Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: თუ საჭირო იქნება, მე ვიქნები პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც მივა პროკურატურაში


პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

„მე ვიყავი პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც მივიდა პროკურატურაში და გამოძიებას მისცა ჩვენება, თუ საჭირო იქნა, მე ვიქნები პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ასევე მივა პროკურატურაში და მისცემს ჩვენებას“, - უთხრა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 20-21 ივნისის აქციის დაშლის გამო პასუხისმგებლობის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

როგორც გახარიამ თქვა, საქმეს იძიებს პროკურატურა და ის გადაწყვეტს, რამდენი ადამიანი იქნება დასაკავებელი, ან სად იქნება დასაწყები დევნა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 20 ივნისი იყო გავრილოვის დღე, მაგრამ ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული პოლიციელი, რომელმაც მაშინ შეძლო და დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი, ემსახურა სახელმწიფოს და შეასრულა თავისი ძირითადი მოვალეობები. რა თქმა უნდა, იყო ერთეული გადაცდომები, რომელზეც დევნა დაწყებულია, გამოძიება გრძელდება, თუ იქნება საჭირო ათი ადამიანის დაკავება, დააკავებენ ათ ადამიანს, თუ იქნება საჭირო, დააკავებენ ოცს“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმ პოლიტიკურმა ძალებმაც, რომლებმაც „დააორგანიზეს 20 ივნისის აქცია და ტელევიზიის ეკრანიდან მოუწოდებდნენ ადამიანებს, ძალადობით შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში“.

შეკითხვას, იმსახურებდა, თუ არა პრემიერ-მინისტრობას 20 ივნისის შემდეგ, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ კარგად ესმის ემოციურობა, განსაკუთრებით დღეს, ოც რიცხვში.

„ისიც კარგად მესმის, რომ ემოციურობა პირდაპირ უკავშირდება იმ აქციას, რომელიც დღეს საღამოს არის დაგეგმილი. ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არის დაცული. ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრს ირჩევს პარლამენტი და ამისთვის საჭირო იყო კენჭისყრა. ეს არის და ეს“, - განაცხადა გახარიამ.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ამ აქციის შეწყვეტის პერიოდში დაშავდნენ.

დღეს სამი თვე შესრულდა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტთან გამართული აქციიდან, რომლის დაშლის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. რამდენიმემ თვალი დაკარგა.

XS
SM
MD
LG