Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავრილოვი საქართველოს ხელისუფლებისგან ბოდიშს და „დამნაშავეების“ დასჯას ითხოვს


20-21 ივნისის მოვლენების ერთი წლის შემდეგ რუსი კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი საკუთარ ფეისბუკის გვერდზე ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება მოახერხებს და საბოლოოდ აღკვეთს რევანშისტული ძალების სახელმწიფოს გადატრიალების გეგმებს.

შეაჩერებს მათ, ვინც, გავრილოვის სიტყვებით, „სახელმწიფო გადატრიალების გზით წავიდა და აქციების დროს ანტიმართლმადიდებლურ ლოზუნგებს იყენებდა“.

გავრილოვი ამ მიმართვაში ამბობს, რომ ის მართალია, დაჟინებით არ მოითხოვს ბოდიშის მოხდას, თუმცა მიაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი პირობაა პოლიტიკური ურთიერთობების აღსადგენად და, ამავე დროს, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „დასაჯოს დამნაშავეები“:

„ბინძურ პროვოკაციაში მონაწილე დამნაშავეებმა, რომელთა მიზანი ჩვენი ურთიერთობების დანგრევა იყო, პასუხი უნდა აგონ და დაისაჯონ. ბოდიშიც მოსახდელია, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარია, როგორ აღვადგენთ ურთიერთობებს“.

რუსი დეპუტატის ამ განცხადებას ეხმაურება მოძრაობა „სირცხვილია“, რომელიც დღეს, 20 ივნისს, ისევ მართავს ანტისაოკუპაციო აქციას პარლამენტთან.

როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, ნოდარ რუხაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, სამწუხაროა, რომ რუსი კომუნისტი დეპუტატი ასეთ სინქრონშია „ქართულ ოცნებასთან“.

„მხოლოდ ტექსტი რომ წაიკითხოთ, ავტორის, ხმისა და კადრის გარეშე, იფიქრებთ, რომ გია ვოლსკის, მამუკა მდინარაძის ან ირაკლი კობახიძის მორიგი განცხადებაა 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით.

ჩვენი აზრით, ეს არის კიდევ ერთი შეხსენება იმის, თუ რამდენად დიდ ბრძოლაში ვართ. კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაახსენდება 20 ივნისი“, - გვითხრა ნოდარ რუხაძემ.

„დღეს მოგიხდით ბოდიშს“, - დაწერა მან საკუთარ ფეისბუკის გვერდზე გავრილოვის პასუხად.

2019 წლის 20-21 ივნისს მოქალაქეების პროტესტი რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან სხდომის წაყვანამ გამოიწვია.

კომუნისტი დეპუტატი, რომელსაც ხმა აქვს მიცემული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის, საქართველოში მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფორუმზე იმყოფებოდა.

20-21 ივნისს აქციაზე 275 ადამიანი დაშავდა - აქციის მონაწილეები, ჟურნალისტები, პოლიციელები, პოლიტიკოსები. მათგან 28-ს ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. აქციაზე მიღებული ტრავმის შედეგად ორმა მონაწილემ დაკარგა თვალი, სხვა ორმა თვალი შეინარჩუნა, მაგრამ მხედველობა - ვერა.

იყვნენ ისეთები, ვინც აქციიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მძიმე ტრავმების გამო მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. დაშავებულთა უმეტესობას დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს - პროკურატურამ დაზარალებულად ცნო შსს-ს 78 თანამშრომელი და მხოლოდ 7 სამოქალაქო პირი. აქციის ღამეს დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფოს ნაცვლად ფონდი „ქართუ“ ფარავს.

20 ივნისის აქციის დაშლისას სამართალდამცველებმა 3 სახეობის იარაღი გამოიყენეს - 12, 38 და 40 მმ კალიბრიანი თოფები, საიდანაც რეზინის ტყვიებსა და გაზის ჭურვებს ისროდნენ. დემონსტრანტებს ესროდნენ 5 სახეობის ტყვიას და ცრემლსადენი აირის ჭურვებს. საბოლოოდ, გამთენიისას, დემონსტრანტები წყლის ჭავლით დაშალეს.

საპროტესტო აქციები 20 ივნისის შემდეგ ყოველდღიურ რეჟიმში სამი თვის განმავლობაში იმართებოდა - აქციების მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებულების განთავისუფლება და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა იყო.

3 სექტემბერს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად „ქართული ოცნების” ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.

XS
SM
MD
LG