავიდა, მას შემდეგ კიდევ ოთხჯერ: ივლისში, სექტემბერში, დეკემბერში, თებერვალში - მომდევნო წასვლა სექტემბერში იყო დაგეგმილი, თუმცა ამ დრომდე არ აქვს პასუხი იმაზე, როდის შეძლებს მკურნალობის გაგრძელებას. მისმა შვილმა, ნათია ლეთოდიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბოლო პერიოდში კობას ტკივილები აწუხებს, ექიმი მკურნალობას პაციენტის ნახვის გარეშე ვერ ნიშნავს და გაჩნდა იმის შიში, რომ მხედველობის დაბრუნების ისედაც მცირე შანსი შეიძლება დაიკარგოს.

ასევე ნახეთ კობა ლეთოდიანი: 20 ივნისი ომზე უარესი იყო, 9 აპრილზე უარესიც იყო

ნათია ლეთოდიანი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ბოლო კომუნიკაცია ავთანდილ თალაკვაძესთან 3 კვირის წინ ჰქონდათ. ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი მოაგროვეს, თუმცა მას შემდეგ კითხვებზე პასუხი აღარ მიუღიათ. ნათიამ ჯერ კიდევ ზაფხულში დამოუკიდებლად გაარკვია, რომ მათ მსგავს პაციენტებს ისრაელის კლინიკებში წასვლა უპრობლემოდ შეეძლოთ, საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული ოფიციალური წერილით. კლინიკა, სადაც მკურნალობენ, დაზარალებულებს ასევე უდასტურებს, რომ მათ მისაღებად მზადაა.

კობა ლეთოდიანს 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე აფხაზეთის ომს გადარჩენილი საღი მარცხენა თვალი დაუზიანდა, მარჯვენა თვალი 1992 წლის 12 ოქტომბერს, ომის დროს, ვერტმფრენს მოხვედრილმა ჭურვმა დაუზიანა.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ავთანდილ თალაკვაძეს, რომელიც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორია და, როგორც 20 ივნისის დაზარალებულები და მათი ოჯახის წევრები ამბობენ, მათი საკონტაქტო პირია საზღვარგარეთ მკურნალობის საკითხებზე. ავთანდილ თალაკვაძემ გვითხრა, რომ მისი სამსახურიდან პრესსამსახური დაგვიკავშირდებოდა ამ თემის კომენტირებისთვის.

პრესსამსახურმა თავისუფლებას აცნობა, რომ მათ გერმანიასთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენისთანავე, დაშავებულთაგან 5 ადამიანი გერმანიის კლინიკებში გააგზავნეს, რომელთაგან ერთი ამ დრომდე იქაა. გერმანიაში შესთავაზეს მკურნალობის გაგრძელება იმ დაშავებულებსაც, რომლებმაც მკურნალობა ისრაელში დაიწყეს, თუმცა მათგან მხოლოდ 2 დათანხმდა და ისინი ნოემბრის დასაწყისში გაფრინდებიან.

რაც შეეხება კობა ლეთოდიანსა და დემეტრე ნაყოფიას, მათთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი არ არსებობს. სახელმწიფო ამბობს, რომ აქტიურად არიან ჩართულები ისრაელთან მოლაპარაკებებში და აცხადებს მზადყოფნას, ისინი გერმანიაში გააგზავნოს.

20 ივნისს, აქციაზე დაშავებულების უმეტესობას ამ დრომდე არ აქვს დაზარალებულის სტატუსი - მათ შორის, არც დემეტრე ნაყოფიას და კობა ლეთოდიანს. მათ მკურნალობას, ვინც აქციის დარბევისას თვალი და მხედველობა დაკარგა, ან მძიმე დაზიანება მიიღო თავის არეში, ფონდი ქართუ აფინანსებს. ამ დროისთვის ასეთი 11 ადამიანია დარჩენილი, რომელთაგან 1 თურქეთში, 1 ესპანეთსა და 7 გერმანიაში მკურნალობს.

2019 წლის 20 ივნისს სპონტანურად გამართულ აქციას, რომელიც სპეციალური დანიშნულების რაზმებმა და პოლიციამ ღამით ძალის გამოყენებით დაშალა, რამდენიმეთვიანი უწყვეტი საპროტესტო ტალღა მოჰყვა.

20-21 ივნისს აქციაზე 275 ადამიანი დაშავდა - აქციის მონაწილეები, ჟურნალისტები, პოლიციელები, პოლიტიკოსები. მათგან 28-ს ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. დაშავებულთა უმეტესობას დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს - პროკურატურამ დაზარალებულად ცნო შსს-ს 78 თანამშრომელი და მხოლოდ 7 სამოქალაქო პირი.

20 ივნისის აქციის დაშლისას სამართალდამცველებმა 3 სახეობის იარაღი გამოიყენეს - 12, 38 და 40 მმ კალიბრიანი თოფები, საიდანაც რეზინის ტყვიებსა და გაზის ჭურვებს ისროდნენ. დემონსტრანტებს ესროდნენ 5 სახეობის ტყვიას და ცრემლსადენი აირის ჭურვებს. საბოლოოდ, გამთენიისას, დემონსტრანტები წყლის ჭავლით დაშალეს.

ასევე ნახეთ: რადიო თავისუფლების სპეცპროექტი: 5 ამბავი - 20 ივნისს დაშავებულები